ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, სერიოზული დაპირისპირებაა თქვენსა და “ევროპულ საქართველოს” შორის. რაზე ვერ თანხმდებით, რას ვერ იყოფთ?
– სრულიად უაზროდ და უადგილოდ არის წამოწყებული კამათი იმის თაობაზე, თუ მომავალში ოპოზიციური კოალიცია როგორ სახეს მიიღებს. თითქოს იყო კონსენსუსი, არც ერთი პროდასავლური პარტია არ შეუქმნიდა საპარლამენტო უმრავლესობას “ქართულ ოცნებას” და შესაბამისად არ მისცემდა საშუალებას, რომ ჩამოეყალიბებინა მთავრობა და დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
აი, ეს არის მთავარი მოთხოვნა ყველა პარტიისადმი. ნებისმიერ პარტიას, ძველი პარტია იქნება თუ ახლად დაფუძნებული, როდესაც წარსდგება ამომრჩევლის წინაშე, ამ შეკითხვაზე მოუწევს ძალიან ნათელი პასუხის გაცემა.
– რა პასუხის?
– არა ისე, რომ მე არც “ქართულ ოცნებას” ვაძლევ ხმას და არც ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ სად მიდის ეს შენი ხმები? იკარგება! თუ ორივე მხარემ მიიღო თანაბარი რაოდენობის ხმები? აქეთ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებულმა ევროპულმა პარტიებმა და იქით პრორუსულმა პარტიებმა და “ოცნების” სატელიტმა პარტიებმა? ამ შემთხვევაში სატელიტი ძალიან რბილი სიტყვაა! ასე ჯობს – “ქართული ოცნების” არაფორმალურმა ნაწილმა.
დავუშვათ, მიიღეს თანაბარი ხმები და მესამე პარტია, რომელიც ამბობს, მე არც ერთს ვაძლევ ხმას და არც მეორესო, მაშინ სადა არის?! ასე რომ, ასე არ გამოვა!
– ანუ ორ პოლუსად უნდა გაიყოს პოლიტიკური ველი?
– ყველაფერი ძალიან მარტივად არის: ერთ მხარეს იქნება ნაციონალური მოძრაობა და სხვა პროდასავლური პარტიები – ლეიბორისტებიც, “ევროპული საქართველოც”, რესპუბლიკელებიც. ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწევს დადგომა ან აქეთ, ან იქით.
იმ პარტიებს, ვინც იპრანჭება, კეკლუცობის რესურსები ექნება მცირე ხნის განმავლობაში, ვინაიდან, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, ამომრჩეველი ერთმნიშვნელოვნად ჰკითხავს, საბოლოო ჯამში სად ჩადებს ის იმ ხმებს, რომლებიც შექმნის ახალ მთავრობას.
– “ევროპულ საქართველოს” განსხვავებული ხედვა აქვს ამ ყველაფერზე.
– “ევროპულ საქართველოს” ახალი იდეა რამდენიმე დღის წინ დღეა გაუჩნდა. ამ პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციურ ფლანგში იქნება ორი მხარე – ერთი, რომელიც გაერთიანდება ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ და მეორე, რომელიც “ევროპული საქართველოს” ირგვლივ გაერთიანდება და რომელ მხარესაც იქნება უფრო მეტი ხმები, მან დააკომპლექტოს მთავრობა და კარტბლანში მიეცეს იმ მხარეს.
– არ იზიარებთ ამ იდეას?
– არა მგონია, ეს იყოს სერიოზული მსჯელობა, იმის გამო, რომ ყველა საარჩევნო შედეგმა, სტატისტიკამ, ამ საპრეზიდენტო არჩევნებმა, გამოკითხვებმა და ასე შემდეგ, ძალიან კარგად აჩვენა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არის ნაციონალური მოძრაობა და მასთან ერთად კოალიციაში მყოფი პარტიები უალტერნატივოდ იქნებიან პროევროპულ ფლანგზე უფრო მოწინავე პოზიციებზე და სწორედ ამ პოლიტიკური კოალიციის ირგვლივ მოხდება შემდეგ აშენება ახალი ხელისუფლებისა.
– გამოდის, რომ ოპოზიციაშიც ყველას პირველობა უნდა, პოზიციებს არავინ თმობთ და ერთმანეთს უპირისპირდებით.
– ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია. დღეს ამის შესახებ რაღაცა ინტელექტუალური თუ სხვა სახის დებატების წამოწყება არ აძლიერებს ოპოზიციას, პირიქით.
– ბატონო რომან, ზედმეტად ხომ არ დაგაზარალებთ ეს დაპირისპირება?
– ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, ოპოზიციას წარმოაჩენს იმ მონადირედ, რომელიც უკვე ინაწილებს ჯერ მოუკვლელი დათვის ტყავს და უნდა ამ ტყავში საკუთარი დიდი ნაწილის ჩამოჭრა.
საბოლოოდ, ეს წყალს ასხამს ხელისუფლების წისქვილზე. ყველა უსაგნო კამათი ოპოზიციურ ფლანგზე ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს “ქართულ ოცნებას”.
– სწორედ ამას გეკითხებით, ანუ აზარალებს ეს პროცესი ოპოზიციას?
– კი, რა თქმა უნდა! აზარალებს ოპოზიციას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს ჩაძირვის პირას მყოფ ხელისუფლებას, ვინაიდან მისი მდგომარეობა არის ურთულესი. ნაცვლად იმისა, რომ წიხლი მივაყოლოთ, ხანდახან ასეთი შეცდომებიც ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ბალიშს დავუდებთ ხოლმე.
ეს კინკლაობა ძალიან უაზროდ იქნა წამოწყებული ამ დღეებში.
– მაშინ რამ გამოიწვია ეს კამათი? ზედმეტი ამბიციები აქვს “ევროპულ საქართველოს?”
– ალბათ იმან, რომ “ევროპულ საქართველოს” უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი, მისი უმცროსი ძმა. ვინაიდან ჩვენ ერთი ელექტორატი გვყავდა, დღეს მათ უნდათ თავის ამომრჩეველს, რომელიც მათ ჰყავთ, დაუმტკიცონ, რომ ისინი არ არიან ნაციონალური მოძრაობა.
– დღემდე აღიქმება, რომ თქვენ ერთნი ხართ.
– დიახ, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მოხდა ტექნიკური გაყოფა და ერთი და იგივე პარტიის ორი მხარე მივიღეთ. ანუ “ევროპულ საქართველოს” აქვს თვითიდენტიფიკაციის პრობლემა და ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტად დაუპირისპირდება ნაციონალურ მოძრაობას, რაც უფრო მეტად გალანძღავს მიხეილ სააკაშვილს, მით უფრო მეტად აჩვენებს ვიღაცას, რომ ის არის სხვა.
თუ ეს ამოცანა მათ წინაშე მართლაც დგას და ამ მიზნის მისაღწევად მათ რაღაც ნაბიჯები დაისახეს, გამოდის, რომ ეს არის ძალიან მძიმე ამოცანა. როგორც ჩანს, გარდა კონტრასტის სახით წარმოჩენისა, რომლის მთავარი ინსტრუმენტი არის ლანძღვა, მათ სხვა მექანიზმი არ დარჩენიათ.
ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ ამომრჩევლის მოთხოვნა დღეს “ქართული ოცნების” დამარცხებაა და ოპოზიციის კონსოლიდაცია. ხოლო ვინც ოპოზიციურ ერთიანობაში შეიტანს წინააღმდეგობას, ის ამომრჩევლის მხრიდან იქნება შერისხული. ამიტომ, თუ მათ რაღაც ფორმით ნაციონალური მოძრაობისგან გამიჯვნა და საკუთარი პროფილის გამოძერწვა სურთ…
– ჯერ არ აქვთ საკუთარი პროფილი?
– რაც ნაცმოძრაობას გამოეყვნენ, ეს ნამდვილად ვერ მოახერხეს. თუ ასე სურთ, მათ უნდა იფიქრონ სხვა მეთოდებზე, რომლებიც ნაკლებად დამაზიანებელი იქნება მთლიანად ოპოზიციისთვის და ნაკლებად დამაზიანებელი იქნება მათთვისაც. ეს გზა, რომელიც ახლა აირჩიეს, აშკარად არის ცუდი და, პირველ რიგში, მათთვის.
– ბატონო რომან, რომ შევჯერდეთ – თქვენ თვლით, რომ ვინც არ იქნება ნაციონალური მოძრაობის გვერდით, თქვენს კოალიციაში, ის “ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს?
– რა თქმა უნდა, ასეა. არც ერთგან ვიქნები და არც მეორეგან – ახლა ეს არ იმუშავებს.
ხაზარაძესაც, უსუფაშვილსაც, ელისაშვილსაც, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილ ჯგუფებსაც, ყველას მოუწევთ თქმა, დაუბრუნდებიან “ოცნებას”, თუ იქნებიან დიდ კოალიციაში.
დიდ კოალიაციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ იქნებიან ნაციონალურ მოძრაობასთან. თუნდაც ავიღოთ უსუფაშვილის ფორმირება, კი ბატონო, თავმდაბლად ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება მასთან ერთად დიდ კოალიციაში, თუ თავად ეუხერხულებათ ჩვენთან მოსვლა. თუ ავიღებთ ნაძვის ხეს, იქ ხომ ღერძია მთავარი!
– ანუ თქვენ ხართ ოპოზიციური ღერძი?
– გეტყვით, ნუ უსწრებთ მოვლენებს. ღერძია მთავარი, შემდეგ მოდის მძლავრი ტოტები და შემდეგ პატარ-პატარა ტოტები. ამ ღერძის კონსტრუქციის წარმოდგენა თუ არ უნდათ, კი ბატონო, ჰორიზონტალური რაღაც სხვა მოდელი ვიფიქროთ.
– რა არის ეს სხვა მოდელი?
– ნაციონალური მოძრაობა იქნება მათთან ერთად, რომლებიც არიან მასზე პატარები, მაგრამ მისი მსგავსი ინტერესები ამოძრავებთ. ჩვენთან კი ნუ მოვლენ, ჩვენ მივალთ მათთან! ჩვენ მთა ვართ, ისინი მუჰამედები იყვნენ. თუ მთასთან მოსვლა არ უნდათ, მაშინ მთა მივა მუჰამედთან!