გია ხუხაშვილი – „კალაძე ნაციონალური ლიდერი ვერ გახდება“

გია ხუხაშვილი - „კალაძე ნაციონალური ლიდერი ვერ გახდება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რა შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის შარშანდელი დაპირებიდან ქართული ოცნების მმართველობაში? არის თუ არა „ოცნებაში“ ვინმე ისეთი ფიგურა, რომ მეტ-ნაკლები დოზით შეძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში? სად ხედავს კახა კალაძეს და ჩაყვება თუ არა ის ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში? რატომ არის რთული „ოცნების“ სისტემიდან გამოსვლა და რატომ ადარებს მაფიოზურ სისტემას? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს, რომელიც ერთ დროს თავადაც ამ გუნდში იყო და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა.

_ თითქმის ერთი წელი გავიდა იმ დროიდან, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს შეჰპირდა, რომ 1 წელში რაღაც შეიცვლებოდა. რა შეიცვალა? თუ არის სასიკეთო ნაბიჯები – იქნება ეს კორუფციის დამარცხება, სისტემური პრობლემები თუ სხვა?

_ მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი თქვენ თვითონაც კარგად იცით. თუ არ ჩავთვლით რაღაც არასისტემურ ინფორმაციას, სამწუხაროდ ეს იყო სერიოზული დეგრადაციის წელი, პოლიტიკური დეგრადაციის წელი იყო და ჩვენ რამდენიმე მიმართულებით სერიოზული სისტემური პრობლემა მივიღეთ. სამწუხაროდ ეს პროცესი გრძელდება, თუნდაც იმ სახით, რასაც ჰქვია პარლამენტში აბსოლუტურად კომპრომეტირებული სასამართლო შემადგენლობის წიხლით და დაძალებით გათრევა. შესაბამისად, მე არ ვიცი რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი იმაში, რომ ერთ წელში რაღაცა შეიცვლებოდა. შეიძლება ამას გულისხმობდა და მას არ უთქვამს, რომ კარგ რაღაცასაც გააკეთებდა. შეიძლება ის იმას გულისხმობდა, რომ ცუდი რაღაცა უნდა გაეკეთებინა და შესაძლოა მან თავისი ეს „სიტყვა“ შეასრულა.

_ კითხვა იმაზე ჩნდება, შემდეგ რაღას უნდა დაპირდეს ამომრჩეველს, რომ ხალხმა ისევ დაუჯეროს მას, იმ ფონზე, როცა ამდენი დაპირება ჩააგდო?

_ მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველზე კიდევ რაღაცა გათვლას აკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას აღარც გეგმავს. ის აპირებს იმას, რომ ფაქტობრივად იყიდოს არჩევნები. პირველი ეს არის უზრუნველყოფა იმისა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ქვეყანაში უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდება. ანუ, საფუძველშივე ჩაკლას ეს პროცესი და ეს მანკიერი ორპოლუსიანი სისტემა როგორმე შეინარჩუნოს და მერე შეთქმულების თეორიები ააგოს, სახელმწიფო გადატრიალებაზე და ა. შ.

ამ ფონზე კი შემდეგ ადგეს და იყიდოს არჩევნები. ეს არის ხელისუფლების მარტივი გეგმა. ის, რომ ამომრჩეველს კიდევ რაღაცას შეჰპირდეს, ბუნებრივია ეს არასერიოზული იქნება და ამას აზრი არ აქვს.

_ თუ ხედავთ მმართველ გუნდში ვიღაცა ისეთ პირს, ვისაც აქვს მეტ-ნაკლები რეიტინგი და დამოუკიდებლად თამაშის უნარი შესწევს?

_ არა, ამას ვერ ვხედავ. დამოუკიდებლად თამაშზე საერთოდ არ არის საუბარი. იმიტომ, რომ სისტემა არ გულისხმობს პოლიტიკურ პიროვნებებს. სისტემა მთლიანად გადღაბნილია და არის ერთი დიდი რუხი მასა. არის ერთი ადამიანი და ამას დამატებული რაღაც რუხი მასა. ქართული ოცნება უდრის ერთ ადამიანს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი იქ არავინ არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი იქ არის პატარა ადამიანების რაღაცა ფაფხური და მეტი არაფერი.

_ კალაძის როლს სად ხედავთ?

_ არ ვიცი. კალაძე ერთადერთია, რომელსაც თეორიულად შეუძლია სამომავლოდ მცდელობა ჰქონდეს ამ მიმართულებით, მაგრამ მე მასზე მაღალი აზრის არ ვარ.

_ არ ჩაყვება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში?

_ ის შეეცდება, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება არც მოხდეს ასე, მაგრამ ის, რომ ის გახდეს ნაციონალური მასშტაბის ლიდერი, მე ეს არასერიოზული მგონია.

_ თუ მას ექნება ქართული ოცნების გარეთ გასვლის მცდელობა, ხომ არ ააგორებენ კამპანიას მის წინააღმდეგაც და ძველ საქმეებს ამოუქექავენ, იგივე ენერგეტიკის სამინისტროს საქმეებს და ა. შ?

_ არაფერი არ არის გამორიცხული. იმიტომ, რომ სისტემა არ გულისხმობს მის დატოვებას. სისტემიდან მისი გასვლა არ შეიძლება. სისტემა აგებულია მაფიის პრინციპით. იქიდან გასვლა დასჯადია. მე ეს ყველაზე კარგად ვიცი.

_ რატომ? თქვენ თავზე ხომ არ გამოსცადეთ, ან მცდელობები ხომ არ იყო?

_ საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო ჩემი გამოსვლაც. თქვენ არ იფიქროთ, რომ მე მარტივად გამოვედი სისტემიდან. ეს იყო საკმაოდ მტკივნეული პროცესი და ახლა მით უმეტეს პრაქტიკულად შეუძლებელია ეს.

_ ამ მიმართულებით ხელს გიშლიდნენ?

_ პრინციპი ასეთია, რომ თუ შენ გადიხარ სისტემიდან, ისე რომ საკუთარი წილი არ გაგაქვს და საკმარისი გარანტიები არ არის იმის, რომ დუმილს შეინარჩუნებ, შენ ხდები სახიფათო. ეს არის მარტივი პრინციპი და შესაბამისად სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ სისტემაში ჩაგტოვოს. ან შენი კომპრომეტაცია მოახდინონ იმდენად, რომ გარანტია ჰქონდეთ. თუ ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ აკეთებენ, ესე იგი შენ პრობლემა ხარ და ეს არის მტკივნეული საკითხი. ანუ, ვინც სისტემიდან გადის, გადის ლოიალობის გარანტიებით, ან ხდება შეტევის ობიექტი.

ჩემ შემთხვევაში შედარებით იოლად წავიდა. იმიტომ, რომ სისტემა ფორმირებული არ იყო ბოლომდე. დღეს ეს უფრო ბევრად უფრო მძიმეა.

_ ახსენეთ მაფიოზური სისტემა და მაშინვე გრძნობდით, რომ ასეთი სისტემა ყალიბდებოდა?

_ მაფიოზური სისტემა ტერმინად გამოვიყენე. მაფია გამოვიყენე როგორც ანალოგია და არა ისე როგორც ბუკვალურად მაფია, მაგრამ ეს პრინციპი რა თქმა უნდა მოქმედებს, რომ სისტემიდან გასული ადამიანი სახიფათოა.

რა თქმა უნდა ვგრძნობდი ამას. აბა რატომ წამოვედი?! კი არის ჭორები რომ მე გამომიშვეს. ვერავის წარმოუდგენია, რომ ადამიანს შეიძლება თვითონ გაუჩნდეს ხელისუფლებიდან წასვლის სურვილი. მე პირიქით მგონია, ხელისუფლებაში რატომ უნდა იყო თავისუფალი ადამიანი?! თუ ამის ობიექტური აუცილებლობა არ არის?! ადამიანები ამაზე დრემდე ათას თეორიას აგებენ. სინამდვილეში ეს იყო ჩემი სურვილი. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდანვე გამოვაცხადე ეს რომ გავიდოდი.

გამიჭირდა ამის გაკეთება, მტკივნეული პროცესი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მოვახერხე. ეს იყო ჩემი არჩევანი და ეს არ ყოფილა ხელისუფლების გადაწყვეტილება. პირიქით, ხელისუფალი ყველანაირად ცდილობდა შევენარჩუნებინე და შესაბამისი შეთავაზებებიც კეთდებოდა, მაგრამ მე ყველაფერზე უარი ვთქვი და მერე წამოვედი.

_ გვახსოვს, მაშინ თქვენზე ათასგვარი ინფორმაციები ვრცელდებოდა. რუხ კარდინალს გიწოდებდნენ და ა. შ.

_ რუხი კარდინალი ნამდვილად არ ვყოფილვარ და არც ჩრდილოვანი არ ვყოფილვარ, ყოველთვის საჯარო ვიყავი. თუმცა, მცდელობაც იყო დისკრედიტაციის, აბსოლუტურად შეგნებულად. ამან რაღაც ზიანი მომაყენა, რა თქმა უნდა დროებითი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დასრულდა.

_ კალაძის თემას მივუბრუნდეთ. ხომ არ გგონიათ, რომ კალაძეს არა ივანიშვილი, არამედ ქალაქის პრობლემები, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო პოლიტიკა გადაიყოლებს?

_ მე ეს ნამდვილად არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კალაძეს ვერ ვხედავ იმ ფიგურად, რომ ის ფორმირდეს, როგორც ნაციონალური მასშტაბის ლიდერი. მას ამ ტიპის ლიდერად ვერ ვხედავ ვერც ივანიშვილთან ერთად და ვერც მის გარეშე. კონკრეტულად რა და როგორ იქნება, ამის პროგნოზირებას დღეს არ დავიწყებდი, იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია. ვიღაცა რომ წავიდეს, ამის ალტერნატივა უნდა შეიქმნას.

_ თანაც მას სჭირდება გუნდი და გუნდს თუ ხედავთ მის გვერდით, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს ის?

_ არა, გუნდებზე ლაპარაკი არასერიოზულია. მე ვთქვი, რომ არის ერთი ადამიანი და დანარჩენი ყველა არავინ არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების კარზე არიან რაღაცა დაჯგუფებები, რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები კი არ არიან, არამედ მეფის კარზე თბილი ადგილისთვის იბრძვიან და არა უმეტეს ამისა. ანუ, ეს უფრო სახელისუფლებო თამაშებია, ვიდრე საჯარო პოლიტიკური თამაშები.

_ ის ინფორმაციები რაც ვრცელდება დროდადრო რომ კალაძეს გამოაცალეს დასაყრდენები, რათა მან ვერ დაიწყოს დამოუკიდებლად თამაში, ესეც ივანიშვილის დავალებით ხდება?

_ სიმართლე გითხრათ მე ჭორაობაში ვერ შევალ. არც არის ჩემთვის მაინცდამაინც საინტერესო ეს კულისური რაღაც ამბები. ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.