“კალაძე ივანიშვილს არ გადაყვება“

 “კალაძე ივანიშვილს არ გადაყვება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნების” შენარჩუნება და გუნდის დამორჩილება სულ უფრო და უფრო უჭირს. ეს პროცესი უფრო მწვავედ თავს წინასაარჩევნო პროცესში, საპარლამენტო სიის შერჩევისას იჩენს.

რა პროცესებია მოსალოდნელი ”ქართულ ოცნებაში”? რა კავშირშია გუნდის ერთიანობასთან ირაკლი ღარიბაშვილის „ოცნებაში“ დაბრუნება და გახარიას გაპრემიერება? რა როლი აქვს გუნდში კახა კალაძეს? რა რესურსი აქვს ოპოზიციას და მოუწევს თუ არა რადიკალიზაციისკენ წასვლა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, პოლიტოლოგია კორნელი კაკაჩია საუბრობს.

_ მედიაში ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ ივანიშვილს უფრო და უფრო უჭირს გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და მათი დამორჩილება. ჩანს თუ არა ეს და გახარიას გაპრემიერებაც ამით ხომ არ აიხსნება, რომ რაღაცნაირად გუნდის შეკვრა შეძლოს?

_ არ არის გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია რეალური იყოს. პრინციპში ხელისუფლებაში ჩანს ეს. იმიტომ, რომ ”ქართული ოცნებისთვის” ეს პრობლემა არახალია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა მანამდეც არსებობდა, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობის დროიდან. მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა კიდეც ამის შესახებ, რომ ფაქტობრივად უჩემოდ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას და პრაქტიკულად გარიყული ვიყავი გარკვეული დროის განმავლობაშიო. მან რეალურად აღიარა ის, რომ ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს მის აზრს. ის ამის გამო უკმაყოფილო იყო და ამის გამოც იყო ის, რომ გიორგი კვირიკაშვილს მოუწია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.

ახლაც არ არის გამორიცხული, რომ ”ქართულ ოცნებაში” გარკვეული ჯგუფები ამას ახლაც ცდილობდნენ. პარტიიდან რაღაც ჯგუფების თუ პერსონების გამოსვლის პროცესი დაწყებულია უკვე კარგა ხანია. არიან ჯგუფები, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ 2020 წლის არჩევნები შესაძლოა ”ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიგოს და მათ უჩნდებათ კითხვები _  ვინ მოიგებს, როგორ მოიქცევა ახალი ხელისუფლება, რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებს თუ ასეთი სცენარი განვითარდა, იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა და ა. შ.

რა მოხდება, კაციშვილმა არ იცის. აქედან გამომდინარე ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ზურგი გაიმაგროს და არ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ივანიშვილის მემკვიდრეობასთან. ასეთი მომენტიც არის და ამიტომ ცდილობენ, რომ ცოტა უფრო დამოუკიდებელი პოზიციები ჰქონდეთ. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ გაზრდილია ივანიშვილის როლთან დაკავშირებით კრიტიკა ქართულ საზოგადოებაში.

_ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, რაც ”ქართული ოცნების” მიმართ არის, სასამართლო და იქ მიმდინარე პროცესებია. ხომ არ იქნება სასამართლოს მიმართ გამიჯვნის პროცესი?

_ არ არის გამორიცხული. სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მარტო სასამართლოს პროცესზე არ იქნება გამიჯვნის პროცესი. კიდევ სხვა საკითხებია. მომავალი წლის არჩევნებია ასევე, სადაც საარჩევნო სიის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს ნელ-ნელა მუშაობა. ეს აუცილებლად გამოიწვევს რაღაც პროცესებს ”ქართულ ოცნებაში”. იმიტომ, რომ იქ ამბიციები უფრო დიდია, ვიდრე შესაძლებლობები.

იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდებიან, ეს ჩანს უკვე. ადამიანებმა,  რომლებიც გრძნობენ, რომ ვერ მოხვდებიან სიაში, შეიძლება დაიწყონ პარტიის დატოვება. ზოგი ამას ხმაურით გააკეთებს, ზოგი ალბათ უხმაუროდ წავა, მაგრამ ეს პროცესი იქნება.

_ ანუ ”ქართული ოცნების” რღვევის პროცესი გარდაუვალია?

_ რღვევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დიახ, ”ქართულ ოცნებას” 2020 წლის არჩევნებში ფაქტობრივად ახალი გუნდი დასჭირდება. ეს იქნება სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი დეპუტატობიდან გაუშვეს, მაგალითად ზარდიაშვილი. ასეთი ადამიანები არ აწყობს პარტიას. ამასთანავე არის სხვა ვარიანტები, რომ ზოგიერთ ადამიანს არ აწყობს პარტიაში ყოფნა და ამის გამო ტოვებენ პარტიას. მათ შორის სასამართლო თემების გამო, ან სხვა მიზეზების გამო.

რღვევა იმ შემთხვევაში იქნება, თუ მთლიანად ჩამოიშლება პარტია. ამაზე საუბარი ახლა, წინასწარ ძალიან რთულია.

_ რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, რომ რაღაცნაირად შეაჩეროს ეს პროცესი და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გატარდეს რაღაც ცვლილებები?

_ აქეთკენ არის მიმართული გუნდში ღარიბაშვილის დაბრუნება, ასევე გახარიას გაპრემიერება, რაც თქვენც ახსენეთ. ივანიშვილი ამ ხალხს ენდობა და მას მიაჩნია, რომ  ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეკრან პარტია და ასევე შემოირიგონ განაწყენებული ამომრჩეველი, რომლებმაც ”ქართულ ოცნებას” ბოლო პერიოდში ზურგი აქციეს.

_ კალაძის როლს სად ხედავთ?

_ კალაძე ჯერჯერობით ავტონომიურობას ინარჩუნებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არავინ იცის. თუ კალაძემ შეამჩნია, რომ პარტიის რღვევა დაიწყო, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში თავად შექმნას პოლიტიკური პარტია. მას მერიაში ჰყავს თავისი გუნდი, თავისი მრჩევლები და ფაქტობრივად ჩანს, რომ ხვალ თუ მათი გზები გაიყოფა, ექნება იმის ამბიცია, რომ საკუთარი პარტია ჩამოაყალიბოს იმ ხალხისგან, რომლებიც მის ორბიტაში ტრიალებს. ჯერჯერობით არ მგონია, რომ ეს დაგეგმოს, მაგრამ მომავალში შესაძლებელია.

_ ანუ 2020-ის არჩევნებზე არ ელოდებით?

_ არა, ამ არჩევნებზე არა მგონია, თუმცა სიტუაციას გააჩნია. თუ ”ქართული ოცნების” რღვევა დაიწყო, მაშინ შესაძლოა დროზე ადრე მოუხდეს მას ამ ნაბიჯის გადადგმა. იმიტომ, რომ ის ნამდვილად არ გადაყვება ივანიშვილს.

თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას საკმაოდ დადებითი იმიჯი აქვს საზოგადოებაში და ესეც იქონიებს გარკვეულ გავლენას.

_ თუმცა ტაქსების რეგულაციების შემდეგ მისი იმიჯი დაზიანდა.

_ კი, მაგრამ ”ქართული ოცნების” წევრებთან შედარებით მას კარგი იმიჯი აქვს და მას არ უნდა, რომ მისი დადებითი იმიჯი რაღაცნაირად დაუკავშირდეს ”ქართული ოცნების” ნეგატიურ იმიჯს და ბუნებრივია, ის ეცდება, რომ რაღაცნაირად დამოუკიდებლობა და ავტონომია ჰქონდეს ქართული ოცნების შიგნით.

_ ალბათ „ოცნებაც“ ხვდება რეალობას, რომ მას გაუჭირდება უმრავლესობის შექმნა. ამ ფონზე ხომ არ ეცდება პატარ-პატარა პარტიებისგან შეაკოწიწოს კოალიცია? მათ შორის „ოცნებიდან“ გასული წევრების პარტიებისგანაც?

_ კი, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც არ არის გამორიცხული, რომ ”ქართულმა ოცნებამ” საერთოდ ვერ შეაგროვოს უმრავლესობა და უმრავლესობა სხვა პარტიებმა შექმნან. ამის წინასწარ ვარაუდი არ შეგვიძლია. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება და როგორი განწყობა ექნება ქართველ ამომრჩეველს და როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში.

_ ოპოზიციის რესურსს რაში ხედავთ? ცოტა მეტი რადიკალიზაციისკენ ხომ არ მოუწევთ წასვლა სასურველი შედეგის მისაღწევად?

_ არ ვიცი. საზოგადოებაში რადიკალიზაციაზე დიდი მოთხოვნა არ არის. იმიტომ, რომ ცოტა არ იყოს, ხალხი ცოტა დაიღალა ამ რადიკალური რაღაცებით და ასე თუ ისე რადიკალიზაცია დაკავშირებულია სააკაშვილთან. შეიძლება ითქვას, რომ ამისი აპეტიტი არ არსებობს.

ოპოზიციის ქმედებებში ახალი ხედვები და სტრატეგიები არ იკვეთება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს სურს, რომ უფრო მეტად დაბალანსებული პარლამენტი მივიღოთ. არა იმიტომ, რომ ოპოზიციაზე ეკეტება ჭკუა, არამედ იმიტომ, რომ ”ქართულ ოცნებას” არ მისცეს საშუალება, რომ მან ჩამოაყალიბოს უმრავლესობა.

ეს შანსს უტოვებს ოპოზიციურ ძალებს. მით უმეტეს თუ პარლამენტში შევლენ და იქ კოალიციას შექმნიან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასეთი სცენარი ვიხილოთ.

არის მეორე ვარიანტიც, რომ თვითონ ”ქართულმა ოცნებამ” მოახერხოს უმრავლესობის შეგროვება.

ამ ეტაპზე ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.