რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” ზურაბიშვილს გადადგომის უფლებას არ მისცემს”

რამაზ საყვარელიძე - “ოცნება” ზურაბიშვილს გადადგომის უფლებას არ მისცემს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, შეწყალების სკანდალი წინასაარჩევნოდ როგორ იმოქმედებს “ქართულ ოცნებაზე”, მის იმიჯზე და მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდებით?
– სალომე ზურაბიშვილი გახდა თუ არა პრეზიდენტი, პირველი რაც თქვა, იყო ის, რომ შეწყალების საკითხი მომაშორეთო. ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ აქვს. მისი ძირითადი ინტერესი საგარეო ურთიერთობებია და ეს ღიად ჩანს. მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი რომ არ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, გაეროში სხვისთვის სიტყვა მიეცათ.
გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, მე მეეჭვება, რომ ის მიეწვიათ გაეროს ტრიბუნაზე.
როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მიზანი პრეზიდენტის რანგში სწორედ ეს არის, რომ საგარეო მიმართულებით იმუშაოს და შედეგი დადოს. ამიტომ შეწყალების აქტის გამოცემა და ამ საკითხში გარკვევა მისთვის რთული იქნებოდა, ეს ეტყობოდა კიდეც, ამიტომ გადაწყვიტა თავის დროზე დისტანცირება.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დისტანცირება დაიწყო ზურაბიშვილისგან, როგორც თავის დროზე მარგველაშვილისგან?
– მარგველაშვილთან კონფლიქტი პრეზიდენტის სასახლეში შესვლის საკითხით დაიწყო. რაც შეეხება შეწყალებას, უმრავლესობას არც ისე მწვავე რეაქცია ჰქონდა. კი აკრიტიკებდა, მაგრამ როგორც ახლა, ასეთი არ ყოფილა. ამდენად, სწორხაზოვანი პარალელის გავლება მაინც რთული იქნებოდა.
– მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
– დღეს “ქართული ოცნება” საზოგადოების კრიტიკას უწევს ანგარიშს. ურჩევნია, თვითონაც მკაცრი იყოს ზურაბიშვილის მიმართ, ისევე მკაცრი, როგორც საზოგადოებაა და ეს ფაქტია. ეს ნაწილობრივ მოახლოებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული. “ქართული ოცნებისთვის” სხვა სტრატეგია წამგებიანი იქნებოდა.
მეორე მხრივ “ქართული ოცნებისთვის” ასევე წამგებიანია პოზიციების დათმობა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმდენად შერისხონ, რომ მიუღებლად გამოაცხადონ. მაშინ გამოვა, რომ ისინი თავიანთ თავს ეწინააღმდეგებიან. ამიტომ მათ ლავირება უწევთ.
“ოცნება” ეცდება, სრულიად სამართლიანად გაჩენილი უკმაყოფილება გადაიტანოს იმ კალაპოტში, რომელშიც იქნება დამცავი მექანიზმები ანუ უკვე არის საუბარი კანონმდებლობის ცვლილებაზე, გარკვეული მექანიზმების ამუშავებაზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეწყალების აქტი გატანილი იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტისგან და, მაგალითად, ომბუდსმენის ინსტიტუტს დაუქვემდებარონ.
ამგვარი მეთოდებით ეცდებიან სიტუაციის განმუხტვას, რადგან სიტუაციას ნამდვილად აქვს გამწვავების დიდი რესურსი. თუმცა, მეეჭვება, იმპიჩმენტამდე მივიდეს საქმე.
– გამორიცხავთ რომ ივანიშვილმა კარგად გაიცნო სალომე ზურაბიშვილი და მიხვდა, რომ მასთან თანამშრომლობა რთულია და ამიტომ დაიწყო უმრავლესობამ მისი ღია კრიტიკა? ერთი ადამიანი არ ჩანს, რომელიც დაიცავდა პრეზიდენტს.
– იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედებას ყველა შემთხვევაში მე გამოვრიცხავ. იურისტებმა უკვე კარგად განმარტეს, თუ რა შემთხვევაში ხდება პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტი. ერთი, პრეზიდენტის პირდაპირი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და მეორე – კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებს ის დაადგენს, მაგრამ მე მეეჭვება, რომ ამ პროცესში ზურაბიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა.
– პასუხისმგებლობას სრულად იღებს.
– პოლიტიკურს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მასზეა. რა იქნება სამართლებრივ ნაწილში, ვნახოთ. რასაკვირველია, ამ მიზეზითაც შეიძლება პრეზიდენტი გადადგეს, უფრო მსუბუქი მიზეზითაც გადამდგარან, მაგრამ მეეჭვება, რომ ან თვითონ მოისურვოს ან “ოცნებამ” მისცეს ამის საშუალება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ახალი არჩევნები ახალი თავსატეხია და თან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთს დაემთხვევა.
– პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რომც მოინდომოს გადადგომა, ამის უფლებას “ქართული ოცნება” არ მისცემს? ერთხელ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ თავიდან მას უნდოდა გადადგომა.
– დიახ, “ქართული ოცნება” ამას არ დაუშვებს. ეს ალბათ პოლიტიკურად სალომე ზურაბიშვილისთვისაც მიუღებელი იქნება. ეს ნაბიჯი პრობლემებს შეუქმნის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას”. პრეზიდენტის ასეთი წასვლა უკვე არგუმენტი იქნება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც.
ახლა ბევრი რამე დამოკიდებულია პროკურატურაზე, თუ რა მოტივები გამოიკვეთება. ერთ-ერთ ვერსიად ისიც განიხილება, რომ ხელოვნურად, ისე, რომ საერთოდ არ იცოდა პრეზიდენტმა, თუ ვის იწყალებდა, ისე იქნა შედგენილი სია, რომ ასეთი შედეგები გამოეწვია.
არც ეს ვერსია შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რას იტყვის გამოიძიება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ოპერატიულობა. საზოგადოებისთვის თუნდაც შუალედური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ინტერესი ძალიან მაღალია.