“ალანიას გაყვანა სულში ჩაფურთხება იქნება უკანონოდ დასჯილი ადამიანებისთვის”

“ალანიას გაყვანა სულში ჩაფურთხება იქნება უკანონოდ დასჯილი ადამიანებისთვის”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი აღშფოთებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად სააკაშვილისდროინდელი, ნდობადაკარგული მოსამართლეების პარლამენტში წარდგენით. ამ თემაზე დავით ლილუაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო დავით, რამ აღგაშფოთათ, რატომ ხართ გაოგნებული თამარ ალანიას განცხადებებით?
– 2010 წელს ალანია სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა ე.წ. მუხროვანის საქმეს. თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. კარგად მახსოვს მისი დამოკიდებულება დასახელებული საქმის მიმართ. მან ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია, არც ერთი მტკიცებულება და მოწვეული ექსპერტების დასკვნები არ გაიზიარა.
– ასეთი მიდგომა წინა ხელისუფლების პირობებში ჩვეული ამბავი იყო.
– დიახ. პირველ ინსტანციაში ამ საქმეს მოსამართლე კოპალიანი განიხილავდა. ალანიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი და საკმაოდ დიდი სასჯელებით ხდებოდა ხოლმე განაჩენების გამოტანა.
– 20-30 წლიანი პატიმრობას უსჯიდნენ.
– ალანიამაც დიდი სასჯელები დაუტოვა ბრალდებულებს, რაც პირველი ინსტანციის განაჩენით იყო დადგენილი. დაცვის მხარე გათავისუფლებას ითხოვდა. ალანიას ხომ შეეძლო, ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, 1 წელი, ან 6 თვე ჩამოეკლო ამ უდანაშაულო ადამიანების სასჯელისთვის, მაგრამ ძალაში დატოვა უმაღლესი სასჯელები. პოლიტპატიმრები კობალაძე, ამირიძე და გორგიაშვილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ისხდნენ მიხეილ სააკაშვილის გულაგებში.
– ანუ მოსამართლე ალანია პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარებოდა?
– ისევე, როგორც სხვა ოდიოზური მოსამართლეები, ალანიაც ცდილობდა, რეჟიმს მომსახურებოდა და ასრულებდა მაშინდელი რეჟიმის განკარგულებებსა და დირექტივებს.
– ალანიამ განაცხადა, დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდიო.
– სხვა საქმეებზეც ასეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ერთ-ერთი ყუფარაძის საქმე იყო. ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებითაც თითქმის იგივენაირად მიმდინარებდა პროცესი.
– სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობდნენ, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად რატომ არიან წარდგენილი?
– ჩემი ემოციური დამოკიდებულება გამოწვეულია სწორედ ამ ფაქტის გამო. გაუგებარია, რაში დასჭირდა ამ ხელისუფლებას, მით უმეტეს, რეფორმების ფორმატში, სასამართლო ხელისუფლებაში ისეთი ოდიოზური მოსამართლეები დაეტოვებინა, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის კონიუნქტურასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამიტომ ვარ აღშფოთებული.
– პარლამენტი ალანიას მხარს დაუჭერს? კრიტიკული გამოსვლები და კითხვები იყო თვითონ უმრავლესობის მხრიდანაც.
– დიახ. ალანიას მიმართ კრიტიკული კითხვები იყო მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც. თუ პარლამენტი ალანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს, სამარცხვინო გადაწყვეტილება და სულში ჩაფურთხება იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს, ალანიასთანა მოსამართლეების გამო, უმაღლეს სასჯელებს იხდიდნენ.
– ზოგადად, ბევრი მოსამართლე იყო დადანაშაულებული, რომ მათ არაკანონიერი განაჩენები გამოიტანეს და ქვეყანას ასეულობით პოლიტპატიმარი ჰყავდა.
– ამიტომაც გვყავდა 200-მდე პოლიტპატიმარი და 85 პოლიტდევნილი.
– გამოსავალს რაში ხედავთ? ამ ხელისუფლებას მთელი მოსამართლეთა კორპუსი სახლში უნდა გაეშვა?
– არა, ეს გააკეთა სააკაშვილმა, როდესაც მთელი მოსამართლეთა კორპუსი სახლში გაუშვა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, სერიოზული განცხადებები კეთდებოდა და, თუ გახსოვთ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შექმნილიყო.
– დიახ, შემდეგ პროკურატურაში დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ამგვარ საქმეებს სწავლობს.
– მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია რომ შექმნილიყო, გამოიკვეთებოდა მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების როლი, რომლებმაც მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები, გამოიტანეს უკანონო განაჩენები. აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.
სამწუხაროდ, ეს ინიციატივა არ განხორციელდა. ამ გზით შეიძლებოდა გარკვეულ დანაშაულობებში მხილებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან გაშვება. სასამართლო სისტემაში იყვნენ და არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ.
– უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესშიც ხომ შეიძლებოდა გაცხრილვა თუ უარის სათქმელად გახმაურებულ საქმეებზე უკანონო განაჩენების გამოტანა იქნებოდა ერთ-ერთი კრიტერიუმი?
– რა თქმა უნდა. ახლანდელი სია იუსტიციის საბჭომ შეადგინა. კანდიდატები იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა შეარჩიეს. არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ ამ სიაში იმ პირების მოხვედრას, რომლებსაც წლების განმავლობაში უსამართლო და უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ, მაგრამ ხმათა უმრავლესობით ის სია გაიგზავნა პარლამენტში, რაც წარმოდგენილია.
– იუსტიციის საბჭოს ის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევაზე მუშაობდა, საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია. მათ მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები როგორ იქნებიან ნდობის მანდატით აღჭურვილნი?
– გარკვეული ინსტიტუტის მიმართ, ანუ იუსტიციის საბჭოს მიმართ უნდობლობაა. ის დაკომპლექტებულია ისეთი მოსამართლეებით, როგორიც არის, მაგალითად, მიქაუტაძე, ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი სიაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.
– თვითონ იუსტიციის საბჭო ხომ არ იყო სრულიად ახალი კადრებით დასაკომპლექტებელი?
– შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლებოდა.
– უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლეს, ალბათ, როგორღაც შეარჩევენ ძველი და ახალი მოსამართლეებიდან, მაგრამ მომავალში სასამართლოსადმი ნდობა როგორ უნდა აღდგეს?
– სასამართლო ხელისუფლებაში გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ცვლილებებია საჭირო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო. რადგან სათავეშია პრობლემები, ე.ი. იქ არის პრობლემა გამოსასწორებელი.
– იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაა საჭირო?
– აუცილებლად. იუსტიციის რეფორმირება და საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რადგან საზოგადოებაში არის უკმაყოფილება იუსტიციის საბჭოს და, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების მიმართ.