ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოსახვევში ერთი ტრაილერი მეორეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი მძღოლი დაშავდა.
ინციდენტი დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
„ერთ ტრაილერს მეორეს უკანა მხარეზე ჰქონდა დარტყმული. როგორც ჩანს, ორივე ერთი მიმართულებით მოძრაობდა. ამ მოსახვევში ხშირია ტრაილერების გადაბრუნების შემთხვევები“, – ამბობენ ასპინძაში.
შემთხვევის შედეგად, შუახნის კაცი, ტრაილერის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ ასპინძის საავადმყოფოში მიიყვანა, იქიდან კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„ახლახანს შემოიყვანეს, უკონტაქტო არ არის, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გაკეთდება გამოკვლევები, რენტგენი და შემდეგ გავიგებთ დაშავების სიმძიმეს”, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.
საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სამხრეთის კარიბჭე

