ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს
– ბატონო მამუკა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან პასიური მდგომარეობაა პოლიტიკაში – არც პურია, არც სანახაობა და საზოგადოებაში ნიჰილიზმი დაისადგურებს. რას გვეტყვით თქვენ?
– დიახ, რამაზ საყვარელიძემ თქვა ეს და ძალიან მომეწონა. ნიჰილიზმმა კარგა ხანია დაისადგურა. განსაკუთრებით, რაც 20 ივნისის შემდეგ დაწყებულმა აქციებმა შედეგი არ მოიტანა. ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი იკრიბებოდა, პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ არ მოხერხდა საკმარისი რაოდენობის სალხის მოგროვება, არ მოხერხდა მძაფრი განცხადებების გაკეთება და ზეწოლის მოხდენა ხელისუფლებაზე. ხელისუფლებას იმის მაგივრად, რომ რაღაცა შეესმინა, პირიქით, გახარია დააწინაურა.
– ამით რა უთხრეს საზოგადოებას?
– შესაბამისად, ამით გამოავლინეს, რომ არანაირი ზემოქმედება ხელისუფლებაზე ხალხს არ შეუძლია. საკუთარ უძლურებას გრძნობ და შესაბამისად ვერ ახერხებ ვერაფრის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ნიჰილიზმმა დაისადგურა ხალხში. ამ ნიჰილიზმის გამოხატულება ოიყო ეს ბოლო აქცია, რომელიც არაფრის მომტანი არ იყო.
– აქციებს ვწყვეტთ, მაგრამ გახარიას გადადგომისთვის მაინც ვიბრძოლებთო. როგორ, რა მექანიზმით?
– ეს ნისიად ნათქვამი სიტყვებია, ეს არაფერს არ მოიტანს.
– რა ბერკეტმა ან რა მექანიზმმა უნდა იქონიოს გავლენა “ოცნებაზე”?
– ბერკეტი არის ერთადერთი, ეს არის ხალხის რაოდენობა. სხვა ბერკეტი არ არსებობს. როდესაც ხალხის მასა არის კრიტიკული და თბილისისთვის ეს არის დაახლოებით 20-30 ათასი კაცი, შემდეგ რეაგირებაც იქნება. ხოლო თუ მეტი მოვა, მაშინ ძალიან მძაფრი რეაგირება იქნება.
– ყველა უწყება ივანიშვილში ხელშია, მხოლოდ უზენაესი სასამართლო დარჩა და იქაც თადუმაძეს გაუშვებენ, პროკურატურაში კი ახალ ჯიბის პროკურორს მიიყვანენ. რას ფიქრობთ ამაზე?
– მე რამდენადაც ვიცი, უკვე გადაწყვეტილია მთავარი პროკურორის ბედი და ისიც ზუსტად ვიცი, რომ შოთაძე არ იქნება. ხალხის პროტესტი არ არის და ესენიც რასაც უნდა, იმას აკეთებენ. აბა გაიხსენეთ, რა იყო ნაციონალების დროს და შეადარეთ იმას, რაც ახლაა.
– ძალიან დაიწია “ოცნების” რეიტინგმა. 20%-იანი რეიტინგით რას ელოდებიან 2020-ში?
– და სხვას რამდენი აქვს?! ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიას და ეს არის 9%. იმას რომ 20% აქვს და ამას 9%, ეს არჩევნებზე გაუორმაგდებათ იმათ ხარჯზე, ვინც დღეს არავის აძლევს ხმას და არ იცის, რას იზამს. 55% იყო გაურკვეველი.
– გაორმაგების შემთხვევაშიც ვერ მოაგროვებს “ოცნება” უმრავლესობას.
– რაში ჭირდება უმრავლესობა? ადგება და პატრიოტებთან დაალაგებს ალიანსს, 0,77%-იანი ბარიერი სწორედ მაგიტომ გააკეთეს, იქ შევა ათასნაირი წვრილი პარტია. რა, უსუფაშვილთან ვერ დალაგდება? ერთხელ თუ დალაგდა, მეორეჯერ ვერ იზამს?! სხვაც კიდევ ბევრი გამოჩნდება.
აი, ზვიად ძიძიგურიც ცალკე გადის. შევა კოალიციაში, აბა არ შევა? რუსთავში მშვენივრად აქვს აწყობილი საქმე. რამდენი კაცია ასეთი, ვინც სიამოვნებით შევა კოალიციურ მთავრობაში ხელისუფლებასთან და მიიღებს თანამდებობებს, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.
– დაერქმევა კოალიციური მთავრობა, რომ დასავლეთიდან პროტესტი არ იყოს?
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ამ ყველაფერს ხომ ხედავს ხალხი და ამით ნიჰილიზმი კიდევ უფრო ღრმავდება.
– ოპოზიციაც რომ სუსტია?
– სუსტი კი არა, აბსოლუტურად უმოქმედოა! რასაც ახლა გეტყვით, ეს აუცილებლად დაწერეთ. უკვე რამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვთ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ ჩამოყალიბდეს რაღაცა სტრუქტურა, საბჭო, რაღაცა მართვის ელემენტი. ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხომ ვერ მოვახერხეთ და არჩევნების შემდეგ რამხელა დრო გავიდა, ვცდილობთ და მაინც ვერაფერი მოვახერხეთ. ვინ არის და ვინ უშლის ამ ყველაფერს ხელს, ამას ნუღარ მკითხავთ. ამას არ ვიტყვი.
– შიგნით არიან კონკრეტული პირები, ვინც ამას ხელს უშლიან?
– რა თქმა უნდა, არიან. არ ხდება გაერთიანებული ოპოზიციის გაზრდა. მე რომ ახლა ამაზე თქვენთან ვსაუბრობ, ატყდება ერთი ამბავი, მაგრამ ცოტა თუ არ გაიხსნა პროცესი, ისე არაფერი გამოვა.
ეს მარტო ჩვენი ბრალიც არ არის, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხან მოვლენ, ხან წავლენ. ჩვენ სიამოვნებით ველოდით რესპუბლიკელებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდნენ ჩვენთან ერთად, მერე წავიდნენ ისევ. არადა ველოდით. რატომ ყველა არ უნდა გავერთიანდეთ?! კარგი ბატონო, ბოკერიას არ უნდა ეს გაერთიანება.
– “ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ყველა “ოცნების” წინააღმდეგო და მაშინ რატომ არ ერთიანდებით?
– მათ ცოტა უცნაური პრინციპები აქვთ. თუ შესაძლებელია მემარჯვენეებთან ალიანსი, რატო არ შეიძლება ჩვენთანაც?! არანაირი იდეოლოგიური განსხვავება არ არის ჩვენ შორის.
– მაშინ რა უნდათ, ზედმეტი ამბიციები აქვთ?
– როგორც ჩანს, ყველას ცალ ცალკე უნდა გასვლა. ასე კი არაფერი გამოვა. აქტიურობაა აუცილებელი.
ორი კვირის წინ ჩვენ მივედით რუსთაველზე, გახარია რომ დანიშნეს, მოვინდომეთ პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ისეთი უკურეაქცია და აგრესია მივიღეთ მათგან, პოლიტიკოსები არაო. ხაზარაძე თუ შეიძლება რომ მივიდეს, ის პოლიტიოსი არ არის?! ხაზარაძესთვის თუ შეიძლება, რატომ არ შეიძლება გრიგოლ ვაშაძისთვის?! ძალიან გაუგებარი მიდგომებია.
პოლიტიკოსების გარეშე პროტესტი არ გამოდის. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს ერთ სტრუქტურაში და ასე ერთად დაეჯახოს ხელისუფლებას. სხვანაირად ამათ ვერ მოვუგებთ.
– მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არავისთან წავა და არც პოლიტიკოსები იქნებიან მის პარტიაში. ვის ელექტორატს წაიყვანს, რა ნაწილზე იმუშავებს?
– შუასისტებზე იმუშავებს. უფრო განქოცებული შუასისტები რომ ქვიათ. იმათზე, ვინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას და მასთან ასოცირებულ პარტიებს, როგორიც ჩვენა ვართ და ასევე აღარ უნდა “ქართული ოცნების” გაგონება. რაღაცა ელექტორატს წაიყვანს.
რაღაცას წაიღებენ ინაშვილიც, გირჩიც, ეს წვრილ-წვრილი პარტიები დაინაწილებენ ამ შუასისტებს და პარლამენტში დიდი ვაჭრობა წავა კოალიციურ მთავრობაში შესვლაზე.
– გაერთიანებული ოპოზიცია დარჩებით დიდ უმცირესობაში?
– რა თქმა უნდა. ასე მოხდება და მერე ყველამ თავის თავს დააბრალოს.
– პრეზიდენტი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას. იმაზეც მიდის საუბარი, რომ შესაძლოა თავად “ოცნებასაც” უნდა მისი იმპიჩმენტი. ამაზე რას ფიქრობთ?
– ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ასე იყოს. მე არჩევის დღიდან ვაცხადებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა. უპროგნოზო ადამიანია და ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შესაძლოა, მოაწყონ იმპიჩმენტი და მერე უკვე ახალმა პარლამენტმა აირჩიოს ახალი პრეზიდენტიც, რატომაც არა. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილი, გაცილებით დიდი პრობლემის შემცველი იქნება ის ახალი პარლამენტი, რომელიც მისცემს “ოცნებას” საშუალებას, შექმნას კოალიციური მთავრობა.
ეს გაცილებით სერიოზული პრობლემა იქნება.