ვახტანგ ძაბირაძე – “კეზერაშვილის გააქტიურება ნიშნავს, რომ აბსურდში ვცხოვრობთ – გვარამიას დაკავება ხელისუფლებას სარგებელს არ მისცემს”

ვახტანგ ძაბირაძე - "კეზერაშვილის გააქტიურება ნიშნავს, რომ აბსურდში ვცხოვრობთ - გვარამიას დაკავება ხელისუფლებას სარგებელს არ მისცემს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ნაციონალები არ გამორიცხავენ ნიკა გვარამიას დაკავებას. მათი თქმით, ხელისუფლებას არ უნდა, რომ გვარამიამ ახალი ტელევიზია გახსნას. შეიძლება გვარამია დააკავონ?
– გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რას მოუტანს ეს ხელისუფლებას?! რა პლუსის მოტანა შეუძლია “ქართული ოცნებისთვის” გვარამიას დაკავებას?! ერთი, ამით არაფერი შეიცვლება. მეორე, ტელევიზია თუ გასახსნელია, ისედაც გაიხსნება. და, რაც მთავარია, ეს დაკავება ელექტორატის გადანაწილებაშიც არაფერ როლს არ შეასრულებს. ამიტომ, მე არ მესმის, ღირს კი ასე კუთხეში მიმწყვდევა?!
– გამოჩნდა კეზერაშვილი, რომელიც ახალ ტელევიზიაზე საუბრობს. ოქუაშვილის გვარმაც გაიჟღერა. რა ხდება?
– მთელი ეს ქაოსი და აბსურდი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მთლიანად რაშიც არის ჩაფლული ქვეყანა, არჩევნებს უკავშირდება.
ეს საპარლამენტო არჩევნები არის გადამწყვეტი არჩევნები. თან იმ ფონზე, როდესაც ამომრჩევლის 60% გადაუწყვეტელია და ახლის მოლოდინშია. ამიტომ, ეს ყველაფერი მიმართულია მესამის წინააღმდეგ. მთელი ეს იწილო-ბიწილო, რასაც ვუყურებთ, ორპარტიული სისტემის დარჩენისთვის არის.
21-ე საუკუნეში ინფორმაციის დახშობის მცდელობა განწირულია. საბჭოთა კავშირში ხალხი ლამის სიცოცხლის ფასად “ამერიკის ხმას” და რადიო “თავისუფლებას” უსმენდა და ახლა, როდესაც ინტერნეტი არსებობს, ყველას საკუთარ ტელეფონში აქვს პირადი ტელევიზია მოწყობილი, როგორ შეიძლება ტელევიზიებს ომი გამოუცხადო?!
დღეს მედიის კონტროლი არაფრის მომცემია. სააკაშვილსაც ეგონა, მოვასუფთავებ საინფორმაციო ველს, ყველა ტელევიზიას დავიქვემდებარებ და ვიქნები ასე უზრუნველყოფილო, მაგრამ უშველა კი?! რაღაც ზღვარი დგება, რომლის იქით, უბრალოდ, არაფერი არ მუშაობს.
ასე იყო ყველა ხელისუფლება, ასე იყო შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ისინიც ასე ფიქრობდნენ, რომ მუდამ იქნებოდნენ, რომ შეუცვლელები იყვნენ. ორი ნაბიჯით უკან არ იყურებიან, წინამორბედის შეცდომებსაც კი ვერ იაზრებენ.
– კეზერაშვილის გააქტიურება თქვენთვის რა მესიჯია?
– პირველ რიგში იმის, რომ აბსურდში ვცხოვრობთ. ეს კაცი, საქართველოს კანონმდებლობით, ბრალდებულია. მართალია, ფრანგულმა სასამართლომ რაღაც ეპიზოდში გაამართლა, მაგრამ საქართველოდან როგორ არის წასული კეზერაშვილი, ხომ ვიცით?!
ასევე ხომ ვიცით, როგორ გახდა უცებ მილიონერი, თუ მეტი არა?! არადა, ვინ იყო, თავდაცვის მინისტრი, მეტი ხომ არაფერი! როგორ იშოვა ეს მილიონები, როგორ დააგროვა იმხელა ფული, რომ ახლა ტელევიზია გახსნას. თან ვისთან არის, სააკაშვილთან თუ ვისთან?!
– თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვისთან არის?
– სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის შავმა კატამ რომ გაირბინა, ეს ცნობილია. სააკაშვილმა კეზერაშვილზე რა ილაპარაკა, ესეც ცნობილია. რატომ გააქტიურდა ის ასე უცებ, რა მიზანი აქვს? ერთი სიტყვით, ეს დიდი აბსურდი სწორედაც რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ასეთი ქაოსი ნამეტანია.
– ხაზარაძე რამდენად შეძლებს მესამე ძალად ჩამოყალიბებას?
– ხაზარაძეს აქვს პოტენციალი, რომ მესამე ძალად ფორმირდეს, მაგრამ მანამდე მან კიდევ ბევრ გამოცდას უნდა გაუძლოს და კიდევ ბევრი გზაც უნდა გაიაროს.
კარგი და წარმატებული ბიზნესმენობა სულაც არ ნიშნავს კარგ და წარმატებულ პოლიტიკოსობას. ამის არაერთი მაგალითი გვქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთი სიტყვით, ხაზარაძეს ბეწვის ხიდის გავლა მოუწევს. თანაც, დღეს მამუკა ხაზარაძე არ არის იმ წონის ფიგურა, რაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი იყო. ივანიშვილს ერთგვარი მითი ახლდა თან. მაშინ ბევრმა ფაქტორმაც იმუშავა და იქონია გავლენა. ასევე, ისიც ვიცით, რომ ისტორია არ მეორდება. ვნახოთ.
– თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ელექტორატის დაახლოებით 60% ვერც ერთ პარტიასთან ვერ ახდენს იდენტიფიცირებას და ამიტომ სახლში რჩება. გამოდის, რომ ახალ ძალაზე მოთხოვნა არის.
– დიახ, მოთხოვნა არის. ასევე ისიც კანონზომიერია, როდესაც მოთხოვნა არის, მიწოდებაც ჩნდება. თუმცა, ერთ ფაქტორზეც გავამახვილებდი ყურადღებას. მე მეშინია, რომ მესამე ძალა გამოჩნდეს და ამომრჩეველში ისევ მორიგი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ეს უკვე ძალიან რთული იქნება ზოგადად.
თუმცა, ასევე არის სერიოზული საშიშროება, ორპარტიული არჩევნების შემთხვევაში, თუ არჩევანი ასეთი იქნება და სხვა გზა აღარ დარჩება, ნაციონალები თუ “ოცნება”, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში.
– ძალიან მყიფეა პოლიტიკური სიტუაცია, რამდენად აკონტროლებს ივანიშვილი პროცესებს?
– მძიმე რეალობაა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის. აკონტროლებს თუ არა პროცესებს ივანიშვილი? კი, თავის პარტიაში და ხელისუფლებაში აკონტროლებს, მაგრამ ცუდად აკონტროლებს.
ახლა ივანიშვილის ამოცანაა, მისი საპირწონე კვლავ ნაციონალური მოძრაობა იყოს და მეტი არავინ. კვლავ აქეთკენ მიჰყავს სიტუაცია. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს არჩევნები. ამ შემთხვევაში ივანიშვილის მთავარი საპირწონე ნაციონალური მოძრაობა იქნება და ის კვლავ ეცდება ძალაუფლების აბსოლუტურ შენარჩუნებას.
თუმცა, შემოდგომისთვის, ალბათ უფრო სექტემბრის ბოლოსთვის, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება – პოლიტიკურ ველზე ისევ რჩებიან ნაციონალები და “ოცნება” თუ ახალი მოთამაშე შემოდის.
კონტურები უფრო გამოიკვეთება.