ლევან კობერიძე – “ივანიშვილმა შეიძლება “ოცნება” დატოვოს და მისი ოპოზიცია გახდეს”

ლევან კობერიძე - “ივანიშვილმა შეიძლება “ოცნება” დატოვოს და მისი ოპოზიცია გახდეს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, “ქართულმა ოცნებამ” როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, დაძაბული წინასარჩევნო პერიოდი გველოდება?
– “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს ფაქტია. ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტში შემოიტანეს განსახილველად, ამის დასტურია. ეს ბიუჯეტი ნათელად მიანიშნებს, რომ პირდაპირი თუ ირიბი მცდელობაა მოსახლეობის მოსყიდვის, კეთილგანწყობის მოპოვების.
მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მისასალმებელია პენსიების გაზრდაც და ხელფასების მომატებაც, თუ ბიუჯეტს შეუძლია სოციალური ტვირთის აწევა, მაგრამ ეს ხომ გარდაუვლად გამოიწვევს ინფლაციას, ფასების მატებას, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. ეკონომიკურ გარღვევაზე რომ იყოს საუბარი, მაშინ აიტანდა, მაგრამ მსგავსი არაფერია.
ეს არჩევნები იქნება შანსი, რომ ამომრჩეველმა “ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი მმართველობა დაასრულოს. დღეს “ქართული ოცნება” ნაციონალურ მოძრაობაზე დგას – ერთი მეორეს 9 წელს აბრალებს, მეორე – 8 წელს. ეს ორი პარტია ასე ერთმანეთში შეთამაშებულად იყოფს ძალაუფლებას. ამ მოცემულობის დასრულების შესაძლებლობა 2020 წლის არჩევნები იქნება.
– “ქართული ოცნება” აქამდე გამოყენებულ ტაქტიკაზე უარს იტყვის – ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, ნაციონალები დაბრუნდებიან?
– “ქართული ოცნება” ამ ტაქტიკას აუცილებლად გამოიყენებს. ეს მუშაობს ელექტორატის გარკვეულ ნაწილზე. კვლავ იქნება რიტორიკა – თუ ჩვენ არა, მიშა დაბრუნდება! ამას დაემატება ბუა ნომერი ორი: კობახიძემ და ჩუგოშვილმა განაცხადეს, თუ ჩვენ მთავრობის ფორმირებას ვერ შევძლებთ, მაშინ ვადამდელი არჩევნები დადგება დღის წესრიგში, ამოქმედდება 5%-იანი ბარიერი. პატარ-პატარ პარტიებიც დააშინეს. ერთი სიტყვით, გარკვეულ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე გააკეთეს მინიშნება.
ამ განცხადებით ისინი ადასტურებენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. მათი რიტორიკით, თუ ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენ მერე ქვა ქვაზე არ დარჩენილა! ეს ყველაზე ცუდია. “ქართული ოცნება” დღეს იბრძვის არა ამომრჩევლის გონებაში ადგილის დასაკავებლად, არამედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს არც ერთი ხელისუფლებისთვის კარგად არ დამთავრებულა. სამწუხაროდ, ხშირად არც ქვეყნისთვის მთავრდებოდა კარგად. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლამ არაფერი კარგი არ მოუტანა არც წინა ხელისუფლებას, პირიქით.
– ოპოზიციაშიც არაერთგვაროვანია პოზიციები. “ოცნების” და ნაციონალების ალტერნატივა რამდენად არსებობს?
– ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დაკავებული იყო ხელისუფლებასთან გარიგებით. ერთადერთი გამონაკლისი იყო ეროვნული მოძრაობა, როდესაც რეალური იდეა არსებობდა და ამ იდეის ირგვლივ იყო კონსოლიდაცია. იმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები ვერ უძლებენ ცდუნებას, რომ არ გაურიგდნენ ხელისუფლებას.
ეს პარტიები ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ადამიანებისთვის უკეთეს შეთავაზებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, რომ იყვნენ პოლიტიკაში. ეს უნდა დაძლიოს ოპოზიციამ. ამის ხარჯზე გახანგრძლივდა სააკაშვილის რეჟიმის არსებობა. იგივე მცდელობა არის სწორედ ახლა. “ქართული ოცნება” ცდილობს ახლა, იგივე თამაში ითამაშოს.
– კონკრეტულად?
– ცდილობს, გაურიგდეს პატარა-პატარა პარტიებს. წინასწარ ეუბნება: თუ პარლამენტში ჩემთან არ ითანამშრომლებთ და უმრავლესობას არ შემაკვრევინებთ, მაშინ ვადამდელი არჩევნები იქნება და 5%-იან ბარიერს ვეღარ დაძლევთ და დარჩებით გარეთ, არჩევნებზე დახარჯულ ფულიც წყალში ჩაგეყრებათ.
ამ მარტივი არითმეტიკის უკან რეალურად “ქართული ოცნების” პოლიტიკური ვაჭრობა დგას. შესაბამისად, თუ ამ პოლიტიკურ ცდუნებას ვეღარ დაძლევენ პარტიები და ხელისუფლებასთან ამ პოლიტიკურ ვაჭრობაზე უარს არ იტყვიან, იქნება იგივე. თუ დაძლევენ და ქვეყნის უკეთეს მომავალზე იფიქრებენ, მაშინ ეს არჩევნები ნამდვილად იქნება შანსი.
ყოველდღე ვხვდები მოსახლეობას და ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის. მათ არც “ოცნება” უნდათ და, მითუმეტეს, არც ნაციონალური მოძრობა. ისინი ამბობენ, “ქართული ოცნება” წავიდეს ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს.
– ივანიშვილს რამდენად უღირს იგივე გუნდით, რასაც პარლამენტში ვხედავთ, მოვიდეს ხელისუფლებაში? თუ შეიძლება წინასაარჩევნოდ სხვა “ქართული ოცნება” წარადგინოს?
– “ქართული ოცნების” დამფუძნებელი საკმაოდ გონიერი ადამიანია. ადეკვატურად აღიქვამს და აფასებს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ არასტანდარტულ, მოულოდნელ სვლებს მისი მხრიდან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს: თუ “ქართული ოცნება” გზიდან გადაუხვევს, ის დატოვებს “ოცნებას” და მისი ოპოზიცია გახდება. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე, მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ამიტომ, ამომრჩევლისთვისაც იქნება გამოწვევა ეს არჩევნები.
მგონია, რომ მთელ ამ პროცესს დააკვირდება ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის კარგი მაგალითია სასამართლოსა და მოსამართლეების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. როდესაც მან იმ 10-კაციან სიაზე წინააღმდეგობა დაინახა ერთი მხრივ ჩვენი მხრიდან, “ქართული ოცნების” უმრავლესობა დავტოვეთ დეპუტატებმა და მეორე მხრივ მოსახლეობის მხრიდან, პოზიციები შეცვალა. მას სჩვევია მსვლელობის პროცესში მოქნილი ნაბიჯების გადადგმა.
თუ ახლა ვიღაც ფიქრობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 20 კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტშია შემოტანილი, ბიძინა ივანიშვილი იმ ჭკუაზეა, რომ 20-ვე კანდიდატი უნდა აარჩევინოს პარლამენტს, ძალიან ცდება. “თქვენ ვინც გინდათ, აირჩიეთ” – ასეთია მიდგომა, მაგრამ ამ “ვინც გინდათში” შემოპარებული იქნება ის 5-6 კანდიდატი, რომლებიც მათ აწყობთ.
– წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი არაორდინალურ ნაბიჯებს გადადგამს?
– დიახ, არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაორდინალურ სვლებს სწორედ წინასაარჩევნოდ. მეორე, “ქართული ოცნება” შეეცდება უნიათობის იარლიყი ჩამოიცილოს და გარკვეულ ქმედებებზე გადავიდეს. მესამე, ძალოვანი სტრუქტურები წინასაარჩევნოდ მობილიზებულები იქნებიან, რაც არის სერიოზული გამოწვევა. ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალოვან სტრუქტურებს ეყრდნობა. ასევე, როგორც გითხარით, ხელისუფლება ეცდება პატარ-პატარა პარტიებთან სპეკულაციებს, მოსყიდვას.
პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი არის ქვეყანაში. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ერთჯერადად კარგი იყოს სავალდებულო არჩევანის გაკეთება. ამით ადამიანები საკუთარ ძალაუფლებასაც იგრძნობენ და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებაც იქნება.
როდესაც ქვეყანაში არის ერთგვარი საეტაპო არჩევნები, როგორც ეს იყო 2003 წელს, 2012 წელს და ახლა 2020 წელს, ამომრჩევლის როლი ძალიან მაღალია. გადაწყვეტილება სწორედ მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ამიტომ, მათი როლი და მონაწილეობა არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია.