წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული სოფლიდან წალენჯიხაში გადაჰყავდა, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
“ლაივპრესის” ინფორმაციით, სოფელში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს მამაკაცმა შეუშალა ხელი. ის არ დაემორჩილა სამართალდამცველთა გაფრთხილებას, მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს და განყოფილებაში გადაჰყავდათ.
“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ პატიმრის ქმედებამ გამოიწვია, რომელიც მანქანაში კიდურებს იქნევდა. მისი მოქნეული ფეხი კი მანქანის სალონში მძღოლს მოხვდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო. დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პატიმარი და მძღოლი არიან.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.