ირაკლი ოქრუაშვილი – “ვიცოდი, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებისთანავე დამიჭერდნენ, მაგრამ მაინც დავბრუნდი”

ირაკლი ოქრუაშვილი - “ვიცოდი, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებისთანავე დამიჭერდნენ, მაგრამ მაინც დავბრუნდი”მატროსოვის ციხეში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ახალი თაობის” კითხვებს უპასუხა.
– რა პირობებში ხართ ციხეში და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
– ციხის ცხოვრება ერთფეროვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკანში მარტო ხარ, 23 საათი ჩაკეტილი ხარ 8 კვადრატულ მეტრ საკანში, ხოლო 1 საათი სეირნობ ასევე ჩაკეტილ 20 კვადრატულ სივრცეში გარეთ. დრო კითხვაში, წერაში, ფიქრში და ტელევიზორით თავის შექცევაში გადის.
თუ გინდა დრო სწრაფად გავიდეს, პირველ რიგში განთავისუფლებისათვის ყალბი მოლოდინი არ უნდა შეიქმნა და მეორე, დღეები არ უნდა ითვალო. თუმცა დღეები ისედაც სათვლელი არ მაქვს, რადგან არ ვიცი, როდის გავთავისუფლდები.
აკრძლული მაქვს მიმოწერა და სატელეფონო საუბრები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ციხემ ერთადერთი დისკომფორტიც შემიქმნა – უმცროსი შვილები სკოლაში პირველად წავიდნენ, დაპირებული ვიყავი, რომ მე წავიყვანდი და ტყუილი გამომივიდა. ამის გამო სულ პატარა გამებუტა და თავის ნახატებსაც არ მიგზავნის.
– რა მოლოდინი გაქვთ თქვენი სასამართლო პროცესიდან, ხომ არ შემოუთავაზებიათ საპროცესო შეთანხმების გაფორმება თქვენთვის?
– თუ ვინმეს უნდა გამამხიარულოს და სიცილის ხასიათზე დამაყენოს, შეუძლია მოვიდეს და საპროცესო გარიგება შემომთავაზოს. საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსეთთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე, ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფაც და პოლიტიკური თვითმკვლელობა. ასე, რომ, თუ ივანიშვილის ან მისი რომელიმე უტვინო მრჩევლის თავში ასეთი აზრი მოიხარშება, რომ საპროცესო გარიგება შემომთავაზოს, აქვე ვეუბნები, რომ ეს აზრი დაივიწყონ.
“საპროცესო გარიგება” შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ ერთ საკითხს – სახელმწიფოსგან უკანონო პატიმრობის გამო კომპენსაციას არ მოვითხოვ. კანონი კი ასეთ გარიგებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ასეთი გარიგება არ შედგება!
ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს აქვს სამი არჩევანი, თუ როგორ უნდა გამოძვრეს იმ ხაფანგიდან, რომელშიც თავისი უჭკუობით აღმოჩნდა.
პირველი – მისმა ჯიბის სასამართლომ სრულად გამამართლოს ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც მისი თუ მისი მრჩევლების თავში მოიხარშა.
მეორე – გამომიშვას გირაოთი და საქმე თაროზე შემოდოს.
მესამე – მომისაჯოს მინიმუმ 9 წელი.
არანაირი მეოთხე და საპროცესო შეთანხმება არ არსებობს. ამ სამიდან რომელს აირჩევს, მისი გადასაწყვეტია.
მე მესამე ვარიანტისთვისაც მზად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მის სასამართლოში ვერანაირ სამართალს ვერ ვიპოვი და უშუალოდ ის იღებს ჩემს საქმეზე გადაწყვეტილებას და არა მოსამართლე, იმაზე ნაკლებ ხანს მომიწევს აქ ყოფნა, ვიდრე მას შეუძლია ეგნოს.
თეორიულად ისიც რომ დავუშვათ, რომ მან ხელისუფლება 2020-ის არჩევნების შედეგად შეინარჩუნოს, ყველაზე გვიან 2024-ში მისი დასასრული გარდაუვალია და ამ შემთხვევაშიც მაქსიმუმ 5 წელი მომიწევს ციხეში ჯდომა.
რაც მეტ ხანს მომიწევს აქ ყოფნა, მით მეტად “მომემატება” პოლიტიკური წონა, მით მეტად “გავსუფთავდები” და სრული მორალური უფლება და მაღალი მოტივაცია მექნება, პოლიტიკურ ეშაფოტზე მე ავიყვანო ის და გილიოტინის სასხლეტს ჩამკეტი მე გამოვაცალო ისე, რომ ვერცერთი მასზე გადაფარებული პოლიტიკოსი ჩემს შეწინააღმდეგებას ვერ გაბედავს და ვერც მისი თავგადაკლული მხარდამჭერი ვერ გამამტყუნებს. ასე რომ, რაც მეტ ხანს დავრჩები აქ, მით მეტი პრობლემა გახდება მისთვის.
ჩემს ღია წერილში მისდამი სწორედ მაგას გავუსვი ხაზი, რომ მან ჩემთან ურთიერთობაში ცივილური თამაშის წესები დაარღვია და სხვა წესი დაამკვიდრა – “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”. მის შედეგებს კი აუცილებლად იგემებს გარკვეული დროის შემდეგ. ეს მისი უგუნური არჩევანი იყო, იმის გამო, რომ მას პოლიტიკა არასდროს ესმოდა და არც ახლა ესმის.
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ხანაში პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმით მისი საზოგადოებისაგან იზოლირება შეუძლებელია. მიუხედავად აკრძალვისა, სოციალურ ქსელშიც აქტიური ვარ და ინტერვიუებსაც ვიძლევი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ მეტად გავაქტიურდები.
პოლიტიკის ისტორიისაც არაფერი ესმის მას და დარწმუნებული ვარ, არც სმენია სიტყვები: “ლა ჰისტორია მე აბსოლვერა”. გაერკვეს ამ სიტყვების მნიშვნელობაში, ვინ, როდის და სად თქვა და დარწმუნდება მის უგუნურ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩემთან მიმართებაში მიიღო.
საზოგადოებრივი აზრი ჩემს საქმეზე ჩემს მხარესაა და ამით ყოველთვის მოვუგებ მას.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მას სერიოზულად საერთოდ არ განვიხილავ და არ ვთვლი, რომ სასამართლოში რამე წყდება. ეს პროცესი ფორმალობა და სპექტაკლია. მოსამართლე იქ არაფერს არ წყვეტს, ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს და ჩემ წინააღმდეგ აღძრულ საქმეს არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან.
ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან არასდროს ერთი გვერდიც კი არ წამიკითხავს იმის გამო, რომ ყველა საქმის მოტივი და მისი შედეგები პოლიტიკით იყო განპირობებული და საქმეებში ჩახედვას დროის კარგვად მივიჩნევდი.
ახლაც პოლიტიკა წყვეტს ჩემი საქმის შედეგს. ამის გამოა, რომ სასამართლოს არცერთ სხდომას არ ვესწრები, რადგან აზრს ვერ ვხედავ. ადვოკატებსაც წინასწარ ვუთხარი, რომ ბევრი დრო და შრომა არ დაკარგონ ჩემს საქმეზე. ერთადერთი მიზანი ამ სასამართლოების დროს ის მაქვს, რომ პროკურატურის და სასამართლოს შეცდომები იმისთვის გამოვიყენო, რომ სტრასბურის სასამართლოში სარჩელი შევიტანო.
ორ კვირაში ჩემი ფრანგი ადვოკატები პირველად სარჩელს შეიტანენ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით და ჩემი გათვლებით, სამ თვეში პირველი შედეგი მექნება.
– პოლიტიკური მიზეზით უკვე მეორედ დაგაკავეს. ელოდით თუ არა, რომ თქვენი პოლიტიკაში დაბრუნება ამ შედეგით გაგრძელდებოდა?
– ჩემი პრინციპია ან ყველაფერი, ან არაფერი. რა საქმესაც შევდგომივარ, ყველგან მაქსიმალისტი ვიყავი, ვარ და ვიქნები. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებდი იმას, რომ პოლიტიკაში დაბრუნებიდან მალევე გავხდებოდი საფრთხე ივანიშვილისათვის და დაკავებასაც არ გამოვრიცხავდი, რადგან მას 7 წლის მანძილზე ერთი გონივრული გადაწყვეტილებაც არ მიუღია.
მითუმეტეს, როდესაც ორი კვირით საფრანგეთში წასვლა მომიწია და ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე დააკავეს, ვიცოდი, რომ დაბრუნებისთანავე მეც იგივე მელოდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი და შეგნებულად წავედი ამ ნაბიჯზე.
ივანიშვილს ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს ჩემი და კობა კოშაძის დაკავების გამო.
დრონი მეფობენ და არა მეფენი, ნათქვამია. ვინც ჩემი პოლიტიკიდან განდევნა დაისახა მიზნად, ან გაქცეულია, ან ციხეშია ან მკვდარია. ივანიშვილს მხოლოდ ისეთ დამონებულებთან უადვილდება ურთიერთობა, ვინც მას თავს უხრის. თავი ცხოვრებაში არავისთვის არ დამიხრია, მითუმეტეს მას, რომელიც ქვეყანას შეგნებულად ანადგურებს, არ დავუხრი.
ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი პრინციპია – “არავის მსახურებდე, არცა ჰმონებდე, გარეშე თვთისა დამბადებლისა”. ის მე საერთოდ არ მიცნობს და წარმოდგენა არ აქვს ჩემ შესახებ. ჩემზე მხოლოდ სააკაშვილისა და შოთაძის მონაყოლით იცის.
არც სანტიმეტრნახევრიან ლეიბზე ძილი მიქმნის დისკომფორტს და სოზარ სუბარისა და ვიტია ჯაფარიძის ჩაწყობილი ტენდერებით ციხეში მიმზადებულ სალაფავსაც უპრეტენზიოდ მივირთმევ. ბავშვების სურათებიც კი არ შემოვაგზავნინე, იმის გამო, რომ მონატრების გრძნობამ არ დამასუსტოს.
ჩემი პატიმრობა დამოკლეს მახვილია ივანიშვილისთვის და ის, ადრე თუ გვიან, დაეშვება მის კისერზე.
– დაკავებამდე თუ გთავაზობდნენ რაიმე სახის გარიგებას იმის სანაცვლოდ, რომ ხელისუფლების ოპონენტი არ ყოფილიყავით?
– 20 ივნისის ღამეს ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და თავმოყვარე, მისი ქვეყნის გულშემატკივარი არცერთი ადამიანი მასთან საქმეს არ დაიჭერს.
2014-2015 წლებში შოთაძე იყო ჩვენ შორის მისი გამოგზავნილი შუამავალი ბევრ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
– როგორია თქვენი გეგმები მომავალში?
– ჩემი ზოგადი გეგმა ციხიდან გამოსვლაა, პრაგმატული და კონკრეტული გეგმა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვებაა 2020-ში. ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო” 2020-ის არჩევნების შემდეგ გახდება ივანიშვილის საწინააღმდეგო კოალიციის წევრი, რომელმაც ქვეყანა იმ ჭაობიდან უნდა ამოათრიოს, რომელშიც მისი მმართველობის დროს ჩაიძირა – სიღარიბის, კორუფციის, კრიმინალის, ნეპოტიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის, დემოგრაფიული კატასტროფის, შეცვლილი საგარეო ვექტორის ჭაობიდან და ქვეყანა უნდა გახდეს ნატოს წევრი, რათა სამუდამოდ გავთავისუფლდეთ რუსეთის გავლენისგან. ამ ყველაფრისთვის ბრძოლა ციხიდანაც შეიძლება ეფექტურად.
– ოპოზიციაში ერთგვარი დაპირისპირებაა ახალი წითელი ხაზების დადგენის გამო. რას ფიქრობთ ოპოზიციის შანსებზე 2020 წლისთვის?
– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავენ არამარტო ჩემ მიმართ, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ივანიშვილის მიერ რუსების მოთხოვნით არიან დაკავებულნი გავრილოვის ღამის გამო.
გარედან შეიძლება სასიამოვნო საყურებელი არ იყოს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, კინკლაობა, ინერტულობა, ზოგიერთის შტრეიკბრეხერობა, მაგრამ ვთვლი, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია და მის კრისტალიზაციას იწვევს. ივანიშვილი მალე თავად გახდება მისი ფორმულის – შუას გაკრეფვის – მსხვერპლი. ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა გაიაროს კრისტალიზაციის პროცესი იმ მხრივ, რომ ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდეს, ვინაა ივანიშვილის წინააღმდეგ და ვინაა მის ჯიბეზე ჩამოკიდებული.
ეს გაადვილებს შუას გაადვილებს შუას გაკრეფვას და არჩევნების შემდეგ ივანიშვილის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას.
არჩევნებამდე უნდა არსებობდეს ერთადერთი წყალგამყოფი და წითელი ხაზი – ბიძინა ივანიშვილი, ყველა სხვა წითელი ხაზი ამჟამად მეორეხარისხოვანია.
ყველაზე უნიჭოდ შენიღბული ამჟამად უსუფაშვილი ჩანს, რომელიც არც 20 ივნისს და არც მის შემდეგ არსად გამოჩენილა და არაფერი უთქვამს. 20 სექტემბერს კი გავრილოვის ღამის სამი თვის თავზე რუსთაველზე მიტინგზე ახალი პოლიტიკური ქადაგებით მოგვევლინა, რომ ქართულ პოლიტიკაში ცივი ომის დამთავრების დრო მოსულა თურმე.
მისთვის ადვილია ცივი ომის დამთავრება, როდესაც დღესაც ჰარმონიული ურთიერთობა აქვს ივანიშვილთან, ხოლო ჩვენ, 16 ადამიანი, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ციხეში ვართ გამოკეტილნი.
ყველაზე ანეკდოტურ სიტუაციაში კი ხაზარაძეა, რომელმაც საარჩევნო კამპანია სასამართლოში დაიწყო და სასამართლოში დაასრულებს, ხოლო საარჩევნო ბუკლეტებში ალბათ მისი ფულის გათეთრების საქმეს დაბეჭდავს ან სულაც ანაკლიის პორტის ჩაშლილ პროექტს.
შუას გაკრეფვის პრინციპით ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი მალე დასრულდება და გამოჩნდება, ვინაა ივანიშვილის მხარეს და ვინ მის წინააღმდეგ.
პოლიტიკურმა პროცესებმა სასამართლოში გადაინაცვლა. ყოველდღე გავრილოვის ღამის გამო დაკავებულების და ნიკა მელიას საქმეები იხილება, ჩემს საქმეზე აღარაფერს ვამბობ და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სრულიად ინდიფერენტულია ამ პროცესების მიმართ და თავი აქვთ მომძინარებული, რადგან ჩვენ, მათი გემოვნებით, “მოძალადეებად და კანონის დამრღვევებად” ვითვლებით.
ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება არ მაკვირებს, რადგან კონკურენტად აღვიქვები, მაგრამ რა “დააშავეს” სხვა დაკავებულებმა.
მერე უკვირთ, როდესაც ენდიაის კვლევებში არც პულსი ესინჯებათ და არც – წნევა.