„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ – ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდა

„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ - ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდადღეს, 15 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ოცამდე მეხანძრე მაშველი და ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე მაშველებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მანქანა ავზებიც ემსახურებოდა.
ცეცხლი სახურავში გაჩნდა, შემდგომ კი 13 კაბინეტზე გადავიდა. ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საჯარო მოხელეების კაბინეტებია განლაგებული. შეხვედრების დარბაზამდე ცეცხლი არ მისულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ორჯონიკიძის თქმით, ცეცხლის გაჩენამდე შენობაში ხმაური იყო:

„ორჯერ შუქი ჩაქრა, მერე მგონი კონდიციონერებს ხმა ჰქონდა და ძალიან სწრაფად ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები აღარ მუშაობენ. დამწვარია შენობის სახურავის ნაწილი და მესამე სართულზე 13 სამუშაო ოთახი.

სამხრეთის კარიბჭე