საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ბიზნესკომპანიების გაერთიანების, “მედეფის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას, თამაშობს ნერვებზე და ცდილობს მოაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც საქართველოს დააკარგვინებს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას.
„ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.
„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი! ჩამოდით საქართველოში და დარწმუნდით, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩამოდით ამ ზაფხულს, ამ ზამთარს და ოთხივე სეზონზე. საქართველო – 5 მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

