ცოტნე გამსახურდია – ”ჩემს მარანში ვიჯექი და უეცრად ჩუხჩუხი გავიგონე… ოცლიტრიანი მანავის მწვანე, შვილივით გაზრდილი, ბოცა გატყდა…”

ცოტნე გამსახურდია - ”ჩემს მარანში ვიჯექი და უეცრად ჩუხჩუხი გავიგონე... ოცლიტრიანი მანავის მწვანე, შვილივით გაზრდილი, ბოცა გატყდა...”ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

”გუშინ, ღამით მოვდიოდი ვარჯიშიდან და ვფიქრობდი: რა იყო “ჩემი” ცხოვრება? რა არის ეს ტიალი საერთოდ? რა გავაკეთე, რა შევძელი ამ წლების მანძილზე? მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბავშვობიდან საკუთარ მე-ს ვებრძოდი… ცნობიერად თუ ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად, ჩემით აღმოვაჩინე და გავიგე ის, რაც კაცობრიობის მასწავლებლებთან წავიკითხე საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ. ვისწავლე დავიწყება… დავიწყება გამოცდილების, მიჯაჭვულობის, საშინელების… ამან თავისუფლება მასწავლა. ეგოსგან, ღმერთებისგან, სტერეოტიპებისგან, კონცეფციებისგან თავისუფლება. გამოცდილებას, რომელიც მართლაც დიდი დამიგროვდა ნებსით და უნებლიედ, არ ვეჯაჭვებოდი, ვთავისუფლდებოდი, რათა ყოველ წრეზე, ყოველ ჯერზე ახლიდან, სუფთა ცნობიერებით დამენახა, თუნდაც იგივე ხაფანგში ჩამებიჯებინა ფეხი. რადგან სამყარო შენი ემპირიული სტანდარტის მიღმაა, ვერცერთი მენტალური ჩარჩო ჭეშმარიტებას ვერ დაიტევს და მხოლოდ ბორკილად იქცევა მისთვის. ალბათ ამიტომაც არასდროს მიდევნია “წარმატებისთვის”, რომლის მიღწევაც საკმაოდ მარტივი რეცეპტებით არის შესაძლებელი… მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეული საეტაპო მომენტებიდან თავდაღმართში მიმაჩნია თავი, ჩემი საყვარელი ხოგაის მინდიას არ იყოს, მაინც ვეცდები კიდევ ერთხელ შევუტიო მწვერვალს, სანამ ამ ციკლიდან ჩემი გვარი და სახელი წავა…

სადღაც მითქვამს, ცხოვრება წიგნია, მისი კითხვა უნდა იცოდე-მეთქი… და აი, გუშღამ, გახდა თუ არა 12 საათი, ჩემს მარანში ვიჯექი და უეცრად ჩუხჩუხი გავიგონე… ოცლიტრიანი მანავის მწვანე, შვილივით გაზრდილი, ბოცა გატყდა. საშინელ ხასიათზე დავდექი, ღვინო ხომ დამექცა, ახლა ამის წმენდა-დასუფთავება არ გინდა? თანაც სრულიად უმიზეზოდ, მოულოდნელად. უცებ რაღაც მომენტში, ცოტა ხანში გამახსენდა, დამიბრუნდა გაცნობიერება: შენ ხომ შეგიძლია ზურგი აქციო შენს გაკეთებულს, არ მიეჯაჭვო შენს ქმნილებას, არ გახდე სიმდიდრის, ამქვეყნიურის, სტერეოტიპის ტყვე? მაშ, რაღა გადარდებს? დანარჩენი კი – ისე, როგორც ზემოთ და კიპლინგის ამ შესანიშნავ ლექსში სწერია… ვთარგმნი როგორმე, როცა ხასიათი მექნება.

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა თქვენ დაბადების დღის მოლოცვისათვის. თუმც ეს დღე ჩემთვის დიდი არაფერია, თქვენი ყურადღება და კეთილგანწყობაა ძვირფასი და ვეცადე უყურადღებოდ არ დამეტოვებინეთ… ❤

“If you can bear to hear the truth you’ve spoken
Twisted by knaves to make a trap for fools,
Or watch the things you gave your life to, broken,
And stoop and build’em up with worn-out tools…”