იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ” სატელიტი პარტიების ფორმირების თვალსაზრისით მუშაობა? როგორ უყურებს ანა დოლიძის პარტიას და რამდენად რეალურია მისი პარტიის ამ თვალსაზრისით განხილვა? რა გავლენა აქვს “ქართულ ოცნებაში” გიორგი გახარიას? ვის ექვემდებარება ნათია თურნავა? რატომ ვერ უშვებს პრემიერი თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძესა და თეა წულუკიანს? და როგორ აფასებს რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირებას? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე საუბრობს.
_ ქართულმა მხარემ რუსი ჰაკერი რუსეთს გადასცა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. რატომ ენდობა საქართველო მას და ხომ არ უყალიბდება ამ მხრივ ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა?
_ ერთი რამე შემიძლია გითხრათ. ამ ქვეყანაში დაწერილია ნაწარმოები „სტუმარ-მასპინძელი“ და სტუმრის გულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. ადამიანი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მას შენ დაიცავ, უნდა დაიცვა. ეს არის ჩვენი ტრადიციები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ძალოვან სტრუქტურებში „სტუმარ-მასპინძელი“ და „დიდოსტატის მარჯვენა“ მოდაში არ არის და არ ეცნობიან მას. ეს რეალობა გვაქვს და აქედან გამომდინარე მორალურ მხარეზე ძალიან ძნელია ამ ადამიანებთან საუბარი.
იურიდიულად რას ეყრდნობიან, ეს სხვა საქმეა და მე არ ვარ იმდენად ჩახედული, რომ ეს მხარე დეტალურად შევაფასო იმაზე, თუ რამდენად დიდი დანაშაულია ჩადენილი და რამდენად ზიანი აქვს მიყენებული რუსეთს, მაგრამ ადამიანმა თავი იმიტომ შეაფარა საქართველოს, რომ დარწმუნებული იყო, არ გაწირავდნენ. მეც ვეთანხმები თქვენი კითხვის დროს გამოთქმულ ამ შეფასებას, მგონია, რომ ამ ადამიანს ეგონა, არ გადასცემდნენ იმ მხარეს, სადაც ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა.
_ თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველო თავშესაფარი ვერ იქნება. ეს განცხადება როგორ უნდა გავიგოთ?
_ ამ ქალბატონის კომენტარებზე ალბათ ცალკე განცხადებები იქნება გასაკეთებელი. ამაზე ვისაუბრებთ, დრო რომ მოვა.
_ ჯერ არ არის ამის დრო?
_ რა მნიშვნელობა აქვს?! იმდენჯერ აქვს რაღაცა ნათქვამი, რაც ჩვენს ეროვნულ ღირსებებს შეურაცხყოფას აყენებს, რომ მისი განცხადებებიდან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, არაფერს არ ნიშნავს.
_ მაშინ რატომ ვერ უშვებენ მას თანამდებობიდან?
_ იმიტომ, რომ მთელი ”ქართულ ოცნებაში” უპრინციპო და მედროვე საზოგადოებაა შეკრებილი. ეგეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული.
_ „ოცნების“ შიდა ამბებზე გაქვთ ხოლმე რაღაც ინფორმაციები და ხომ არ იცით ისიც, დაიწყო თუ არა ივანიშვილმა სატელიტი პარტიების შექმნა 2020 წლის არჩევნებისთვის?
_ სიმართლე გითხრათ, სატელიტი პარტიებით არავინ ფონს არ გასულა და ვერც ”ქართული ოცნება” გავა. სატელიტი კი არა, მათ აღარავინ ენდობა და ივანიშვილის სატელიტს ვინ მოატყუებინებს თავს?! თუ საჯარო განცხადებებს დავეყრდნობით, რომ პროდასავლურ პარტიებისგან ფიქრობენ სატელიტების შექმნას, ამის თქმა მაინც აღარ უნდა სჭირდებოდეთ, იმიტომ, რომ ამის თქმა მათთვის მომგებიანი არ არის. იმიტომ, რომ თუ შენ დღეს ნებისმიერ მეტ-ნაკლებად პოპულარულ პარტიას სატელიტს დაარქმევ, რა თქმა უნდა, იქვე დამთავრდება მისი პოლიტიკური მომავალი.
აქედან გამომდინარე სჯობს, მთელი თავისი რესურსი ”ქართულ ოცნებას” მოახმარონ, ხალხთან მუშაობას მოახმარონ, დაპირებების შესრულებას მოახმარონ და არა რაღაც თაღლითობას და ვიღაც-ვიღაცების გაძვრენას.
_ ანა დოლიძე გეგმავს პარტიის შექმნას და როგორ უყურებთ ამას?
_ არ ვიცი. თუ მას სატელიტობა უნდა, არ ვიცი. მაშინ ჩაწერონ ის ”ქართული ოცნების” სიაში და უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ირიბად. რა ვიცი, ვნახოთ… თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ეს რომ მოხდეს იმ დაპირისპირებების ფონზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ხდება და მაშინ, როდესაც მის აზრს არ ითვალისწინებენ. ანა დოლიძე არ არის ისეთი გოგო, რომ პრინციპებსა და ღირებულებებს მისთვის ღირებულება არ ჰქონდეს.
მე არ მაქვს საბაბი, რომ ვიფიქრო ისე, რომ ანა დოლიძის პარტია ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტია იქნება. ვიცნობ ანას და ვიცი მისი ცხოვრებისეული პრინციპები, რაც წინააღმდეგობაშია ამ ინფორმაციებთან.
_ აქვს თუ არა გიორგი გახარიას ”ქართულ ოცნებაში” ის გავლენა, რაც უნდა ჰქონდეს პრემიერს, რათა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები?
_ გახარიას ის გავლენა ნამდვილად არ აქვს, რაც პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ მისი დაკომპლექტებული არ არის ეს მინისტრთა კაბინეტი და მისი გადაწყვეტილებებიც არ არის ისეთი, რომლებიც ჩამოაყალიბებს კაბინეტს.
მის მინისტრთა კაბინეტში ბევრი მინისტრია, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და ისინი პრაქტიკულად მხოლოდ ფორმალურად არიან გახარიას დაქვემდებარებაში, თორემ რეალურად ისინი პირდაპირ ივანიშვილის დაქვემდებარებაში არიან და, შესაძლოა, ივანიშვილის კარზე უფრო მეტი გავლენაც აქვთ.
ისინი არიან მინისტრები, რომლებიც არა გახარიას, არამედ სხვა ფინანსურ ჯგუფებს ექვემდებარებიან და უფრო მეტი პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილის წინაშე გააჩნიათ, ვიდრე გახარიას.
_ მაგალითად, ნათია თურნავა ვის დაქვემდებარებაშია?
_ ყველამ კარგად ვიცით, რომ თურნავა ჩხარტიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. თურნავა ჩხარტიშვილის ეკონომიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებსა და ეკონომიკურ პოლიტიკას.
_ მაშინ რა გამოდის, ”ქართულ ოცნებაში” ვანო ჩხარტიშვილს უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე გიორგი გახარიას?
_ თურნავასთან მიმართებაში ალბათ უფრო მეტი აქვს. თურნავა ჩხარტიშვილის მიყვანილია. თუნდაც ის კომპანიები, რომლებიც საპარტნიორო ფონდში არიან, საგანელიძიდან მოყოლებული ყველა ჩხარტიშვილის გავლენის ქვეშ არის. თურნავაც იქ მუშაობდა, მოგეხსენებათ, მოადგილე იყო და იქიდან გადმოვიდა ეკონომიკის სამინისტროში.
ძალიან დიდი ინტერესი აქვს ენერგეტიკის სფეროში ამ ჯგუფს და ალბათ მაგ მიმართულებით მუშაობს თურნავა და „წარმატებით“ შეასრულებს იმ დავალებას, რაც დავალებული აქვს ამ ფინანსური ჯგუფიდან. ძნელია, ეს ქვეყნის და გახარიას ინტერესებში ჯდებოდეს.
გახარიას ვიცეპრემიერობისას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. სამწუხაროდ, ისიც იმ თამაშში ჩაერთო, რაშიც თავის დროზე ბახტაძე თამაშობდა და ვითომ პრემიერის თამაშს თამაშობენ ორივე.
_ ჯანდაცვის სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს და უფრო და უფრო უარესდება და ასევე ჯანდაცვის მინისტრსაც ვერ გაუშვებს თანამდებობიდან გახარია?
_ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილება მოახდინეს და პოპულარული მინისტრი სერგეენკო გადააყენეს. მოიყვანეს ეს ქალბატონი, რომლის სახელი და გვარიც კი არ მახსოვს. არაფრისმთქმელია ეს ქალბატონი და ვერანაირი პოლიტიკური ფიგურა ვერ გამოდგა. როგორც ჩანს, ჯერ სწავლობს მინისტრობას და როცა ისწავლის, მაშინ ”ქართული ოცნება” თავის მოღვაწეობას ალბათ დაამთავრებს.
რა თქმა უნდა, სისტემაში კატასტროფული ვითარებაა. ვხედავთ, რომ რაღაცების გადანაწილება ხდება. იგივე ცვლილებები სასწრაფოებთან მიმართებით, როდესაც ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში გადაქვემდებარება ხდება, ეს რეალურად გავლენების გადანაწილებაა და არა ის, რასაც გველაპარაკებიან.
ასეთ დროს ყოველთვის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ჩვენი, გადამხდელების, დიდი ფული იხარჯება თითქოს სერვისების დახვეწაში, სინამდვილეში კი ხარისხი სულ უფრო და უფრო უკან მიდის.
_ ინტერვიუს ბოლოს შეაფასეთ პროკურატურაში არსებული სკანდალიც.
_ ქვეყანაში ინსტიტუტებმა, რომლებიც არც ისე კარგი რეპუტაციით გამოირჩეოდნენ სააკაშვილის პირობებში, კიდევ უფრო დისკრედიტაცია განიცადა. ხალხი იმედიანად იყო, რომ პროკურატურა და სასამართლო და ნებისმიერი ინსტიტუცია უფრო გამართულად იმუშავებდა და ხალხზე ორიენტირებული იქნებოდა, ვხედავთ რომ ამ მოლოდინმა არ გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
დღეს ყველგან ისევ და ისევ ის ვითარებაა, როცა პირადი ინტერესები და კონკრეტული ჯგუფების ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხალხის.
აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს რეალობა, რაც მივიღეთ.