დიმიტრი ბიძინაშვილი – “ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება არ მისცა”

დიმიტრი ბიძინაშვილი - “ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება არ მისცა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ქართული ოცნების” და თბილისის მერის, კახა კალაძის, შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– დიმიტრი, ბოლო პერიოდია უამრავი ბრალდება ისმის თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით. მას კორუფციაშიც სდებენ ბრალს, რას იტყვით თქვენ?
– კახი კალაძე ყველაზე ცუდი მერია, რაც კი თბილისს აქამდე ყოლია. ნარმანიაზე უარესი მერია, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. ამ ადამიანმა თბილისელების ხარჯზე მოინდომა გამდიდრება და ამას ეტაპობრივად ძალიან კარგად ახერხებს.
– რას გულისხმობთ, როგორ ახერხებს?
– არქიზე გაცემული ნებართვები, თავის ძმაკაცებზე და ახლობლებზე გადაფორმებული თბილისის ქონება, გაცემული სამშენებლო ნებართვები და ასე შემდეგ. გადათხრილი თბილისი ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რადგან ის კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას, არიან იმ ადამიანების, რომლებიც არიან მსხვილი შემოწირველები კახი კალაძის, რომ ის გამხდარიყო თბილისის მერი და დღეს ერთობლივად აკეთებენ ფულს.
– ამ კუთხით ათეთრებს ფულს?
– რა თქმა უნდა, თუ რამე კეთდება თბილისში, ყველფერში არის კახი კალაძე წილში ჩასმული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას, რომელიც ერთხელ 15 მილიონიან პროექტს ვერ ასრულებს, არ შეიძლება გაუფორმო 43 მილიონიანი პროექტი, რადგან იცი, რომ ეს კომპანია არ არის კეთილსინდისიერი და ის ვერ დაგიმთავრებს იმ სამუშაოებს, რომლებიც თბილისს ჭირდება.
– ფაქტია, რომ დიდი ქაოსია თბილისის ქუჩებში.
– სწორედ ასეა. დავიწყოთ თავიდან, კახეთის გზატკეცილზე, სადაც სათადარიგო გზა კეთდებოდა და 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ჩვენი, თბილისელების ფული, ამ კომპანიამ ვერ შეასრულა თავისზე ნაკისრი ვალდებულება. ამაზე კახი კალაძემაც ილაპარაკა მთავრობის სხდომაზე, მუშტი დააბრახუნა და თავის მოადგილეს, ბენდელიანს დაავალა, რომ ეს ხარვეზები გამოსწორებულიყო და ისევ ამ კომპანიას 43 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ეხება კახეთის ცენტრალურ გზატკეცილს.
იგივე სიტუაციაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, მაგრამ სექტემბერში კი არა, წლის ბოლომდეც ვერ მოესწრება.
ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს გლდანში, სადაც კახი კალაძემ რამდენიმე კვირის წინ ასევე დააბრახუნა ხელი და თქვა, კომპანია თავის მოვალეობას თუ ვერ ასრულებს, აუცილებლად ჩავანაცვლებთო. თუმცა იქ კაციშვილი არც მუშაობს და არც არავინ ჩაუნაცვლებიათ.
– რასთან გვაქვს საქმე?
– ეს კომპანიები პირდაპირ არიან დაკავშირებული კახი კალაძესთან და “ქართულ ოცნებასთან”, შესაბამისად მათ არავინ არ სთხოვს პასუხს. ეს ხალხი არის “ქართული ოცნების” და კახი კალაძის შემომწირველი. ეს ვალდებულება კახი კალაძეს აღებული აქვს მათთან და ეს ვალი უნდა დააბრუნოს.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კახი კალაძეს აქვს, არის ის, რომ თბილისის ზღვაში ჩაედინება ფეკალიები.
– ეს ინფორმაცია უარყვეს.
– თავიდან უარყოფდა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ უარყოფს და ამბობს, ფეკალიები კი ჩაედინება, მაგრამ ვფილტრავო.
– ოპოზიციამ ფულის გათეთრებაში დასდო კალაძეს ბრალი, ის საკმაოდ დიდი ოდენობით უძრავ ქონებას იძენსო, თუმცა მეორე მხარე აცხადებს, რომ კალაძეს მერობამდეც ჰქონდა დიდი ფული.
– კალაძის სიდედრი თითქმის მილიონნახევრის ქონებას ყიდულობს. ამ ქალბატონის სამუშაოს თუ გადავხედავთ, მას ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ქონება შეიძინოს.
აი, სწორედ აქ ჩნდება ეჭვები, საიდან აქვს ამ ქალბატონს ამდენი ფული?! რა თქმა უნდა, ეჭვი მიდის კახი კალაძემდე.
ასევე მას ერთ-ერთი ბანკის ფულის გათეთრების სქემა ამოუტივტივდა, თურმე როგორ ათეთრებდნენ ფულს ბანკის მეშვეობით და როგორ გადმოჰქონდათ უკრაინიდან ფული და ასე შემდეგ.
აი, სწორედ ამიტომ სდებს ოპოზიცია ბრალს, რომ საიდან მის სიდედრს ამდენი ფული, თუ არა კახი კალაძის ჩართულობა ამ საქმეში. ასევე ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფომ ყაზტრანსგაზს ჩამოაწერა 100 მილიონის ვალი და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყაზტრანსგაზის უკან ოფშორებში, სადაც ეს კომპანიაა დარეგისტრირებული, იდგა კახი კალაძე და ეს ფული კახი კალაძეს აჩუქეს. ახლა რებრენდინგი მოახდინა, სახელიო გადაარქვა, მაგრამ ეს კომპანია კვლავ რჩება კალაძის საკუთრებაში. სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე ჩნდება ეჭვები, რომ კახი კალაძე ძალიან დიდ ფულს შოულობს თბილისელების ხარჯზე.
– ანუ დიდ კორუფციაშია ჩართული?
– დიახ, ასეა.
– საუბარია, რომ პრემიერი გახარია სერიოზულად დაეჯახა კალაძეს, მაგრამ რადგან არჩეული მერია, ღიად ვერ უპირისპირდება. ამის შესახებ რა ინფორმაციებს ფლობთ?
– შიდა დაპირისპირებები “ქართულ ოცნებაში” არის ერთადერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი გავლენები მოიპოვონ, მეტი ძალაუფლება, რომ ისევ საკუთარი ჯიბისთვის მეტი ფული იშოვონ.
ივანიშვილის საახლობლოს აქვს ყველა სფერო გადანაწილებული. მინი ოლიგარქები ჰყავს გარშემო. ზოგი რკინიგზაშია, ზოგი პორტის ამბებშია ჩაფლული.
მაგალითად, პორტი ჩხარტიშვილისაა, რკინიგზა – მამაცაშვილის. ივანიშვილის ძმა სპირტის ბიზნესშია და ღვინის ექსპორტიდან შემოსულ თანხებს კურირებს. ყველა ამ ადამიანს აქვს თავისი ინტერესი და ამ ინტერესების გაფართოებისთვის მიდის ხოლმე “ოცნებაში” ეს დაპირისპირებები. ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს, არ იმალება.
თუნდაც ეს ბოლოდროინდელი დაპირისპირება ავიღოთ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გარშემო.
– მოხსნას უპირებდა გახარია, მაგრამ არ გამოუვიდა?
– გახარიას თურნავასთან ჰქონდა სერიოზული უთანხმოება, მისი გადაყენება უნდოდა და მის ადგილას თავის კადრის დანიშვნა. უბრალოდ, არ გადააყენებინეს, გახარიას არავინ არ კითხავს, ზევით ბიძინასგან რა დავალებაც მოდის, ისე უნდა გაკეთდეს.
– რატომ დაუპირისპირდა გახარია თურნავას?
– თურნავამ გამოაცხადა, რომ მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ქონების პრივატიზება უნდა მომხდარიყო და ბრძოლა გაიმართა იმისთვის, თუ ვინ დაეპატრონებოდა ამ ქონებას.
სწორედ ამიტომ სურდათ თურნავას გადაყენება, რაზეც ოლიგარქმა, მათ შორის ჩხარტიშვილის დიდი მეცადინეობით, უარი თქვა და არ გადააყენა. ამ ფულს ალბათ ისევ ის კლანი წაიღებს, რომელიც კურირებდა თურნავას.
– ანუ გახარია ამ ბრძოლაში დამარცხდა?
– კი, ასეა. გახარია ერთი ხელით წაახალისეს და დანიშნეს პრემიერად, მაგრამ მას არ მისცეს საშუალება, რომ თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა მთავრობა. თუნდაც ძალოვნებს გადავხედოთ, აქ არის ივანიშვილის კლანი გამაგრებული, ეკონომიკის სამინისტრო ჩხარტიშვილის კლანისაა.
გახარიას არ მისცემენ გაძლიერების საშუალებას, რადგან ივანიშვილს ძლიერი ფიგურები არ სურს მთავრობაში. ის არავის აძლიერებს. მას არ უყვარს გავლენიანი ფიგურები მის გარშემო, მისი სურვილია, ყველა თავად მართოს და ასეც აკეთებს.
– ასეთი დაპირისპირება თუა გუნდში, შეძლებენ არჩევნებამდე სახის შენარჩუნებას?
– სახე საერთოდ აღარ აქვს “ოცნებას”. ეს სახე საბოლოოდ 20 ივნიას დაკარგეს. საერთოდ ჩამოშლილია ეს ხალხი, უბრალოდ რამენაირად უნდა მიბობღდნენ არჩევნებამდე.
ეს ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გზით მოხდეს ამ ხალხის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. იმედი მაქვს, რომ ეყოფათ ჭკუა და არ დაიწყებენ ხელების ფათურს და არჩევნების გაყალბებას, თორემ ძალიან მწვავე პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან.