ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს პოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით იურისტი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს
– ბატონო შალვა, სულ გვესმის შეფასებები, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ამას რით ხსნით, აღსასრულის მოახლოებას გრძნობენ?
– 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებული აქტიობით არ გამოვირჩეოდი. ვხედავდი გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ ნებისმიერი, თუნდაც მეგობრულად გამოთქმული კრიტიკაც კი, აღიქმებოდა საზოგადოებაში, როგორც ნაციონალების მხარდამჭერის მოსაზრება.
– დიახ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თავიდანვე შუა გაკრიფეს, ან ნაცი უნდა ყოფილიყავი ან ქოცი.
– დიახ, ასე იყო და მეც გარკვეულწილად თავს ვიკავებდი, მაგრამ ამ გაჩუმებამ გამოიწვია ის, რომ მივიღეთ სერიოზული კატასტროფა. ეს არ ვიცი, რით დამთავრდება. ან როგორ მივალთ 2020-მდე.
– სასამართლოში უმძიმესი სიტუაციაა. თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ სასამართლოსთან და იგივეს იტყვით?
– სანამ სასამართლოზე გადავალთ, 20-21 ივნისის მოვლენებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას. შეცდომაზე აპელირებს ხელისუფლება, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს განზრახ გაკეთებული ქმედება იყო. ქუცნაშვილი გაუშვეს ამის გამო, მაგრამ ის რიგითი შემსრულებელი იყო. ეს იყო მეთოდი, როგორ შეეჩვეოდა ხალხი გავრილოვის კობახიძის სავარძელში ჩაბრძანებას და თუ მარტივად გამოვიდოდნენ, ამას შემდეგ სხვა ქმედებები მოჰყვებოდა.
მერე რაც მოჰყვა ამას, ყველამ ვნახეთ. აქციაში მონაწილეებიდან 20 თუ 30 კაცია დაპატიმრებული და თურმე მხოლოდ ერთ პოლიციელს გადაუმეტებია ძალა. მე თავიდანვე გამოვთქვი აზრი, რომ საჭირო იყო დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა. თუმცა ეს არ გაკეთდა და ხელისუფლებამ დაიწყო ხელის გადაგრეხის პრინციპის ამუშავება და უამრავი პოლიტიკური ფიგურაა დაპატიმრებული.
– მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ 20-21 ივნისს უკავშირდება მისი დაკავება, თუმცა საპირისპირო შეფასებებიც გვესმის.
– მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ მან ოქრუაშვილს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პიარი ჩაუტარეს, ის კი ვერ გათვალეს, რომ ოქრუაშვილის დაკავებით მისი პოლიტიკური რეაბილიტირება მოხდა. ამით ოქრუაშვილი უფრო გააძლიერეს.
– ოქრუაშვილის დაპატიმრება მისმა გააქტიურებამ და მისმა განცხადებებმა განაპირობა, თორემ 20 ივნისიდან მთელი თვე იყო გასული, სად იყვნენ მანამდე?
– რუსთავი 2-ს რომ უკავშირდება ოქრუაშვილის დაკავება, ეს ყველასთვის ცხადია. ქიბარ ხალვაშს რომ ეს დოკუმენტი ჰქონდა ხელმოწერილი ოქრუაშვილთან, ვინც ამ საქმესთან ოდნავ მაინც შეხებაში იყო, ეს ყველამ ვიცოდით.
– ანუ თქვენც იცოდით ამ ხელმოწერის შესახებ და რომ ის გაყალბებული არ არის?
– დიახ, ვიცოდი. გაყალბებული ნამდვილად არ არის, ახლა კი არა, რამდენი ხანია, ეს ვიცი. ქიბარ ხალვაშმა ნაცების დროს ვერ გაბედა, თორემ, მაშინაც იყო იდეა, რომ ევროპულ სასამართლოში შეტანილიყო საჩივარი, სადაც ქიბარი იტყოდა, რომ მისი იყო რუსთავი 2 და შემდეგ ოქრუაშვილი იტყოდა სიმართლეს, რომ მისი იყო, რადგან ნაცების დროს ამაზე საუბარს ვერ ბედავდა. საერთოდ ის 7 მილიონი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს გადაუხადეს, ბიძინა ივანიშვილის მიცემული იყო. ამას თუ დეტალებში წავყვებით ჩვენ, ხომ ხვდებით, სად წავალთ.
– სამხარაულის ბიუროში მომხდარმა სკანდალმაც გამოჟონა, მათაც დაადასტურეს, რომ ეს ხელმოწერა ყალბი არ არის. ამან გამოიყვანა ივანიშვილი მწობრიდან და ამიტომ გასცა ოქრუაშვილის დაკავების ბრძანებაო.
– კი, ეს გამჟღავნდა. სამხარაულის ექსპერტებს კარგად ვიცნობ. როგორც ჩანს, არ უნდოდათ გაყალბებაზე წასვლა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება დღეებს ითვლის, ძალიან მალე შეიცვლება. ბავშვიც რომ გააჩეროთ, ისიც ამას გეტყვით, რომ ამ ხელისუფლების პერსპექტივა არის ნული.
და ეს ნაციონალების ბრალი კი არ არის, ეს არის ამ ხელისუფლების ბრალი! ბახტაძემ სადამდე უნდა იძახოს, რომ მიტინგების ბრალია ლარის გაუფასურება?! შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. აზრზე არ არიან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ.
– თუკი მელია სამაჯურით გამოუშვეს, მაშინ ოქრუაშვილი რატომ დატოვეს პატიმრობაში, რა საფრთხეს წარმოადგენდა?
– მაგათმა რა იფიქრეს, იცით? ოქრუაშვილმა ნაცების დროს ხომ უარყო თავისი განცხადებები. ახლა რომელიღაცა გენიოსმა იფიქრა, მოდი, დავიჭიროთ და ოქრუაშვილი უარყოფს რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსო. ეგონათ, რომ უარყოფდა ყველაფერს. ალბათ ევაჭრებიან კიდეც ამაზე ოქრუაშვილს, რომ თუ გინდა, რომ გამოგიშვათ, ეს განცხადებები უარყავიო.
მე არ ვიცი, ოქრუაშვილი რას იზამს და იმედი მაქვს, რომ არ დათანხმდება და მიხვდება და ალბათ იცის, რომ ამათ არ უნდა ევაჭროს. იმდენი და ისეთი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა “ოცნებამ”, რომ მაგათთან ლაპარაკი არ შეიძლება. ამდენი დაპირებით რომ მოხვედით, მთელი 7 წელია, ხელისუფლებაში ხართ. ამას ვიზამ, იმას ვიზამო, რატომ არაფერი ქენი, ხომ გაცალეთ? ვინ შეგიშალა ხელი?!
ამდენი ხანი გაჩუმებული ხომ ვიყავი, ხმა არ ამომიღია, მითხარი, რა გააკეთე ამ 7 წელიწადში?! მეც ნაციონალი ხომ არა ვარ, ეს დედანატირები?! ხომ ხედავ, არაფრის გაკეთება შეგიძლია, ხოდა წადი, ძმაო, სახლში და მოვა სხვა, ვინც გააკეთებს!
– ანუ გარდაუვალია მათი წასვლა?
– რას ლაპარაკობთ, არ წავლენ ნებით, გავუშვებთ ძალით! ერთხელ მომხდარა ეს თუ ორჯერ? ვერ ხვდება ნებით, მივახვედრებთ, სადაა კარი! ბახტაძეს და ზარდიაშვილს უნდა ვუყურო კიდევ ამდენი წელიწადი?! ხომ არ გადაირივნენ ეგენი!
– ყოფილი მოსამართლე ბრძანდებით, აქტიური უფლებადამცველი, თქვენც ფიქრობთ, რომ ხაზარაძის და ოქრუაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პროცესები მათ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება? როგორც კი განცხადება გააკეთა ხაზარაძემ, რომ ის ქმნის პოლიტიკურ მოძრაობას, მაშინვე გააქტიურდა პროკურატურაც, ცოტა შენიღბონ მაინც საკუთარი ქმედება.
– ვერ ნიღბავენ და რატომ, ამასაც გეტყვით. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი არის ერთპიროვნული.
შევარდნაძეს ჰქონდა მართვის როგორი სტილი, იცით? ის ირგვლივ იკრეფდა ჭკვიანებს, უსმენდა ყველას და მერე თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს. ვიღაცის პოზიციას იზიარებდა, ვიღაცისას არა. იქაც პიროვნებაზე მორგებული მართვის სტილი იყო, ცუდი იყო და გეთანხმებით, დასანგრევი იყო.
სააკაშვილიც ვიღაცის აზრს ისმენდა, ვიღაცისას არა, ისიც ცუდი იყო და ისიც დასანგრევი იყო.
ჩვენ გვეგონა, რომ ბიძინა მაგიტომ იყო მაგარი, რომ ინსტიტუციების მმართველობას ქადაგებდა, მაგრამ არა, ბიძინასაც იგივე მართვის სტილი აქვს, როგორც მის წინამორბედებს. მაგრამ რა განსხვავებაა, იცით?/!
– რა?
– შევარდნაძეს ძალიან ჭკვიანი ხალხი ჰყავდა გარშემო. ავიღოთ კობა ნარჩემაშვილი, სულხან მოლაშვილი, რომელიც დღემდე გულზე ადგას ნაციონალების რეჟიმს და ვერ მოინელა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლა წამებით. ამ ხალხზე ვერ იტყვი, რაც უნდა არ მოგწონდეს, რომ უჭკუო ხალხი იყო. სააკაშვილი როგორც უნდა მძულდეს, ადეიშვილზე როგორ ვიტყვი, რომ შტერი იყო. თავად ბიძინამ თქვა, მაგრები იყვნენ ადეიშვილი და მერაბიშვილიო, მან თქვა, მე ხომ არ მითქვამს!
– თვითონ ვინ ჰყავს გარშემო?
– მეც მანდ ვარ! ბიჭო, ბახტაძე რომ გყავს პრემიერ-მინისტრად და უდიპლომო გენერალური პროკურორი რომ გყავს, ამნაირი რამ დედამიწის ზურგზე არ გამიგონია! სულ დებილები რომ გყავს გარშემო, დებილი ვერ მოგიტანს ვერაფერს, ვერაფერს ჭკვიანურს ვერ გეტყვის!
ახლა ეს უდიპლომო გენერალური პროკურორი უნდათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გაათრიონ. დედამიწის ზურგზე ასეთი რამ არ მომხდარა, ისეთ რამეს აკეთებენ.
კუბლაშვილი მომწონდა თუ არ მომწონდა, მეცნიერი მაინც იყო! უდიპლომო კაცი რანაირად დასვეს გენერალურ პროკურორად და რანაირად უნდა დასვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ?! კაცმა იმ დროს ჩააბარა უნივერსიტეტში, როცა არ არსებობდა ეს უნივერსიტეტი. სულ დებილები ჰყავს გარშემო. ერთადერთი ჰყავს გახარია, რომელიც ამათთან შედარებით უკეთესია და ამიტომ იძახიან “ოცნების” წევრები, გახარია რომ წავიდეს, ქვეყანა დაგვექცევაო. ღმერთმა კარგად ამყოფოს და რომ მოკვდეს ეს გახარია, მერე რას აპირებენ?!
– როგორი პირი უჩანს, წავლენ 2020 წელს?
– ეს როგორი მთავრობაა, იცით? თუ ძალით არ გაუშვი, 2020-შიც იქნებიან და 4020-შიც. მოხდება რაღაც, პასუხისმგებლობას ვიღებთ, გპასუხობენ და ბოდიშებს იხდიან. ლარი თუნდაც გახდეს 350, გამოვა ეს ლენჩი ბახტაძე და გვეტყვის, პასუხისმგებლობას ვიღებთო. ოღონდ სახლში არ გაუშვა და ყველაფერზე აიღებენ პასუხისმგებლობას.
– ანუ არსად წავლენ?
– თუ ძალით არ გავუშვით, ესენი საკუთარი ნებით არსად წამსვლელები არ არიან. ისიც არ იციან, პასუხისმგებლობის აღება რას ნიშნავს. გახარიამ რომ აიღო პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობას რომ იღებ, უნდა გადადგე!
თავის ჩადენილ დანაშაულს იძიებენ თვითონვე, ამნაირი არ მინახია არაფერი! ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებენ და არსად მიდიან.
რა, ლარი რომ გაუფასურდებოდა, არ იცოდნენ?! პირველივე დღიდან, როგორც კი 2012 წელი დადგა, უამრავი ინვესტორი შემოდიოდა, მილიარდერები. თვეობით სვამდნენ ამ ხალხს სასტუმროში და გადაწყვეტილებას ვერ იღებდა ვერცერთი მინისტრი. ასეთი ფრაზა დადიოდა მაშინ მინისტრებს შორის – ინიციატივა დასჯადია, არ უყვარს ბიძინას ინიციატივაო.
აქამდე რომ მივიდოდნენ, არ იცოდნენ?! რა შუაშია მიტინგი და ლარი ერთმანეთთან?! 30 წელიწადია, მიტინგები გვაქვს და მაშინ ლარი საერთოდ არ უნდა გვქონდეს!
ესენი ვინ არიან, შევარდნაძე რომ სანატრელი გაგიხდება, რა! იძახონ ახლა, ნაციონალიო, ერთი რომელიმემ გაბედოს და დამიძახოს ნაციონალი, ან მკითხოს, რას აკეთებდი მანამდეო და მე ვანახებ, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი!