ლია მუხაშავრია – „ყველაფერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის“

ლია მუხაშავრია - „ყველაფერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს.

„არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარ ალანია „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ. უნდა დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური ცვლილებები. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით, იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს“, _ განაცხადა ლევან კობერიძემ.

მოსამართლეების საკითხზე, ფარული ჩანაწერების მორალური ტერორის, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლია მუხაშავრია საუბრობს.

_ ლევან კობერიძემ გააჟღერა იდეა და მიმართა დეპუტატებს, რომ არცერთ კანდიდატს არ დაუჭირონ მხარი, რადგან უმეტესობა კლანის კანდიდატია. ასევე ითხოვს საბჭოს შემადგენლობის დაშლას.  რამდენად რეალისტურია ეს მოსაზრება „ოცნების“ პირობებში?

_ მე ძალიან კარგად მესმის ლევან კობერიძის სურვილი და მისწრაფება. სრულიად ვუერთდები მას ამ წინადადებაში, მაგრამ ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ ივანიშვილს ეყო თავხედობა და უმრავლესობიდან გასული ბესელიას და მასთან ერთად გასული დეპუტატების პროტესტი არაფრად ჩააგდო და იმ ათკაციანი სიიდან ნახევარი ისევ მოსამართლეობის კანდიდატებად წარმოგვიდგა.

ახლა, როდესაც ალანიას ეკითხებიან, როგორ მოხვდით ამ სიაშიო, ალანიას პასუხი არ აქვს. საერთოდ არ იცოდა თურმე, ისეთი ღირსეული და ერთადერთია. როგორ დაკომპლექტდება უმაგისოდ უზენაესი სასამართლო, ეს ვერც მაგას და ვერც სხვებს ვერ წარმოუდგენიათ?! ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ამიტომ, მე არა მგონია, რომ რაიმე წინადადება იქნება გაზიარებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სია იყოს უარყოფილი და ეს მოსამართლეები არ დაინიშნონ. ეს პროცესი რომ შეჩერდეს, დამუხრუჭდეს, ან შეიცვალოს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

_ ალანიას მიმართ უმრავლესობის მხრიდანაც იყო კრიტიკული კითხვები. აქედან გამომდინარე ხომ არ ელოდებით, რომ შესაძლოა რამდენიმე კანდიდატი ჩააგდონ და მერე გვითხრან, დემოკრატიული პროცესი გვქონდაო?

_ ეგ არ არის გამორიცხული. იმიტომ, რომ საზოგადოება ღია ფორმატში ადევნებს თვალს ამ პროცესს და თუ რომელიმემ თავი შეირცხვინა გამოკვეთილად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩააგდონ და მერე გვითხრან, რომ აი, ბატონო ის ხომ დავიწუნეთ და სხვები ღირსეულები არიანო. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.

თუმცა, ძალიან ვეჭვობ, რომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჩააგდონ. იმიტომ, რომ უკვე გადაწყვეტილია პრაქტიკულად, რომ თადუმაძე იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

_ თადუმაძის თავმჯდომარეობა რას ნიშნავს თქვენთვის?

_ თადუმაძის თავმჯდომარეობა იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გაკონტროლდება ბიძინა ივანიშვილისგან. ამით მას ექნება სრული კონტროლი და მისთვის მნიშვნელოვანი ყველა საქმე გადაწყდება ისე, როგორც პირადად მას უნდა და აწყობს.

_ დღეს კლანს მთლიანად აკონტროლებს ივანიშვილი?

_ არა, მე არ ვფიქრობ, რომ კლანს მთლიანად აკონტროლებს ივანიშვილი. მაგრამ, თუ ის ამის სათავეში, მოსამართლეების სათავეში დააყენებს თავის ადამიანს, მაშინ ეს ასე იქნება. სწორედ ეს არის გარიგების ნაწილი. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ის იქნება კმაყოფილი და ამის წინააღმდეგი არ იქნება.

_ ანუ, რეალურად საქმე გვაქვს გარიგებასთან სასამართლოს კლანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის?

_ რა თქმა უნდა. ეს გარიგება სწორედ ამაში გამოიხატება, რომ ეს მოსამართლეები, ვინც ახლა სიაში არიან, იქნებიან გამწესებული უზენაეს სასამართლოში. არც ბესელიას და არც სხვათა პროტესტი არ ჭრის და მივიღებთ იმას, რაც ივანიშვილს უნდა.

_ ბესელიამ თქვა, რომ რამდენიმე პირს კვლავ აშანტაჟებენ პირადი კადრებით და ამის შესახებ მან იცის. ოხანაშვილი ამბობს, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაციაო და ეს საკმარისია?

_ ადამიანებს არ სჯერათ პროკურატურის და პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების. ამიტომ, რა აზრი აქვს ახლა ამ ინფორმაციის მიწოდებას?! მე მგონი, ეს ისე ცენტრალიზებულად კეთდება, რომ პროკურატურამ იმაზე ადრე იცის, ვიდრე თავად ეს ადამიანი გაიგებს.

ეს მექანიზმი ძალიან ეფექტურია მათ ხელში ადამიანებისთვის გავლენების მოსახდენად. ყველას არ ეყოფა გამბედაობა, რომ ძალიან თავზე ხელაღებული გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე და ამის წინაშე პროტესტი ღიად გამოთქვას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი კიდევ დიდხანს იქნება ამ მორალური ტერორის მსხვერპლი.

_ როდესაც ოხანაშვილი ამბობს, რომ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაშინ ბესელიამ მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებასო. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ეს საკითხი არ აღელვებთ?

_ რა თქმა უნდა მას არ აღელვებს საკითხი იქამდე, ვიდრე ეს მას არ შეეხება პირადად. მაგრამ, როდესაც ეს მას შეეხება, მერე ძალიან გვიან იქნება. მხოლოდ ეგ შემიძლია ვუსურვო ოხანაშვილს, როდესაც ასეთ კომენტარებს აკეთებს.

_ გრძელდება სკანდალი პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით. ცნობილი ხდება ახალ-ახალი გვარები, ვინც მან შეიწყალა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადმინისტრაციაში ვიღაცას შეაწმენდენ ხელებს. თქვენ რას იტყვით იმ კადრების გავრცელებაზე, რაც გაავრცელა ადმინისტრაციამ და რა კომენტარიც გააკეთა დიმიტრი გაბუნიამ?

_ კადრები რომელიც გავრცელდა, რა ვიცით, რომ ის შეწყალების პროექტია? ეგ არ ჩანს იმ კადრებში. ის, რომ ეს შეაქვთ, ეს არაფერს ნიშნავს. აქ მთავარია, ვინ მოამზადა სია. შემსრულებლის დაფიქსირება ძალიან ადვილია. პრეზიდენტს ნამდვილად არ ჰყავს იმხელა აპარატი, რომ ამის გამოკვლევას რთული გამოძიება დასჭირდეს.

მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეხედავს სიტუაციას და თუ მან გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ასევე სიამოვნებით გამოაცხადებს. მგონია, რომ ეს ქალი, სალომე ზურაბიშვილი, მასაც ისევე უშლის ნერვებს, როგორც მთელ საქართველოს.

_ ამ პროცესს ხედავთ, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ მივდივართ?

_ დიახ. ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროცესი აქეთ მიდის. იგივე გიორგი გახარიას გაპრემიერება, მოსამართლეობის კანდიდატების ასეთი უხეში ფორმებით წამოწევა, თავად ამ კანდიდატების თავხედობა და ის ტონი, რომლითაც ისინი კითხვებზე პასუხებს სცემენ და ა. შ. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდეს.

ოღონდ იქამდე, სანამ ძალაში შევა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები და ვიდრე პროპორციული წესით არჩევნები იქნება შესაძლებელი.

_ ანუ გგონიათ, რომ ივანიშვილი ეცდება, მაჟორიტარების ხარჯზე რაღაცა დივიდენდები მოიპოვოს?

_ რა თქმა უნდა, მაჟორიტარების ხარჯზე ეცდება ამას. დღეს არჩევნებისთვის ყველაზე მომზადებული არიან ”ქართული ოცნება”, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ისინი, ვინც პარლამენტში არიან, ხოლო პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ისევ ასე იქნებიან.

ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომელსაც კარგად ესმის, რომ ნორმალური კონკურენციის პირობებში მას არ ეყოლება უმრავლესობა და, შესაძლოა, მანდატები საერთოდ არც კი შეხვდეს.

ამიტომ ის სხვა სცენარებზე მუშაობს.