ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
19 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა აქცია-პერფონმანსი გამართეს, რითაც ზურაბიშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
“ახალი თაობა” აქციის ორგანიზატორ ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.
– ალეკო, ძირითადად რას უკავშირდებოდა თქვენი პროტესტი, პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალების საკითხს? როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, რა მოსაზრება გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– ჩვენ გვქონდა აქცია-პერფორმანსი. განვასახიერეთ და ქუჩაში გამოვიტანეთ ის, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ათონელის რეზიდენციის კაბინეტებში ხდება. ჩვენ დავწერეთ დაფაზე ინდმეწარმე პრეზიდენტი, საშემოდგომო ფასდაკლება შესაწყალებლად და ჩამოვწერეთ ტარიფები: მკვლელის, ძებნილის, ნარკომოვაჭრის, მექრთამის.
პრეზიდენტს შემთხვევით არ შეუწყალებია სამი მსჯავრდებული მკვლელობაში, ერთი ძებნილიც. აქ ფული გაკეთდა, ძალიან დიდი ფული.
– კორუფციის ნიშნებს ხედავთ ამ საქმეში?
– რა თქმა უნდა, კორუფციასთან გვაქვს საქმე, ვინც ზურაბიშვილს მაგიდაზე დაუდო ის სია, მას ამაში დიდი ფული აქვს გაკეთებული. ამას პატარა ბავშვიც ხვდება და საქმეში სრულიად ჩაუხედავი ადამიანიც, რომ ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ შეწყალების კომისია გააუქმა სალომე ზურაბიშვილმა 9 თვის წინ და 9 თვის განმავლობაში თითქოს ვერ მოძებნა 11 ადამიანი.
– რა პრინციპით მუშაობენ, როგორ ხდება შერჩევა იმ სიის, ვინც პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს?
– ძალიან უსინდისო რამ თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა და ამის გამო ის უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. მან თქვა, კრიტერიუმები არის დასახვეწიო. მე პირადად და სხვებმაც, ვინც ვიყავით ამ ამბავში ჩართულები, სისხლი ჩავაქციეთ იმას, რომ ეს კრიტერიუმები ადამიანური გამხდარიყო. უზარმაზარი შრომა ჩავდეთ, იმიტომ, რომ შეწყალების კომისიის დებულება არის დოკუმენტი, რომელშიც თითო სიტყვა აწონილ-დაწონილი უნდა იყოს. შეწყალების კომისიას რომ ემუშავა და შეწყალების კომისიის კრიტერიუმები და დებულება ამოქმედებული რომ ყოფილიყო, ვერც იმ მკვლელობაში 3 მსჯავრდებულის და ვერც ძებნილის საქმე პრეზიდენტის მაგიდაზე ვერ აღმოჩნდებოდა.
– რატომ?
– შეწყალების კომისიის დებულებაში პირდაპირ წერია: შეწყალების კომისია მსჯელობს მხოლოდ საქართველოს საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებზე! შესაბამისად, ძებნილების საქმე გვერდზე გადაიდებოდა და პრეზიდენტის მაგიდაზე ვერ მოხვდებოდა.
ახლა იმ სამი მსჯავრდებულის საქმე ვნახოთ, მკვლელობაში რომ არიან მსჯავრდებულები, პოლიციელის მკვლელიც და დანარჩენი ორი ადამიანიც. შეწყალების კომისიის დებულებაშიც და იმ კრიტერიუმებშიც, რომელიც ასევე ხარვეზიანი ჰგონია სალომე ზურაბიშვილს, პირდაპირ წერია, რომ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელთაც ხუთ წელზე მეტი აქვს საპატიმრო სასჯელი მისჯილი, საპატიმრო ვადის ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი და მხოლოდ ამის მერე აქვს განცხადების დაწერის უფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამ სამიდან კი არც ერთს არ ჰქონდა სასჯელის ნახევარი მოხდილი.
– ითქვა, რომ მესამედიც არ ჰქონდათ.
– დიახ, მესამედიც არ ჰქონდათ და, შესაბამისად, იმ კრიტერიუმების მიხედვით, შესაწყალებელთა სიაში ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ ეს მკვლელობაში მსჯავრდებულები.
ამიტომ, კრიტერიუმების ხარვეზი და პრობლემა კი არ არის, სალომე ზურაბიშვილია ხარვეზი და პრობლემა! ვიღაცამ შეგნებულად გააუქმებინა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების კომისია, გვერდზე გადაადებინა კრიტერიუმები და დადგა დაზგა და დახლი იქ!
და რაზეც პერფორმანსი გვქონდა, ზუსტად ის დაიწყეს იქ – ვაჭრობა ადამიანების ბედით. ძებნილზე ამდენი გადაიხადე, მკვლელზე ამდენი გადაიხადე და ასე შემდეგ. აი, ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ.
– ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? ოპოზიციის ერთი ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.
– ღირსების ნატამალი რომ ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობა დატოვებული ექნებოდა. რომ გვეუბნებოდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობასო, პასუხისმგებლობის აღება უპასუხისმგებლობა კი არ არის, პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს გადადგომას.
უნგრეთის პრეზიდენტი ამხილეს ჟურნალისტებმა პლაგიატში, მას სხვისი დისერტაცია ჰქონდა გადაწერილი. ეს კაცი გამოვიდა, ბოდიში მოიხადა, თქვა, ვიღებ პასუხისმგებლობასო და გადადგა თანამდებობიდან.
პასუხისმგებლობას ვიღებ და არხეინად ლოპოტაზე ვაგრძელებ ზაგარის მიღებას, ეგრე კი არ არის. პასუხისმგებლობის აღება კონკრეტულ ქმედებას ნიშნავს. თანაც აქ საქმე გვაქვს არა შემთხვევისთობასთან, არამედ კორუფციასთან!
– ზურაბიშვილმა არ დაასახელა სხვა პირები. ცხადია, ეს საქმეები ვიღაცამ მიაწოდა, ხელს აფარებს ვინმეს?
– მეც ზუსტად მაგას ვამბობ, ძებნილის საქმე როგორ მოხვდა პრეზიდენტის მაგიდაზე?! მეც ვმუშაობდი იქ და ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი.
– რა იცით?
– რა და ეს საქმე კონკრეტულმა ადამიანმა შეუტანა. ადრე მე შემქონდა პრეზიდენტთან, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, დამუშავებული სია, შემდეგ შეჰქონდა ზვიად ქორიძეს, ახლა შეაქვს ვიღაცას. უნდა დადგინდეს, ეს ვიღაც ვინ არის და რატომ შეიტანა სამი მკვლელის და ერთი ძებნილის საქმე?!
– და ვინ არის ეს ვიღაც?
– არის ხმები და ჩემი წყაროებიც ზუსტად მეუბნებიან, რომ ის, ვინც მივიდა და მაგიდაზე დაუდო ეს საქმეები პრეზიდენტს, გახლავთ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
მე ჩემი წყაროები მყავს, შეწყალების კომისიაში ვმუშაობდი და ჩემი წყაროებით დასტურდება, რომ შეწყალების კომისიის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულების საქმეები ხელში ებარა და შეწყალების ხაზი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელში ჰქონდა აღებული დიმიტრი გაბუნიას, რომელსაც არც მანამდე ჰქონდა კეთილსინდისიერი ადვოკატის რეპუტაცია.
ეტყობა, როგორც მგელს ცხვრის ფარა არ უნდა ჩააბარო, ასე არ უნდა ჩააბარო ასეთ ადამიანს ასეთი საკითხები. ოღონდ ამაზე ჩვენ კი არ უნდა ვმარჩიელობდეთ, ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პრეზიდენტი გადამდგარი უნდა იყოს და გამოძიება უნდა ჰქონდეს ანტიკორუფციულ სამსახურს დაწყებული.
– ალეკო, მორატორიუმი გამოაცხადა პრეზიდენტმა შეწყალებაზე, ამაზე რას იტყვით?
– ეს კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობაა, რას ნიშნავს მორატორიუმი, საკუთარი უფლებამოსილება შეიჩერა იმიტომ, რომ კორუციაშია გახვეული?! ეს აუხსნელია საერთოდ. რისთვისაც ხელფასს იღებს, იმ საქმის ნახევარი შეიჩერა?! ეგეთი რაღაცა გაგიათ?!
მაგის ფუნქცია ის არის, რომ უცხოეთში იაროს და შეწყალება უნდა განახორციელოს და 50%-ს თავისი უფლებამოსილების თვითონვე იჩერებს. რა მაგარიაა… საერთოდ წამოწვეს და საერთოდ გამოიცხადოს თავის თავზე მორატორიუმი, დავისვენებთ მაინც და სანერვიულო და საფიქრალი მაინც არ გვექნება, აზერბაიჯანთან ურთიერთობა არ დაგვეძაბება და ნატოზე სისულელეებს არ ილაპარაკებს და ასეთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს მაინც არ მიიღებს.
– თავიდანვე იყო საუბარი, რომ ნაღმივით არის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა და რომ ის აუცილებლად აუფეთქდება “ოცნების” ხელისუფლებას. ასეც მოხდა?
– თუ გინდათ, ამოიღეთ ჩემი ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, სადაც ვამბობ, რომ ივანიშვილმა არ იცის, რა თავსატეხი გაიჩინა სალომე ზურაბიშვილის სახით-თქო და სიტყვასიტყვით მაქვს ნათქვამი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ქალი თავისი ვადის ამოწურვამდე ვერ მიაღწევს-თქო.
აგერ მე და აგერ თქვენ. ჯერ ერთი წელი არ არის გასული და რეები დაატრიალა.
– ფიქრობთ, რომ ვერ მიაღწევს ვადის ამოწურვამდე?
– ვერ მიაღწევს! ეს საქმე ხომ გაიქექა. ამ საქმეს პირადად მე არ მოვეშვები, გავხსნით ბოლომდე და გავარკვევთ, რეალურად რა მოხდა. რამდენ ხანს დაიმალება ეს დიმიტრი გაბუნია. ამას აუცილებლად გავარკვევთ.
ყველაფერი უნდა გაირკვეს, რა მოტივით, როგორ, ვინ რამდენი გადაიხადა. სირაქლემას პოზაში ყოფნა დიდხანს არ გამოუვათ. რაც უფრო გაწელავენ, მით უფრო რთულად წავა ეს ქალი.
მოუწევს ვადაზე ადრე წასვლა, ის ახლა უკვე არის საიპიჩმენტო საქმეში გახვეული. თუ დადასტურდა, რომ მან იცოდა, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, საერთოდ დასაჭერია სალომე ზურაბიშვილი, თუ დადასტურდა, რომ არ იცოდა, ხელს რაზე აწერდა, ესეც იმპიჩმენტის საფუძველია.
ხელს რაზე აწერ, პრეზიდენტი რომ ხარ, ადამიანების ბედი რომ წყდება და ციხის კარი რომ უნდა გაიხსნას და მკვლელებს თავისუფლად სიარულის საშუალება რომ უნდა მიეცეს, ამას პრეზიდენტმა ცოტა ჭკუა ხომ უნდა დაატანო?! ბრმად აწერ ხელს, რა, ნინიას ბაღია, რა, მეგობრობის დღიურში აწერდა ხელს?!
ეს საქმე წინ აუცილებლად წავა და ასე მარტივად არ შერჩებათ ეს ამბავი! ეს არის საიმპიჩმენტო ამბავი, დღეს არ იქნება, ხვალ იქნება!