დიმიტრი ბიძინაშვილი – “გახარიას გაპრემიერება ივანიშვილს ძვირად დაუჯდება”

დიმიტრი ბიძინაშვილი - “გახარიას გაპრემიერება ივანიშვილს ძვირად დაუჯდება”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს
– დიმიტრი, 20 ივნისს დასრულდა თქვენი ორგანიზებული აქციები. კეთდება შეფასებები, რომ ამ შემთხვევაში გახარიამ გაიმარჯვა, რადგან მისი გადაყენება ვერ შეძელით.
– ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რაღაცა პროცესებში გამარჯვებას მიაღწია და ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”, არის თავშივე დამარცხებული, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდებისგან სულ ახალ-ახალი ჯგუფები იქმნება. აქამდე “სირცხვილია” იყო, ახლა “შეცვალე” შეიქმნა. ეს ახალგაზრდები აპირებენ, გამუდმებით დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას და ეს არ იქნება ერთჯერადი.
ჩვენ ვნახეთ უკვე აქციები, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან. ის, რომ რაღაცა გაჩერდა და პროცესები შეჩერებულია და ვიღაცამ გაიმარჯვა, არის თავშივე ტყუილი და მცდარი მოსაზრება. ამიტომ გეუბნებით, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება ბიძინა ივანიშვილს ძალიან ცუდად დაუჯდება, აუცილებლად გადაიყოლებს მასაც და “ქართულ ოცნებასაც”.
– კვლავაც აპირებთ, დისკომფორტი შეუქმნათ ხელისუფლებას?
– ასე იქნება. არაფერი არ დამთავრებულა და სადაც გახარია მივა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან, სადაც პრეზიდენტი იქნება და სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება, ყველგან მივალთ და ყველგან გავაპროტესტებთ გიორგი გახარიას და 20 ივნისის მოვლენებს.
უამრავი დანაშაული აქვს “ქართულ ოცნებას” ჩადენილი. მათ შორის თუნდაც მაჩალიკაშვილის საქმე, თუნდაც ის, რომ ამდენი გამოუძიებელი და გახმაურებული საქმე დაგროვდა, მუხთარლის საქმე იქნება ეს თუ სხვა, რომელიც მრავლადაა. აი, ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ დროსა და საშუალებას.
– მაჩალიკაშვილი ახსენეთ და სასამართლომ მისი ძმისშვილიც და დანარჩენებიც, ვინც 20 ივნისის საქმეზეა დაკავებული, კვლავ პატიმრობაში დატოვა. ისინი პოლიტპატიმრები არიან?
– 20 ივნისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს პირად პატიმრობაში ჰყავთ გავრილოვის ტყვეები. ის ადამიანები, რომლებმაც გავრილოვი გააგდეს და სახე შეუნარჩუნეს ქვეყანას, რომლებმაც გააპროტესტეს ოკუპაცია და დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი, ადგნენ და დაიჭირეს.
ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, გმირები, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. “ქართული ოცნება” მალე დასრულდება და ეს ადამიანებიც მალე დატოვებენ საპატიმროებს. მოდის არჩევნები და “ოცნება” ამ არჩევნებს ვეღარ მოიგებს, ეს გამორიცხული ამბავია!
– თუმცა “ოცნება” სწორედ იმისთვის ემზადება, რომ დარჩეს მესამე ვადით.
– ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს მთავრობა საზოგადოებას დაშორდა, ხალხში არ გამოდის და ისევ ის განწყობები ჰგონია, რაც იყო 2013 წელს და 2014 წელს. ადამიანებს უკიდურესად უჭირთ და უაღრესად გაბრაზებულები არიან ხელისუფლებაზე.
ის, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” 2018 წელს, როდესაც დაშინებით მოსყიდვით და შანტაჟით მიაღწიეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, ახლა აღარ გამოუვათ.
– პრეზიდენტი ბოლო პერიოდია, სერიოზულ სკანდალშია გახვეული. რას იტყვით ამ შეწყალების შესახებ?
– ბიძინა ივანიშვილმა დაგვისვა პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ არის კრიმინალების მიერ არჩეული და ეს შეეტყო კიდევაც. მისი პირველი შეწყალება იყო ის, რომ მან შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, შეიწყალა 18 წლის მოზარდის მკვლელი, შეიწყალა ძებნილი პირი, ახლა გავიგეთ, რომ ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა. ეს ქალი პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისით მოაგონდა ეს სახელები და გვარები, ჩამოწერა და მერე შეიწყალა, ძალიან ცდება.
– ზურაბიშვილი არაფერ შუაშია?
– მას რა სიაც მიუტანა ბიძინა ივანიშვილმა, იმ სიას მოაწერა ხელი და სწორედ ის ხალხი შეიწყალა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს კრიმინალები სჭირდება ხოლმე არჩევნებზე. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საარჩევნო უბანზე დგანან ხოლმე ეს ე.წ. ძველი ბიჭები, სინამდვილეში სუს-ის აგენტები, რომლებიც პოლიციასთან ერთად ატარებენ ხოლმე არჩევნებს. აი, ასეთი ხალხის მხარდაჭერით არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებული და მადლობის ნიშნად ისიც დათანხმდა და ხელი მოუწერა ბიძინა ივანიშვილის სიას.
– მაშინ გამოდის, რომ ეს აჟიოტაჟი ტყუილადაა ატეხილი? არავინ დაისჯება?
– ეს ასე მარტივად არ ჩაივლის, საზოგადოებამ როგორ შეიძლება აპატიოს ე.წ. მთავარ სარდალს, რომ 22 წლის პოლიციელის მკვლელი შეიწყალა.
პოლიციელის მკვლელმა მოიხადა სასჯელი 3 წელი და გავრილოვი ვინც გააგდო ქვეყნიდან, ვინც სახე შეგვინარჩუნა, ჩვენი დამოუკიდებლობა დაიცვა, 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. წარმოიდგინეთ, რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ!
– პროკურატურამ აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო, იბარებენ დაკითხვაზე კონკრეტულ პირებს. თუ ბიძინა ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან, თვალში ნაცარს გვაყრიან და ისრების სხვა მიმართულებით გადატანა მიდის?
– ასეთი აღძრული საქმე უამრავი გვაქვს ნანახი და საზოგადოება ვერ გაიხსენებს ვერც ერთ ისეთ ფაქტს, “ქართული ოცნების” პერიოდში, რომ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურამ საქმე აღძრა და შემდგომ ამის გამოძიება მოხდა. ეს საქმე ხალხის დასამშვიდებლად აღიძრა. საკუთარ დანაშაულს ხომ არ გამოიძიებენ, ბიძინა ივანიშვილს ხომ არ დასჯიან?!
ამიტომ ეს საქმე ისევ ისე შემოიდება თაროზე, როგორც სხვა ბევრი საქმე შემოდებულა “ქართული ოცნების” პერიოდში.
– ანუ არ ელოდებით პრეზიდენტის იმპიჩმენტს?
– პრეზიდენტს იმპიჩმენტი რატომ უნდა მოუწყონ? თავის დაშავებულზე პრეზიდენტს ხომ არ გაასამართლებენ?! შესაბამისად, არანაირ იმპიჩმენტს ამ ხელისუფლებისგან არ ველოდები. ხოლო შეიცვლება თუ არა 2020-ში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილსაც აღარ ერქმევა ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ 2020-შიც არ დარჩება “ოცნება”?
– თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს ქვეყანა საბოლოოდ გადაკეთდება ბიძინა ივანიშვილის შეპესედ. ივანიშვილი ქართველ ხალხს არჩევნებს ვეღარ მოპარავს, ხალხი აღარ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა მიიტაცოს ხელისუფლება.