იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
29 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ, რომ მასსა და მის ყოფილ თანაგუნდელ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად „მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია“, ხოლო ბოკერია კი „ტრადიციებთან მებრძოლ ანტი-ქრისტიანად“ მოიხსენია. სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ „ევროპულ საქართველოში“ და ის მწვავედ გააკრიტიკეს.
რას ნიშნავს არჩევნებამდე 1 წლით ადრე ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის კინკლაობა და ხომ არ ასხამს ეს ივანიშვილის წისქვილზე წყალს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
_ მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადება და შემდეგ უკვე „ევროპული საქართველოს“ პასუხი. არის თუ არა ეს ის, რაც საზოგადოებას და ოპოზიციას აწყობს? ივანიშვილის წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?
_ ეს კარგი არ არის. ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის ტექსტი იყო განსაკუთრებით აგრესიული და უსამართლო. სულ ახლახანს გამოხატა „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ამოცანა ქვეყანაში არის ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხელისუფლების დანაწილება და არა ერთმმართველობა. ერთმმართველობა ჩვენ არც მიხეილ სააკაშვილის მოგვწონდა თავის დროზე და არც ბიძინა ივანიშვილის მოგვწონს ახლა. ერთპარტიულობა და ერთმმართველობა არ არის ლიბერალური დემოკრატიის ამოცანა.
მეორე, მე ბევრჯერ მითქვამს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე ჩანს შედეგებით, რომ ეს არ ხერხდება და მეორე მხრივ მარტო სააკაშვილი მისი პარტიით და მისი პარტნიორებით ვერ ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ერთი ერთში ეს არ ხერხდება და ერთი ერთში სააკაშვილი ივანიშვილთან დამარცხდა ყოველთვის და დამარცხდება კიდევ დიდ ხანს. ეს არ არის ქართველი ხალხის ამოცანა.
იმის მიუხედავად, რა კონფიგურაციაში აღმოჩნდება რესპუბლიკური პარტია, მით უმეტეს ბუნებრივი ბარიერის პირობებში, ეს არ არის არსებითი. არსებითი მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ ჩვენ არ გავიმეოროთ მარცხის ფორმულა. სააკაშვილი ივანიშვილთან ერთი ერთში დარჩენილი აგებს. აგებს დასუსტებულ ივანიშვილთანაც კი, ამიტომ ყველაფერი ან არაფერი მოგვცემს არაფერს.
ამოცანა არის კოალიციური, მრავალპარტიული, პროდასავლური, ერთმანეთზე გაბრაზებული პარტიების შესაძლებლობა და აუცილებლობა. სხვანაირად, ვერცერთი ადამიანი, ვერცერთი პარტია, ვერცერთი დაჯგუფება ვერ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას.
_ ის რიტორიკა რას ნიშნავს, როცა ამბობს, რომ ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ ბოკერია ანგრევს ტრადიციებს, რელიგიას და ა. შ?
_ ევროპული საქართველოს სახელით დღეს ისაუბრა ბაქრაძემაც და უგულავამაც. რისი იმედი აქვს სააკაშვილს? სხვის პარტიაში ცხვირის ჩაყოფა არც სწორია და არც კორექტული. ეს პრაქტიკულად პრაგმატულადაც მარცხისთვის არის განწირული. ბუნებრივია ამ თვალსაზრისით ძალიან სუსტი გამოსვლა იყო და მას ძალიან კვალიფიციური პასუხი გასცა ევროპულმა საქართველომ.
მან მოახერხა ის, რომ ჯიპების დაერიგებინა ეპისკოპოსებისთვის. როგორც უგულავამ გვითხრა, მაგაში კი ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ თავისი გაიტანაო. ეს ფსევდორელიგიური რიტორიკა ლიბერალურ დემოკრატიასთან და სეკულარიზმთან თავსებადი არ არის. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ფსევდო ტრადიციონალიზმი და ფსევდო ინოვაციები ეს არ არის სერიოზული სიმბიოზი, რაც ბოლო ხანებში ახასიათებს სააკაშვილს ვარშავის გეგმით თუ პირველად ევროპაში ერთი გადასახადით და ა. შ. ჩვენ პირველად ევროპაში კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის, რაც ევროპაშია აპრობირებული. ევროპამ რაც იცის, ის უნდა დავნერგოთ კარგად.
ამის მიუხედავად მე არ ვიტყოდი, რომ წყალი გადაწურულია და შეუძლებელია სხვადასხვა პარტიას შორის თანამშრომლობა. რესპუბლიკელების, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების ურთიერთობა კვლავ შესაძლებელია თუ ტორპედირება შეგნებულად არ იქნება უზრუნველყოფილი და ტორპედირება აწყობს მარტო ივანიშვილს.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს თანამშრომლობის რესურსი ამ განცხადებების მიუხედავად არ არის ამოწურული?
_ მე არ ვფიქრობ, რომ ამოწურულია, თუმცა სერიოზულად გართულებულია.
_ მიხეილ სააკაშვილი განცხადებებში პოპულიზმიც ხომ არ იყო?
_ რა თქმა უნდა იყო. ამიტომ დავარქვი ამას ფსევდო ტრადიციონალიზმი და ფსევდო-ინოვაციები. არც ის გვინდა, რომ საქართველო კავკასიის ლიდერი ქვეყანა იყოს. საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპა და არა ჩრდილო კავკასიის ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის და მეზობლების ლიდერი ქვეყანა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ გეოგრაფიულ რეგიონში. ხაზს ვუსვამ, კავკასია გეოგრაფიაა, კავკასია გეოპოლიტიკა არ არის. კავკასიის ყველა მხარეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს. ჩრდილო კავკასია მთლად რუსეთშია. აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოსაც სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც არის ევროპასთან ვიზალიბერალიზებული. ამიტომ, ჩვენი ამოცანა ევროკავშირსა და ნატოში შევლაა. ეს არის ამოცანა.
სააკაშვილს დავით აღმაშენებელზე ძალიან ფრაგმენტული წარმოდგენები რომ აქვს, კავკასიის ლიდერი იყოვო ამაზე რომ გველაპარაკებიან… დავით აღმაშენებელი პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა იყო ჯვაროსნების პოლიტიკური პარტნიორი და სამხედრო პარტნიორი. ასე, რომ იმიტომ თქვა მისმა ისტორიკოსმა აღაშენა გელათი და აქცია ახალი იერუსალიმად. დასავლური ორიენტაციისთვის გაკეთდა ეს. მაგრამ ამას ცოტა მეტი ცოდნა სჭირდება.