ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნება” დღეს 40%-ზე მეტს ვერ აიღებს”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” დღეს 40%-ზე მეტს ვერ აიღებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ არჩევნებში ხმების 45%-ს ვერ მიიღებს “ოცნება”, კოალიციის შექმნა გაუჭირდება. შემდეგ მან შეცვალა მაჩვენებლები და 60%-ს ავიღებთო. თქვენი ვარაუდით, რამდენს აიღებს “ოცნება”?
– ძალიან რთულია პროგნოზირება მით უფრო, როდესაც ერთი წელია წინ, მაგრამ ნამდვილად არ იქნება არც 45% და არც 60%. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, ალბათ 35-დან 40%-მდე აიღებდა.
– კოალიციის შექმნა “ოცნებას” გაუჭირდება?
– ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ის მზად არის, “ოცნებას” მანდატებით დაეხმაროს. რაც ჩემი აზრით სწორი მიდგომაა თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ დგება კოალიციები დასავლეთში.
ამდენად, გარდა პრორუსული ძალებისა, “ქართულ ოცნებას” დასავლური ღირებულებების ფლანგზეც შეიძლება პარტნიორი აღმოაჩნდეს და ეს შეიძლება “გირჩი” იყოს. მათ იდეური თანხვედრა ნამდვილად აქვთ. ივანიშვილის იდეა კანაფის მოყვანასთან დაკავშირებით და “გირჩის” პოზიცია კანაფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, არ მგონია, ერთმანეთთან აცდენაში იყოს.
თუმცა, თუ საქართველოს პოლიტიკის უახლეს ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დეპუტატები პოლიტიკური მდგრადობით არ გამოირჩევიან. ხომ გახსოვთ, 2004 წელს შევარდნაძის მაჟორიტარები როგორ აღმოჩნდნენ უცებ სააკაშვილთან. არაფერს ვამბობ ლეიბორიტების ბეგაშვილზე, რომელიც ლამის ნაციონალების სახედ იქცა. ჩვენს რეალობაში გადმოპორტირების ისტორია ახალი ხომ არ არის?!
– თქვენ ამბობთ, რომ “ოცნებას” მთავრობის დაკომპლექტება არ გაუჭირდება?
– არა, რა თქმა უნდა! აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც ამას სიამოვნებით გააკეთებენ. თუმცა, რასაკვირველია 15–ს გადმობირებას 6-ის გადმობირება ჯობია.
ამ არჩევნებზეც იგივე მექანიზმი იმუშავებს, რაც დღემდე მუშაობდა და რითაც დღემდე იგებდა “ოცნება” არჩევნებს. დაშანტაჟება იქნება, მაგრამ არა იმდენად თეზისით ნაციონალური მოძრაობა მოვა, არამედ თეზისით არასტაბილური გარემო იქნება და ამიტომ საჭიროა ამომრჩევლის მობილიზება.
– აღარ იმუშავებს ნაციონალების დაბრუნებით დაშინება?
– ნაციონალური მოძრაობა უკვე იმდენად ჭრელია, იმდენად ფართო სპექტრია, რომ ვერ იმუშავებს. ამიტომ დაიწყო ლაპარაკი არასტაბილურობაზე. არასტაბილური გარემო კი არავის არ უნდა. ახლა ამით უფრო მოახდენენ ყოფილი მხარდამჭერების უკან მობრუნებას.
– გიგა ბოკერიას განცხადებას ამნისტიის შესახებ არაერთგვაროვანი პოზიციები მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან, თქვენთვის ეს რა გზავნილია?
– ნამდვილად არადროული განცხადება იყო. ბოკერიას ზოგადად ვეთანხმები იმაში, რომ რეპრესიები არ უნდა იყოს და რეპრესიებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. 2012 წელსაც “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებდი, რომ რეპრესიებზე კი არა, ქვეყნის აღმშენებლობაზე ყოფილიყო მთავარი აქცენტი. ამდენად, იდეა მისაღებია, მაგრამ დღეს ამნისტიაზე ლაპარაკი, რაც ძველი ცოდვების მიტევებას ნიშნავს, არ მგონია, მართებული იყოს, რადგან ამნისტია არ არის ახალი დანაშაულებების მიტევება.
– სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირებაში, ვინ უფრო მომგებიან პოზიციაშია? აშკარაა, რომ ეს ყველაფერი წინასარჩევნო კამპანიის ნაწილია.
– დღეს “ევროპული საქართველო” ცდილობს, მოძებნოს ის გზები, რომლებიც მას ელექტორატის თვალში ნაციონალური მოძრაობისგან განასხვავებს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს, ეს ცოტა რთული იქნება, თუმცა აშკარაა, რომ ამას ცდილობენ.
– ხელისუფლების რიტორიკაც ასეთია, რომ ისინი ერთნი არიან, რადგან როდესაც ერთმანეთს სჭირდებიან, ერთად არიან.
– დიახ. ამიტომ, ცდილობენ, ეს გარღვევა მენტალურად მოახდინონ. ასევე ცდილობენ, ოპოზიციურ ფლანგზე პირველი პარტია გახდნენ და ნაციონალური მოძრაობა ჩააჩოჩონ.
ეს სრულიად ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, რამდენად შეძლებენ ამას, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ამისთვის ბევრი ჭკვიანური და მოზომილი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ.