ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მეუფე იაკობის ინტერვიუსა და მამა გიორგი მამალაძის საქმის შესახებ საუბრობს.
– ბატონო მიხეილ, ქორეპისკოპოს იაკობის ინტერვიუდან რამე იცოდით თუ პირველად ისმენდით? რამდენად მოულოდნელი იყო ეს ინტერვიუ?
– ვარაუდები ჩვენ გვქონდა ამ საქმეში გარკვეული ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით. მამა გიორგი მამალაძის დაკავებაში მონაწილეობდა, მაგალითად, სუსის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი. შემდეგ უკვე მთავარი პროკურორის მოადგილე ვასაძე. ეს პირები ჩართულები იყვნენ.
კონკრეტულად შეხვედრაზე, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს პრემიერ კვირიკაშვილთან, გომელაურთან და გახარიასთან, მე ვერაფერს გეტყვით, მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
– რა პროცესთან შეიძლება საქმე გვქონდეს? მეუფე იაკობის განცხადებები როგორ იმოქმედებს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე?
– ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნათელია, რომ საპატრიარქოში არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც გარედან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები რაღაც ქმედებებს აიძულებდნენ. პირობითად ამ ჯგუფებს დავარქმევდი პროდასავლური და პრორუსული აზროვნების მქონე პირებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს.
მე მიკვირს, სასულიერო პირები რატომ ერევიან პოლიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ერევიან. გარკვეულ ინტერესებს ემსახურებიან.
მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ ეს ყველაფერი დაიგეგმა სწორედ მის მიერ გამოვლენილი მთელი რიგი კორუფციული ფაქტების გამო. ასევე, მის მიერ იქნა დანაშაულებრივი უზნეო ქცევები და ფაქტები აღმოჩენილი და ამიტომ წავიდნენ მის წინააღმდეგ.
ბევრისთვის ცნობილია, რაც ხდება საპატრიარქოში, მაგრამ ამ ფაქტების შესახებ მამა გიორგი საჯაროდ აპირებდა საუბარს წმინდა სინოდის სხდომაზე. ამიტომ, ოთხჯერ მოითხოვა წმინდა სინოდზე ამ საკითხების გატანა და განხილვა, მაგრამ დაიბლოკა. არავის არ აწყობდა, რომ ეს ყველაფერი საჯარო გამხდარიყო.
– კონკრეტულად წინააღმდეგობას ვინ უწევდა?
– მათ შორის ერთ-ერთი იყო შორენა თეთრუაშვილი, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც ჩანს.
– თქვენი ინფორმაციით, მას დღესაც აქვს გავლენები?
– ძალიან, მისი გავლენები განუზომლად დიდია საპატრიარქოში. მამა გიორგისთან შედიან მღვდელმთავრები, ისინი ამბობენ, რომ უდანაშულოა მამაო, მაგრამ არ იკრიბებიან, არ იწვევენ წმინდა სინოდის სხდომას, სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ. ჩემი შეფასებით, შორენა თეთრუაშვილის გავლენები ისევ ისეთია.
– ელოდებით, რომ ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება?
– როგორ?! ჩვენ, მამა გიორგი, ყველა ითხოვს, რომ ეს საკითხი განიხილოს წმინდა სინოდმა, მაგრამ არ ხდება. ადვოკატები, პირადად მე, მზად ვარ გამოვცხადდე და დეტალურად გავაცნო მღვდელმთავრებს საქმე, ყველა ნიუანსი, მაგრამ მე ეს მოლოდინი უკვე აღარ მაქვს.
– მეუფე იაკობმა ეს განცხადებები ახლა რატომ გააკეთა?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე ვერც იმას გეტყვით, ის სვამს თუ არ სვამს, თითქოს 20 წელია, სასმელს არ სვამს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ქორეპისკოპოსის სტატუსი აქვს, გაწონასწორებული აზროვნებითა და მეტყველებით უნდა გამოირჩეოდეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი განცხადებები თვითგადარჩენისთვის არის გაკეთებული. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მას გარკვეული პირადი ინტერესები აქვს.
– ამბობენ, რომ მეუფე იაკობს პატრიარქობის სურვილი ჰქონდა. თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ, ან ამის შესახებ თუ უთქვამს თქვენთვის მამა გიორგი მამალაძეს?
– არა, მე ამის შესახებ არ ვიცოდი. არც მამა გიორგისთან მისაუბრია და არც მას უსაუბრია ამაზე.
– მამა გიორგი არც ერთმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა, რატომ?
– პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საჯაროდ თქვა, რომ შემომიტანენ განცხადებას, განვიხილავო. არაერთხელ თქმულა, რომ საპატრიარქოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ არ შეეწყალებინა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, უარი გვეთქვა.
– პატრიარქის დღევანდელი განწყობა როგორია, თუ იცით?
– მე როდესაც პატრიარქს შევხვდი, ის მზად იყო, პირადად ჩადგომოდა მამა გიორგის თავდებში და ციხიდან გამოეშვა, მზად იყო, გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ დაარწმუნეს, რომ არ შეიძლებოდა მისი გამოშვება.
– მეუფე იაკობმა იმ ინტერვიუში თქვენთან დაკავშირებითაც ისაუბრა. რა ეტაპზეა თქვენი სასამართლო პროცესი?
– პირველმი ინსტანციის სასამართლომ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ეხებოდა. მათ ეს გაასაჩივრეს და სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს არის შემდეგი პროცესი.
მოსამართლოეები გააფრთხილა და მოუწოდა, რომ არ გაბედონ და თუ ასე იქნება, გამოდის, რომ მეუფე იაკობს, როგორც იძახის, მართლაც დიდი ძალა ჰქონია ყველასთან და ყველაფერში.
ვნახოთ, რას იზამს სასამართლო.