ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებაზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია, წინასწარი განწყობაა, რომ შალვა თადუმაძე უსათუოდ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და შემდეგ თავმჯდომარე. თქვენც ასეთი განცდა გაქვთ?
– მეც ვფიქრობ, რომ გახდება. მიუხედავად ჩემი ნაცნობობისა და კოლეგიალობისა მისდამი, მე ეს უნდა ვთქვა. ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ მას ამ ქვეყანაში ყველაფერი შეუძლია. ამ ნარატივის ნაწილი იქნება შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს ჯერ წევრობა და შემდეგ – თავმჯდომარეობა.
– ის ამბობს, ჩემი ამ დიპლომით ორ მილიარდერს ვემსახურე ამ ქვეყანაშიო. როგორი იურისტია?
– მასთან ერთად არც ერთ საქმეზე არ მიმუშავია, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
– თადუმაძე კლანის წევრია?
– ამ 20-კაციანი სიიდან კლანის წევრი ყველა არ არის, მაგრამ ამ სიაში მოხვედრა უცილობლად გულისხმობს კლანთან გარკვეულ გარიგებაში ყოფნას. აქ მნიშვნელოვანია, შეასრულებენ თუ არა კლანის დაკვეთას და დავალებას. წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევენ, ეს არის პრობლემა.
– პროცესს როგორ შეაფასებთ? საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ასეთი ღია და დემოკრატიული პროცესი არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.
– რა თქმა უნდა, პროგრესია, რომ საზოგადოება პირადად ხედავს ყოფილ, მოქმედ მოსამართლეს, მომავალ მოსამართლეს, მათზე წარმოდგენა ექმნება საზოგადოებას. გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ რაც მე ამ პროცესში მადარდებს, არის ის, რომ ეს პროცესი სასამართლოს მიმართ ნდობას კი არ ზრდის, პირიქით.
როდესაც პარლამენტის დეპუტატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ მთავარ პროკურორს ედავება კვალიფიციურობაში და ეს დიპლომზე დასული საკითხია, ეს მთლიანად ინსტიტუტის მიმართ ნდობას არყევს.
არადა, ხელისუფლებას ეს გამჭვირვალე პროცესი პირიქით უნდა გამოეყენებინა. მაგალითად, როგორი ბრწყინვალე პროფესიონალები, როგორი კეთილსინდისიერი ადამიანები, როგორი სანიმუშო მოქალაქეები უნდა გახდნენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები. ეს გამჭვირვალე პროცესი კი სრულიად საპირისპიროში გვარწმუნებს.
ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, საზოგადოებისგან ღია და აშკარა დაკვეთა ექნება, რომ ეს უმსგავსოება დაასრულოს.
– სოციალურ ქსელებში, ინტერვიუებში მოქალაქეები კანდიდატების მიმართ კითხვას სვამენ არა იმდენად პროფესიული კუთხით, არამედ ზოგადი განათლების დონესთან დაკავშირებით. თქვენ გიჩნდებათ კითხვები ამ მიმართულებით?
– ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით, ჩვენ, იურისტები, ამ ადამიანებს ვიცნობთ. როცა მოსამართლე კანონს ბუკვალურად კითხულობს და არ უნდა მისი განვრცობა, მისადაგება და ურჩევნია, სადავო საკითხი არ გადაწყვიტოს, ვიდრე გადაწყვიტოს, იქ ყველაფერი ეჭვქვეშ დგება. ეჭვქვეშ დგება მისი განათლებაც. კარგად განათლებული ადამიანი დაასაბუთებს მაინც.
თქვენ არ წაგიკითხავთ ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებები და არ იცით მათი დასაბუთებები. ამ გადაწყვეტილებებიდან მოქალაქე კი არა, ჩვენ, პროფესიონალი იურისტები, ვერ ვხვდებით, საიდან გამოიტანა ის დასკვნა სასამართლომ, რომელიც გამოიტანა.
არადა, სასამართლო გადაწყვეტილება და განაჩენი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის გასაგები და დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ დავა კანონიერად გადაწყდა.
– აქამდე მოსმენილი კანდიდატებიდან მხარს რომელს დაუჭერდით?
– ვერც ერთს ვერ დავუჭერდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ვაჩაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოსამართლეს ცოტა მეტი მოეთხოვება, ვიდრე სხვას. ეს ადამიანები ემსახურებოდნენ იმ რეჟიმს, რომელმაც ამდენი პოლიტპატიმარი შვა. ამ მოსამართლეების გასამართლებას არავინ ითხოვს, სამიდღემშიოდ უზენაეს სასამართლოში გამწესებაზეა საუბარი.
არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ სისტემას ემსახურებოდნენ, რომ აღიარონ, შეიძლება მიტევების განცდაც გაგიჩნდეს ადამიანს, მაგრამ გულწრფელები არ არიან.
არაგულწრფელობა კი ძალიან საშიშია, რადგან ასეთი მოსამართლეები ამ პოლიტიკოსებსაც თვალდაუხამხამებლად გაასამართლებენ. პასუხისგებაში მისცემენ და პოლიტიკურ დევნას, როგორც დანაშაულს, ისე დაუდასტურებენ.
მერე ირბინონ სტრასბურში და მომადგნენ მე კარზე. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მართლმსაჯულების აქლემი ყველას კართან ჩაიმუხლებს.