ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო თორნიკე, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც პრემიერმა დააანონსა, მართლაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი იყოს? მიხეილ სააკაშვილი მას მეორე როკის გვირაბი უწოდა.
– არ მგონია, რომ საფრთხის შემცველი იყოს. გუდაურის მაგისტრალი ნაკლებად იძლევა ასეთ საფრთხეს. მაგრამ კითხვა მიჩნდება – ამდენი ხანი ავტობანი ხაშურამდე ვერ ჩაიყვანეს და რაღა აუცილებელია ახლა გუდაურს მივადგეთ?! ავტობანის მშენებლობა დაასრულონ. მე ვფიქრობ, ეს უფრო არის ერთგვარი ჟესტი რუსეთისადმი.
– გორის გარშემო სოფლების ოკუპაცია ყოველდღიურობაა ანუ მცოცავი ოკუპაცია ისედაც გრძელდება.
– სწორედ ამას ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, სხვა რომ არაფერი, ეკონომიკურად მოგვახრჩობენ, საქართველოს შუაზე გადაჭრიან. შესაბამისად, ნაკლებად სჭირდებათ გუდაურიდან შემოსვლა. თუმცა, კითხვა მაინც მიჩნდება, რატომ?!
რატომ უნდა დახარჯოს საქართველოს მთავრობამ ამაში ფული. გაცილებით პრიორიტეტული პროექტები არსებობს. მაგალითად, ავტობანი, რომლის მშენებლობა ვერა და ვერ დასრულდა, როდის ჩააღწევს ბათუმამდე, მართლაც ღმერთმა უწყის. მე ეს კითხვა მიჩნდება, თორემ რუსეთს თბილისის ასაღებად იმდენი გზა აქვს, რომ გუდაური რაში სჭირდება.
– ოპოზიციის აზრით, ანაკლიის პროექტისადმი დამოკიდებულებით ხელისუფლება რუსეთს უწევს ანგარიშს. რას იტყვით?
– ანაკლიის პროექტით სპეკულაციები ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. თუმცა, ზოგიერთი ისე ყვირის, ანაკლიის პორტში ამერიკული წყალქვეშა ხომალდები უნდა შემოვიდნენ, რომ შეიძლება რუსეთმა მართლაც დაიჯეროს.
ის, რომ ანაკლიის პროექტის ჩაძირვა რუსეთის დავალებით ხდება, ჩვეულებრივი სისულელე მგონია, მაგრამ ერთი კია, ეს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი სურვილით ვერ ხვდება, რომ ქვეყანას ანგრევს.
ომის დაწყების შესახებ სამარცხვინო განცხადებები სწორედ ამას მოწმობს. ოღონდ ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ჩაძირონ და რის ფასად, ამაზე არ ფიქრობენ. ამით პირველ რიგში ქვეყანას ანგრევენ. მე ამით ვხსნი. თუმცა, დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაშიც არიან ისეთები, ვინც შეგნებულად მუშაობენ, რომ საქართველო რუსეთში დააბრუნონ. რამდენი პროცენტია, ვერ გეტყვით, ალბათ ბევრი.
– ამაზე ღიად და გაცნობიერებულად მუშაობენ?
– დიახ, ზოგიერთი კი.
– თქვენ თქვით, რომ ნაციონალური მოძრაობის გაშავებით “ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს. იგივე სტრატეგიას აამოქმედებს ამჯერადაც წინასაარჩევნოდ?
– რა თქმა უნდა! 7 წელი ამ სქემით მოქმედებდა “ქართული ოცნება” და ახლაც იგივე სქემას ამუშავებს, რომ კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში. გზავნილი ასეთია: ჩვენ არ ვართ კარგები, მაგრამ ესენი ჩვენზე უარესები არიან. ომის დაწყების თემასთან დაკავშირებით რაც ხდება, ამ კონტექსტში ჯდება.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ ველის მოსუფთავება ხდება, რომ ხელისუფლება ტელევიზიების კუთხითაც ალაგებს ვითარებას, მაგრამ სახლში მისულ ადამიანს თუ ცარიელი მაცივარი დახვდება, ლარის კურსი თუ ასე გაიქცევა, რამდენად ექნება მნიშვნელობა ამ დალაგებას?
– პირი და სანახაობის შესახებ ხომ იცით, პურს ვერ აძლევენ, მაგრამ სანახობის უზრუნველყოფას ცდილობენ. ორივე თუ არ არის, ერთი აუცილებელია. ამ შემთხვევაში ეს იქნება სანახაობა. სანახაობა კი ძირითადი ოპონენტის შეძულებაა, მეტი არაფერი. პოზიტივი ნაკლებად.
რა პოზიტივზე უნდა ელაპარაკონ მოსახლეობას, ქვეყნის რომელ წარმატებაზე. უკვე ძალიან გვიანია, რომ “ოცნებამ” პოლიტიკა შეცვალოს. იმედის საფუძველი არ არსებობს. ხომ ვუყურებთ, რომ კვირიკაშვილი სანატრელი გახდა, ეს ხომ ფაქტია.
– 2012 წელს ჰქონდა ასე დალაგებული ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ არჩევნები წააგო.
– გასაგებია, მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო. მაშინ გამოჩნდა რეალური ალტერნატივა, ძლიერი პოლუსი, ფინანსებით უზრუნველყოფილი, რომლის გარშემოც მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. დღეს ალტერნატივა არ ჩანს.
– და ეს ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის პლუსია?
– რეალური პოლუსი არ ჩანს და ცდილობს, კვლავ ორპოლუსიან გარემოში დაგვტოვოს. მართალია, ხაზარაძე გამოჩნდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რეალურად რა უნდა – რეალურად უნდა პოლიტიკაში მოსვლა თუ გამოვაჭრება უნდა.
ნაციონალურ მოძრაობას დასავლეთის ეშინოდა და ანგარიშს უწევდა. მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, “ქართული ოცნება” საერთოდ ვინმეს თუ უწევს ანგარიშს. თავის დროზე ნაცინალურმა მოძრაობამ “მაესტრო” ვერ გამორთო, რადგან დასავლეთს გაუწია ანგარიში. ამათ წითელი ხაზები ნაკლებად აქვთ.
– ივანიშვილის პოლიტიკა სწორად მიგაჩნიათ?
– ივანიშვილს სტრატეგია გაწერილი და დალაგებული აქვს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, მაგრამ აქ სხვა რაღაცაშია საქმე: იმდენად ცუდი გუნდი ჰყავს, რომ ამ სტრატეგიის შესრულება კატასტროფულად ხდება.