ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, დიდი სკანდალია ატეხილი შეწყალების საქმეზე. ამჟამად ისრების გადატანა მიდის აქეთ-იქით – დიმიტრი გაბუნია, ანგი ხუციშვილი. მიდის გარკვევა, ვინ დაუდო სია პრეზიდენტს მაგიდაზე. რა ხდება?
– ოპოზიცია ვამბობდით, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს სალომე ზურაბიშვილი და ვალის გადახდის დრო დადგა. მაშინ, როცა მეორე არჩევნები მოდის, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაკარგავს ხელისულებას, ვალის გადახდისთვის საუკეთესო დრო ნახეს 2019 წელი, როცა წინასაარჩევნო წლის დაწყებამდე, ფაქტიურად ისუფთავებენ ველს.
– ანუ კიდევ უნდა დაეხმარონ კრიმინალები?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად. რისთვის გამოუშვეს ლავას ოღლის მარჯვენა ხელი, დევაძე, რომელმაც 22 წლის პოლიციელი მოკლა. რატომ გამოუშვეს ყაჩაღობისთვის გასამართლებული ხალხი? რატომ გამოუშვეს სხვა მკვლელები, ბარიგები გამოუშვეს! ერთი თვე იჯდა ბარიგა, 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ციხიდან გამოვიდა. საერთოდ ძებნილიც შეიწყალა, ციხეში რომ არ მჯდარა, ისეთი ადამიანი.
ეს არის ის ხალხი, რომელიც კრიმინალურ ხელისუფლებას ეხმარება არჩევნებში. და ახლა იმაზე საუბარი, რომ გაბუნიას ბრალია, ხუციშვილის ბრალია და ასე შემდეგ, სასაცილოა.
– ანუ მარტო პრეზიდენტი არ არის დამნაშავე და ეს ხელისუფლების პოლიტიკაა?
– რა თქმა უნდა, არ არის. სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტი რომ ხდებოდა, ის არ იცოდა. მისი ბილბორდების მაგივრად ივანიშვილმა საკუთარი ბილბორდები გამოაკრა და როგორ გგონიათ, ზურაბიშვილი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას?! რა თქმა უნდა არა.
ეს სია დაწერილია და შემდეგ ეს ხალხი გამოშვებულია ივანიშვილ-გახარიას მიერ, ეხლა ყველაფერი ბრალდება სალომე ზურაბიშვილს, ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ მისკენ. თუ წაიკითხეთ ბიუჯეტის ახალი პროექტი, ნახავთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხარჯები გაუზარდეს 2,2 მილიონით. რას ნიშნავს ეს, იცით?1
– რას ნიშნავს?
– ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძღვენი ქართველი ხალხის ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე. 2.2 მილიონი დაუმატეს სალომე ზურაბიშვილის იმისთვის, რომ ლოპოტაზე დაისვენოს, როცა მცოცავი ოკუპაცია იქნება, ან აზერბაიჯანში წავიდეს და აურიოს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობები და კონფლიქტი გააღვივოს. იმისთვის, რომ კრიმინალები შეიწყალოს!
ამის შესახებ პირადად მეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ეს ხელისუფლება თავად არის კრიმინალებთან გარიგებული და წარმოუდგენელია, კრიმინალს ებრძოლოს ის ხალხი, ვინც თავად კრიმინალია.
გახარია თავად არის ეჭვმიტანილი ია კერზაიას მკვლელობაში, ერთ-ერთი მთავარი ბანკირი ხელს ადებს, რომ ძალადობდა მასზე და ავალებდა მედიასაშუალებებზე ზეწოლას. ეს კაცი ბრალდებულია 20 ივნისის ღამეს კონკრეტულ დანაშაულებში, ძალია გადამეტებაში, გაუფრთხილებლობით ადამიანებისთვის თვალების დათხრაში და ასე შემდეგ.
– ლევან, შეწყდა აქციები, რა გამოდის, ამ სიტუაციაში გახარიამ გაიმარჯვა?
– ქართველ ხალხზე იძალადა ბიძინა ივანიშვილმა. მე არ მგონია, რომ ვინმემ გაიმარჯვა. ამ სიტუაციიდან როგორ შეიძლება გამარჯვებული იყოს “ქართული ოცნება”, ენდიაის გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ხელისუფლება მუშაობს ცუდად, როცა სახელმწიფოს არც ერთ ინსტიტუტს არა აქვს 5%-ზე მაღალი ნდობა. პარლამენტის ნდობა არის მხოლოდ 2%.
ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას. ერთადერთი “ინსტიტუტი”, რომელიც მუშოაბს ამ ქვეყანაში, არის კრიმინალური ინსტიტუტი, იმიტომ რომ აღზევებულია და ვხედავთ, როგორ იწყალებენ კრიმინალებს, როგორ არიან კრიმინალები პრივილიგირებულნი და კრიმინალები როგორ არიან ხელისუფლებაში დაწინაურებულები.
– ხელისუფლებაში დაწინაურებულში ვის გულისხმობთ?
– გახარის გარდა, ჩემთვის კრიმინალია ირაკლი ღარიბაშვილი. კაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო და თავად ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა იმის გამო, რომ კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი. მილიონობით ლარის გაფლანგვაზე და შეჭმაზე იყო საუბარი, დააბრუნეს თავდაცვის მინისტრად.
– ლევან, აქციებმა შედეგი არ გამოიღო, რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას, რა გეგმა გაქვთ, რას აპირებთ?
– აქციების პირველმა ნაწილმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. მე ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებს. ეს ნამდვილად თითოეული ქართველის მიღწევაა და ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე გადავიდეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნებამდე მოვუგოთ ბიძინა ივანიშვილს.
– ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ფორმით, არჩევნებში შანსი არ აქვს არავის. პირდაპირ ვიცით, რომ იქურდებენ, ვიცით, რომ იყაჩაღებენ, იძალადებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია და დრო კიდევ არის იმისთვის, რომ მოვახერხოთ და ცესკოში შეიცვალოს კომისია, ან ცესკოს დაკომპლექტების მიმართულებით შევიდეს ცვლილებები.
ჩვენ თუ არ გამოვტაცებთ ბერკეტებს ბიძინა ივანიშვილს, სიტუაცია ურთულესი იქნება და მაშინ ქართველმა ხალხმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ასევე უნდა იცოდეს ივანიშვილმაც, რომ თუ ეს არ მოხდება არჩევნების გზით, თუ ივანიშვილი კიდევ იძალადებს ხალხზე, კიდევ წაართმევს ხალხს არჩევანს, ამ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას.
– რევოლუციას აპირებთ?
– საერთოდ არ მეშინია ამ სიტყვის ხმარება. ისეთივე რევოლუცია, როგორიც მოხდა, მაგალითად, სომხეთში, აბსოლიტურად მშვიდობიანი, კონსტიტუციის ფარგლებში, ისეთივე რევოლუცია, რაც მოხდა მოლდავეთში.
– ანუ არჩევნების გზით თუ არაფერი გამოვა, იქნება რევოლუცია?
– ცალსახად, აუცილებლად. ეს რევოლუცია არ არის ცუდი სიტყვა. რევოლუციები არის მშვიდობიანი. რევოლუციები ცვლის ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს ხალხზე და შემდეგ უკვე არჩევნების გზით, სადაც უკვე არც კრიმინალი იქნება, არც გახარია იქნება, უკვე თავად ხალხი აირჩევს, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
– გადატეხავენ ჯოხს ზურაბიშვილზე, დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი?
– ამას არ უნდა განცხადებები ვოლსკის და მდინარაძის, უმრავლესობა მაგათია და რომ უნდოდეთ, 5 წუთში გადაწყვეტდნენ ამ პრობლემას. იმპიჩმენტი კი არა, ხომ ხედავთ, ორ მილიონზე მეტი დაუმატეს პრეზიდენტს.
ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ჩუმად უნდა იყოს და მსგავსი ფაქტები რომ მოხდება, მას შეაწმენდენ ხელებს. სალომე ბედნიერია, პრეზიდენტია, უხარია, მან ისიც კარგად იცის, რომ მეტი პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს და აქედან გამომდინარე მშვენიერი “გრუშა” ეყოლებათ, რომელსაც შეაწყალებინებენ კრიმინალებს, გააკეთებინებენ შავბნელ საქმეებს და მერე აიჩეჩავენ მხრებს, ჩვენ რა შუაში ვართო.
რა გაბუნია, ხალხო, ეს ხომ სასაცილოა! ტყუილად ცდილობენ, ეს საკითხი ქვედა რგოლებში ჩაიტანონ. ამ ქვეყანაში არ ბნელა და ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.
ვიცით, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და კრიმინალებთან დაკავშირებით განსაკუთრებით. ერთი მთავარი ყაჩაღი ზის სოლოლაკის სასახლეში, რომელიც დანარჩენ ყაჩაღებს იწყალებს და ამას აკეთებს ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის ხელით.