ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრეზიდენტის შეწყალებებზე საუბრობს.
– ბატონო რომან, საზოგადოების მღელვარების შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. რას იტყვით მის ამ გადაწყვეტილებაზე?
– მორატორიუმის გამოცხადება უაზრობაა. პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ შეწყალების აქტი განახორციელოს. ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს მოვალეობაცაა. შეწყალება დიდი ჰუმანური აქტია, არ შეიძლება მასზე უარი თქვა. პრეზიდენტი არ უნდა გაექცეს თავის უფლება-მოვალეობას.
ის ამბობს, რომ რაღაც პროცედურები უნდა შეიცვალოს და მერე განვაახლებო. პროცედურები კი არ უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტი უნდა შეიცვალოს! პროცედურები გაწერილია, არსებობს კომისია, მაგრამ კომისია არ მუშაობს.
სამი მკვლელის შეწყალება გაუგონარი ფაქტია. ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელია, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული. მეორე შეწყალებული ახალგაზრდა ადამიანის მკვლელი არის. ეს ამბავი თბილისში ძალიან გახმაურებული იყო. მესამე – წარმოუდგენელი ფაქტია, შეიწყალა ადამიანი, რომელიც ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში. მას არ მოუხდია სასჯელის ერთი საათიც კი. მიმალვაში მყოფი ადამიანი შეიწყალა.
აქ აშკარა კორუფციის ნიშანია. თავად მან აიღო ფული თუ მისმა გარემოცვამ, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. რადგან არ არსებობს შეწყალების კომისია, რადგან არ არსებობს ფორმალური რაიმე ინსტიტუტი, გამოდის, საახლობლო აცნობს მას ამ სიას. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, ვინ არის, რაზე იხდის სასჯელს. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალ ლავას ოღლის მარჯვენა ხელი, რომელმაც პოლიციელი მოკლა. ან პირიქით, ამ ადამიანის შეწყალება წაადგება ჩვენს საზოგადოებას და ა.შ.
არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის მისი წრე. შესაძლებელია, გადაწყვეტილებებს დიასახლისები ღებულობდნენ ქალბატონ სალომეს სამზარეულოში. როგორც ჩანს, დაქალები თუ დაქალუჩკები. ამ ვითარებაში ეს არის ყველაზე იდეალური ვარიანტი, თითქოს საწყალი ქალი გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ ეს იმდენად შეუძლებელია, რომ აქ სხვა რამ იკითხება.
– კონკრეტულად რა?
– ძალიან დიდ ინტერესზეა საუბარი. ან დიდი პოლიტიკური ინტერესია ან ფინანსური. პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იყო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ფული იშოვა. თუმცა, არც მეორე ვარიანტია გამორიცხული.
– ვანო ზარდიაშვილმა თქვა, მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს გაუჩალიჩესო.
– ეს ძალიან საინტერესოა. გაუჩალიჩეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა ამ პრეზიდენტის ჩამოგდება. ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის ჩამოგდება შეიძლება მართლაც უნდა ვიღაცას. თვითონ ივანიშვილს ხომ არ უნდა?!
– ივანიშვილს რატომ შეიძლება უნდოდეს?
– თვალნათლივ ხომ არ დაინახა ის საფრთხეები, რაც ერთ წელიწადში ღიად გამოჩნდა – მისი ნებისმიერი გამოსვლა საგარეო საკითხებზე უცხოეთში, გარეჯში ჩასვლა სამხედო ფორმით და ა.შ. რეალურად მან უკვე იმდენად მოახდინა საკუთარი თავის კომპრომეტირება, რომ ის უკვე გახდა მძიმე ტვირთი ბიძინა ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის”.
ის, რაც მოხდა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
– შეიძლება “ქართული ოცნება”, როგორც პრეზიდენტ მარგველაშვილისგან მოახდინა დისტანცირება, სწორედ ამას აპირებდეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც?
– როგორც მარგველაშვილი გახდა მათთვის მოულოდნელი, არ დაყვა ივანიშვილის ნებას, მოულოდნელობა გახდა სალომე ზურაბიშვილი. მათ არ იცოდნენ, რომ ამდენად თავნება, არაკონტროლირებადი იქნებოდა. ამიტომ, “ქართული ოცნების” მკვეთრი კრიტიკა და თეა წულუკიანის საკმაო მინიშნებებით საუბარი ნიშნავს, რომ მათ დავალება მისცა ივანიშვილმა, რომ ზურაბიშვილის კრიტიკა დაიწყონ ამ საკითხზე. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის გადაყვანა უნდათ გიორგი მარგველაშვილის რანგში.
“ქართული ოცნების” ეს კრიტიკა გამოწვეულია იმით, რომ პირადად ივანიშვილის მომხრეებში გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება პროფესორ ოთხმეზურის შვილიშვილის მკვლელის შეწყალებამ. ბატონი გიორგი ცნობილია ივანიშვილის მხარდაჭერით. ამიტომ, სრულიად სამართლიანად არიან ივანიშვილის მხარდამჭერები აღშფოთებულები.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს საკუთარი მომხრეების დაშოშმინება უნდა სწორედ ამ შიდა კრიტიკით. შეიძლება ამით ის ორ კურდღელს იჭერდეს. მომხრეების გულსაც იგებდეს და სალომე ზურაბიშვილსაც უქნევდეს თითს – თუ ასე გააგრძელებს, შეიძლება ჩამომარგველაშვილდეს.