ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდია, ოპოზიციის კრიტიკა გვესმის. იმის მაგივრად, რომ წინასაარჩევნო ერთობა შედგეს, ყველა ცალ-ცალკე მიდის. რატომ, რა ხდება?
– ამ ეტაპზე მოვერიდებოდი მკვეთრი კომენტარების გაკეთებას, რადგან დღეს ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტია. იმედია, ჩამოვყალიბდებით, ვინ როგორ და რანაირად.
პატარა პარტიებზე არაფერია დამოკიდებული, აბსოლუტურად არაფერი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, ერთგვარი ხელშეკრულება, რომელიც დოკუმენტურად არის შემდგარი ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.
– ნაციონალებს დამოუკიდებლად გასვლა უნდათ?
– წავიდა ასეთი ლაპარაკი, რომ შეიცვალა რეალობა და რაღაცა ხომ არ შევცვალოთო. მოკლედ, ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, შიგნით მიდის საუბრები, მათ პარტიაში, რა ჯობს და ამას ჯერჯერობით არ აჟღერებენ. გუნდში არ აქვთ ერთიანი პოზიცია. არ არის გამორიცხული, ვიღაცას ცალკე უნდოდეს.
რაღაც გადაჯგუფებები ალბათ იქნება. მე პირადად ეს ცვლილება არ მინდა, მირჩევნია, იყოს ისე, როგორც აქამდე იყო, როგორც მოლაპარაკებულები ვართ, რაზეც მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. სხვადასხვა წინადადებები განიხილება. იმედს არ ვკარგავ, რომ სიტყვას არ გატეხს არავინ.
– ანუ არის მაინც საუბარი, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ერთად გავიდეს ამ არჩევნებზე?
– პატარა პარტიები ვიძახით, რომ ჩვენ ვართ ერთგულები იმ ხელშეკრულების, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე შედგა ჩვენ შორის, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავიდეთ.
– თუმცა შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც შეიძლება სიტყვა გატეხოს?
– ჩვენგან ეს არ მოხდება. ნაციონალები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, დამოუკიდებლად გავიდნენ თუ ჩვენთან ერთად. ის დიდი და ძლიერი პარტიაა.
– ოპოზიციურ პარტიას, რომელიც არჩევნებზე მარტო გავა, შანსი არ აქვს და ის ივანიშვილის თამაშს ითამაშებს.
– ცალკე ალბათ არ გავლენ. სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ თუ როგორ გავიდნენ. შეიძლება რამე შეიცვალოს. მე მესმის, ეს არის უზარმაზარი პარტია, სადაც 120-ზე მეტი პოლიტსაბჭოს წევრია და ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულებები აქვს.
სხვა სიტუაცია იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე, როცა ერთი ადამიანის არჩევნები იყო. აქ ბევრის არჩევნებია. პატარა პარტიებს, ვინც ვართ ამ ერთობაში, მხოლოდ ერთი პოზიცია გვაქვს, ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ როგორც მინიმუმ 40% უნდა ავიღოთ. შეიძლება მეტიც. ამ შემთხვევაში 60 კაცი მაინც გადის პარლამენტში, რაც ძალიან ძლიერ ფრაქციას შექმნის.
ჩემთვის არ არის არაფრის მომცემი, რომ გავიდეს 20-30 კაცი და ვიყოთ ერთი უმნიშვნელო ფრაქცია. ეს საინტერესო არ არის. ამ შემთხვევაში გამარჯვებული ისევ “ოცნება” გამოდის.
– ხელისუფლების ცვლილება უნდა შეძლოს ოპოზიციამ?
– დიახ და ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ მთავრობა. აი, ეს არის პირადად ჩემთვის მიზანი. თუ ვიღაცის პარლამენტში შესვლა და უბრალოდ იქ მოკალათებაა მიზანი, ეს ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის.
– ოპოზიციის დიდ ნაწილს სწორედ ეს უნდა, რომ მოიპოვოს მანდატები.
– გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერჯერობით არ მიდის ამაზე ლაპარაკი. სხვადასხვა ვარიანტები და შემოთავაზებებია, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ყველაზე მოხერხებულად მოხვდეს ამ ერთობაში. ჯერჯერობით გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებული და ვნახოთ.
– რამდენად დაუშვებს “ოცნება”, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ?
– მე ასე ვიტყოდი, რომ თუ დაირღვა ხელშეკრულებები, თუ მოხდა დაქუცმაცება, დაშლა, თუ მოხდა სიტყვის გატეხვა შიგნით, მაშინ ეს ყველაფერი წავა “ოცნების” სასარგებლოდ.
– ელოდებით ამას?
– ნამდვილად არ მინდა, რომ ამას ველოდო. ყოველთვის ფიქრობ ადამიანი რაღაცას ცუდს, მაგრამ დღეს არ მინდა ამაზე ფიქრი. ჯერჯერობით ვჯერდებით, რომ ერთად უნდა გავიდეთ, მაგრამ როგორ ერთად, ეს რთული პროცესია.
– რატომ არის რთული?
– ერთი სახელი უნდა გერქვას. ამასაც მნიშვნელობა აქვს. ჩვენში არიან ისეთი პარტიები, რომლებიც ადრე მკაცრი ოპოზიციონერები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის, ახლა მოინდომებენ ისინი, ნაციონალური მოძრაობის სახელი დაირქვან?! ესეც საკითხავია.
ძალიან ბევრი დეტალია შესათანხმებელი და შესაჯერებელი. ჩვენ თანახმა ვართ ამ ერთობის, თუ რამე შეიცვლება, ეს პირადად ჩვენზე დამოკიდებული არ იქნება. დაშლის ინიციატივა ჩვენგან ნამდვილად არ წამოვა.
– რა პროცესები მიმდინარეობს “ოცნების” შიგნით? დიდი არეულობა აქვთო.
– “ოცნების” შიგნით არეულობა, რა თქმა უნდა, იქნება. საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ სხვა ვითარება იყო და ასე თუ ისე შეთანხმდნენ, ახლა სრულიად სხვა ვითარებაა. ახლა სხვადასხვა ჯგუფები თავისთვის იბრძოლებენ, ეს გასაგებიც არის. თუმცა ეს ძალა მაინც მოახერხებს შეთანხმებას და საბოლოოდ მაინც შეიკვრებიან და წამოვა იგივე ფრაზები, რა ცუდია ოპოზიცია, რა საშიშია ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. იქნება მუდმივი აპელირება იმ სისხლიან 9 წელზე. ამ 8 წელზე კი, რომელიც ახლა მთავრდება და ვერაფერიც ვერ მივიღეთ, ხმას არავინ ამოიღებს.
– “ოცნება” შეძლებს, რომ წვრილ-წვრილი პარტიების დახმარებით დარჩეს ხელისუფლებაში მესამე ვადით?
– ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, ვინ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციიდან “ოცნებასთან”. არის ერთი-ორი პარტია, იგივე მწვანეები, ინაშვილის პარტია, ვისზეც საუბრობენ, ეს გასაგებია, ისინი ისედაც ითვლებიან მის სატელიტებად.
– ბევრი არც იმას გამორიცხავს, რომ “ევროპულმა საქართველომაც” ითანამშრომლოს “ოცნებასთან”.
– იცით, როგორ არ მინდა ამის დაჯერება? ვერ წარმოიდგენთ! არ მაქვს საფუძველი, რომ ეს დავიჯერო. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ახლაც მოხდება თანხვედრა ჩვენს გაერთიანებასა და “ევროპულ საქართველოს” შორის, თუნდაც უკვე შიგნით პარლამენტში. მე სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.
– თუმცა პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ყველაფერი მოსულა, ბატონო მამუკა.
– საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ იმედი მაინც რჩება, რომ რაღაცა ადამიანობა შენარჩუნებული იქნება.
ყველა პრაგმატულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა სიკეთისკენ. თუ რამე შეიცვალა, შეიცვალა უარესობისკენ. სრულ ჭაობში ვართ.
გამოდის, რომ ახალი მთავრობაა საჭირო, ახალი სისხლი, ახალი მიდგომები. არ შეიძლება ისე მიუდგე საკითხს, რომ მარტო მე ვიყო კარგად, მე გავხდე მთავრობის წევრი და რაღაც სიკეთეები მივიღო. ხალხისთვის და ქვეყნისთვის უნდა გააკეთო რაღაც. რადგან თუ გარშემო ჭაობია, შენ კარგად ვერ იქნები, ბაყაყი იქნები ჭაობში!
და რაც უნდა მსუქანი ბაყაყი იყო, მაინც ბაყაყი ხარ. ეს ყველამ გაითვალისწინოს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრაგმატიზი გაიმარჯვებს ოპოზიციაში და ის პარტიები, ვისაც ეს ცდუნება აქვს, სხვაგვარად შეხედავენ სიტუაციას.