იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
გეგმავს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას და რაზეა დამოკიდებული ეს? აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ერეოდნენ? რას ფიქრობს ანაკლიის პროექტის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით? შორდება თუ არა საქართველო დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს? როგორ აფასებს იუსტიციის საბჭოდან მისი წარდგენილი წევრის ანა დოლიძის შესაძლო გაშვებას და რას ფიქრობს დოლიძის პარტიაზე? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს.
_ ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ გეგმავთ პოლიტიკაში დაბრუნებას?
_ არა, ამ ეტაპზე არ ვგეგმავ.
_ ისე გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა დაბრუნდეთ?
_ არ მაქვს ასეთი რაღაც დადგენილი, რომ ან კი ან არა.
_ რაზეა ეს დამოკიდებული?
_ ვითარებაზე. ამ ეტაპზე ეს ვითარება არ დამდგარა.
_ ანაკლიის პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო. რას უკავშირებთ ამას და იმას, რომ ეს პროცესი ბუნდოვანებით არის მოცული?
_ ჩემთვის ეს გაუგებარია. ვიცი, რომ ეს პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ანაკლიის პროექტი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო სტრატეგიული თვალსაზრისით და ყოველთვის ჩემი პოზიცია ნათელი იყო, რომ ეს პროექტი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გართულდა ახლა ამ პროექტის განხორციელება.
_ რუსეთის გეგმის შესრულების ნაწილს ხომ არ ხედავთ ამაში?
_ არ ვიცი. რუსეთის ინტერესებში არის, რომ არ განხორციელდეს, მაგრამ რამდენად სრულდება რუსეთის გეგმა, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული საკითხი, მაგრამ ის, რომ ეს აწყობს რუსეთს და ანაკლია რომ იყო რუსეთისთვის პრობლემა, ეს ნამდვილად ვიცი.
_ ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკაში ხომ არ ხედავთ იმის ნიშნებს, რომ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს?
_ თავისთავად როდესაც ქვეყანას მართავ ისე, როგორც ახლა ხდება, მხედველობაში მაქვს ის, რომ სირთულეებია ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სირთულეებია დემოკრატიის სტანდარტებთან მიმართებით, მედიასთან მიმართებით და ა. შ. ეს განვითარება თავისთავად აახლოებს რუსეთთან ქვეყანას. იმის მიუხედავად, შენ თვითონ გინდა რუსეთი თუ არ გინდა.
ეს პოლიტიკა გაშორებს დასავლეთთან და გაახლოებს რუსეთთან. შეიძლება ამის გაკეთება არც გინდოდეს, მაგრამ შედეგად ამას იღებს.
_ იუსტიციის საბჭოში თქვენ მიერ წარდგენილ წევრს, ანა დოლიძეს, უფლებამოსილების შეჩერებას უპირებენ. როგორ აფასებთ ამ პროცესს?
_ ძალიან უარყოფითად. ანა დოლიძე არის გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე და მისი ეფექტური ფუნქციონირება ქართულ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებში ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული სასამართლოსთვის.
შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაწყებულ ამ კამპანიას ძალიან უარყოფითად ვაფასებ.
_ ანა დოლიძემ შექმნა მოძრაობა და აპირებს პარტიად ფორმირებას. მის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან წამოვიდა კამპანია, რომ ის აკეთებს ბიძინა ივანიშვილის სატელიტ პარტიას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს გააკეთოს მან?
_ მე ანას პარტიის თაობაზე ბევრი არაფერი არ ვიცი და არ ვიცი, რა პარტიას აკეთებს, მაგრამ თავისთავად ანას პერსონიდან გამომდინარე, მისი არათუ ივანიშვილის, არამედ საერთოდ ვინმეს სატელიტობა საერთოდ წარმოუდგენელია ჩემთვის.
_ „ტვ პირველს“ მისცა სკანდალური ინტერვიუ მეუფე იაკობმა და თქვა, რომ ხელისუფლება იყო ჩარეული, რათა ილია მეორე ჩამოეგდოთ.
_ მე თვითონ ინტერვიუსთვის არ მომისმენია, ვნახე რაღაცა ამონარიდები. კონკრეტულად თუ მკითხავთ, ვეცდები, გიპასუხოთ.
_ როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდით, მაშინ თქვენთვის თუ იყო ცნობილი, რომ ხელისუფლება ერეოდა ეკლესიის საქმეებში?
_ თვითონ ინტერვიუზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემთან მიმართებაში და იმ საქმიანობასთან მიმართებაში, რომელსაც მე ვახორციელებდი, არ არის ეს კითხვა. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევა არასდროს არ ყოფილა და არც მონაწილეობა.
_ თქვენი მხრიდან რომ არ იქნებოდა ჩარევა, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ გექნებოდათ ინფორმაცია, ხელისუფლება და ივანიშვილი თუ ერეოდნენ?
_ იცით რა? ინფორმაციას, რომელშიც დარწმუნებული არ ვარ, ვეძახი ჭორს. ჭორებზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. როგორც მოგახსენეთ, მე ამის პრეცედენტი არ მქონია და ჭორი ერთი არ არის, ათასია ხოლმე და ჭორებს მე არ ვიმეორებ.