დავით ჭიჭინაძე – “დასასჯელი ჩუგოშვილი იყო, კობახიძე კი არა”

დავით ჭიჭინაძე - “დასასჯელი ჩუგოშვილი იყო, კობახიძე კი არა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, მმართველ პარტიას პოლიტიკური ცხოვრება სკანდალიდან სკანდალამდე უწევს. რა მოლოდინი გაქვთ, “ქართული ოცნება” როგორ მივა არჩევნებზე?
– ფილმიდან იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი ფრაზა მახსენდება: “არ მინდა ფინიში”! ალბათ ცოტა ხანში “ქართული ოცნება” ასე იქნება: არ მინდა არჩევნები! ამ ერთ წელიწადში კიდევ რა დაგვატყდება თავს, არავინ იცის. ეს მათი არჩევანი იყო. ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს, ის თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ამით ხალხმა ყველაფერი თქვა. მე ამაზე ძალიან ვწუხვარ. გუნდის შიგნით კრიტიკა ვერ აიტანეს, სამაგიეროდ, მლიქვნელების დრო დადგა. ამით არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია და ვერც ესენი მოიგებენ.
– პრემიერი გახარია აცხადებს, რომ ის იქნება პირველი პრემიერი, ვინც თუ საჭირო გახდება, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მივა. ელოდებით გამოძიების შედეგებს?
– პროკურატურაში სიარულით საქმე რომ კეთდებოდეს, რა გვიჭირდა. ჩვენების მიცემა კი არ არის მთავარი, ამ ჩვენებას რა რეაქცია მოჰყვება, ეს არის მთავარი. შეიძლება პროკურატურაში მივიდეს, როგორც რევიზორი. ეს ხომ ჩვენ არ ვიცით. პრაქტიკულად პროკურატურა უმოქმედოა, პოლიტიკური ერთგულებით არის დაკავებული.
არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ რეალურად დამოუკიდებელი უწყება არ გახდება პროკურატურა. სანამ ქვეყანაში მთავარი განმსაზღვრელი სამართლიანობა არ იქნება, მანამდე ამ მდგომარეობაში ვიქნებით.
– კალაძემ თქვა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს. პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე დაისაჯა, თანამდებობიდან გადააყენეს.
– კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ის იყო ჩვენი ხალხის დასჯა. დასასჯელი კობახიძე კი არ იყო, ის იყო, ვინც ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია იცოდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა და თავიდან ბოლომდე გაწერილი ინფორმაცია ჰქონდა.
– ვიზე მიანიშნებზე?
– პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერზე, რომელმაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, თურმე როგორი შეურაცხმყოფელი იყო გავრილოვის ჩაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
– თამარ ჩუგოშვილზე საუბრობთ?
– დიახ. პირადად ის ესწრებოდა იმ შეხვედრას, სადაც ამის შესახებ ინფორმაცია იქნა მიწოდებული პარლამენტისთვის. არასასიამოვნო პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში – ეს ინფორმაცია პირდაპირ ითქვა იმ შეხვედრაზე. ეს მაინც არ იყო ოპოზიციის ინფორმაცია. რაც მოხდა სამ დღეში, კი ვნახეთ. მან ყველაფერი იცოდა და დღის წესრიგი ჰქონდა. თუმცა, მერე საქართველოდან წავიდა და იქიდან აკეთებდა განცხადებას, როგორი სირცხვილიაო.
– ბატონო დავით, როდესაც სამთავრობო ცვლილებებზე პრესა ინფორმაციას ავრცელებდა, პოლიტოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ახლა თუ მოხდებოდა სამთავრობო ცვლილებები, მაშინ მას ვადამდელი არჩევნები მიებმებოდა. რამდენად მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნები?
– სიმართლე გითხრათ, ეს სამთავრობო ცვლილებები უფრო იმ რეორგანიზაციასთან არის დაკავშირებული, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა წინასაარჩევნოდ, ვიდრე ვადამდელ არჩევნებთან. თუმცა, არც არაფერი არ არის გამორიცხული.
– რა რეორგანიზაციაზე საუბრობთ?
– რამდენიმე სამინისტროს დამატებას აპირებენ. დამატებას თუ აღდგენას. საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენაზე და განათლებისა და კულტურის სამინისტროების ისევ გაყოფაზე. მთავრობის სტრუქტურული ერთეული იცვლება. ბახტაძის პრემიერობის პირობებში ეს რეორგანიზაცია უფრო გაუჭირდებოდათ და ამიტომ გადაწყვიტეს, ეს სამთავრობო ცვლილებები დაჩქარებულიყო. ამან მოახდინა ფორსირება.
მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება, განათლების სამინისტროს ცალკე გამოყოფა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ნაბიჯია. საარჩევნოდ მაინც რომ უწევთ ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა, კარგია.
– “ოცნებამ” დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია?
– არა, როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებები დასრულდება, “ქართული ოცნება” იმ წუთში დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. ახლა რაიონ-რაიონ რომ დადიან და ხალხს პროპორციულ არჩევნებზე რომ ელაპარაკებიან, თითქოს დიდი შვება იყოს ხალხისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ამ სისტემამ დიდი ძვრები და დიდი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას.
პროპორციული არჩევნები ერთ კაცს ამოფარებული არჩევნებია. ამომრჩევლის წინაშე მაჟორიტარი დეპუტატი სხვა პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე სიას ამოფარებული.