გორის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი “მერსედესის” მარკის ავტომობილს მოეკიდა.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე თბილისის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დროებით შეჩერდა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ავტომაგისტრალზე ქალაქ გორის სიახლოვეს ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა.
შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ნიუპოსტი


