ალეკო ელისაშვილი – “ჩამომყვეს ბიძინა მეტროში, გავიყვან ნავთლუღის ბაზარში, მერე ოკრიბაზე ამოვიდეთ დიდუბეში”

ალეკო ელისაშვილი - “ჩამომყვეს ბიძინა მეტროში, გავიყვან ნავთლუღის ბაზარში, მერე ოკრიბაზე ამოვიდეთ დიდუბეში”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– კახა კალაძე აცხადებს, აირაის კვლევით თუ ოპოზიციას ჯამში “ქართულ ოცნებაზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ არც არაფერი ჰქონიათ სანერვიულო და მოემზადონ არჩევნებისთვისო. თქვენი პასუხი როგორია, მოემზადებით?
– კახა კალაძეს მინდა შევახსენო სასტუმრო “შერატონში” გამართული შეხვედრა: მან, კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, შექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართო.
მე იმ შეხვედრაზე მივედი და “ქართული ოცნებისადმი” ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე. ეს ღია ეთერში გადაიცემოდა და მთელმა ქვეყანამ ნახა. ახლა ვეკითხები კალაძეს, გახსოვს ეს ამბავი?! იმ ოთხეულიდან, დავიჯერო, არც ერთს არ ახსოვს, სახელმწიფო მოღვაწეების სახეები რომ ჰქონდათ და მეც რომ ვირწმუნე მათი. სიტყვას ფასი არ უნდა ჰქონდეს?! ამის შემდეგ “ქართული ოცნების” დაპირებას რა ფასი ექნება, ამაზე ფიქრობენ?!
აირაის კვლევებს კარგად ჩახედონ, გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდათ. კალაძე კი გვეუბნება, ხალხი ვერ ხვდება, პროპორციული საარჩევნო სისტემა რა არისო.
დიახ, ოპოზიციას ჯამურად “ქართულ ოცნებაზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს.
– რეალურად რატომ დაიხია ივანიშვილმა უკან, ეს შედეგები ნახა?
– რა თქმა უნდა! ჩემი ინფორმაციით არა ერთ კომპანიას, არამედ რამდენიმეს დაუკვეთა კვლევა და ყველამ ამოუგდო, რომ 23%-ს ვერ სცდება “ქართული ოცნება”. ამიტომ, მიხვდა, რომ პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებზე სრულად ჩაფლავდებოდა და ვერანაირი ირმა ინაშვილი და ვერანაირი ლეღვის ფოთლები ვეღარ უშველიდა. ამიტომ წავიდნენ ენითაუწერელ უსინდისობაზე.
აირაის კვლევები სექტემბერშია ჩატარებული, ახლა ალბათ ეს მაჩვენებლებიც სანატრელი აქვთ. ამიტომ, უკვე ნებისმიერი წესით ჩატარებულ არჩევნებს წააგებს “ქართული ოცნება”, ეს იცოდნენ.
კალაძე კიდევ გაბღენძილი ნუ გველაპარაკება, მეტროში ხალხი რომ იჭყლიტება, იმას მიხედოს. დღე და ღამე მოდების ჩვენება რომ აქვს, ტანსაცმელს დღეში სამჯერ რომ იცვლის, რისთვისაც არის არჩეული, იმ პრობლემებს მიხედოს, გამომივიდა საარჩევნო სისტემების დიდი მცოდნე!
– “ოცნებამ” უკვე დაიწყო კონსულტაციები ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, პროცესები ჩვეულ კალაპოტში დააბრუნოს.
– ნორმალურია, რომ პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩასატარებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი და ჯავშან ტრანსპორტიორები გამოჰყავს ხელისუფლებას?!
ხელისუფლება რეალობას არის აცდენილი. რაც მთავარია, მოწყვეტილია ხალხს. რა, ნახევარმა “ოცნებამ” არ დატოვა უმრავლესობა?!
დეპუტატის მანდატიც კი დატოვა სოფო ქაცარავამ. უნდა შევაქო ეს გოგო ამ გამბედავი ნაბიჯისთვის. აფერუმ ამ მოქალაქეობრივ პოზიციას. და გვეუბნებიან, რომ არაფერი არ მომხდარა?! ეს აბა რა არის?! ასე რომ ფიქრობენ და თვითტკბობაში რომ არიან, ამიტომაც ემხობათ ეს ქვეყანა თავზე. უზარმაზარი მხარდაჭერით და დაპირებებით მოსულები ახლა დახურდავებულები და დაჩაჩანაკებულები არიან. ეს უხარიათ, თუ რა ხდება?!
ხალხისგან და რეალობისგან აცდენამ და მოწყვეტამ რა იცის და რა შედეგის მოტანა, კი ნახავენ ამას. ივანიშვილის წასვლა დროის ამბავია. “ქართული ოცნება” წარსულია. მათმა მატარებელმა ჩაიარა. ახლა მთავარია, რამდენად მალე გაფორმდება მათი წასვლა და რამდენად ნაკლებად დაზარალდება ქვეყანა.
ჩვენ იქით ვთავაზობთ თამაშის პატიოსან წესს, რომ სახე შეინარჩუნონ და ქვეყანა ნაკლებად დაზარალდეს, თორემ მათ არც მაჟორიტარული არჩევნები უშველით, არც შერეული და არც არაფერი. უცხოპლანეტელებიც რომ ჩამოვიდნენ, “ოცნების” საქმე ისეა წასული, რომ ვერაფერი უშველით. რამის შნო თუ ჰქონდათ და ამ ქვეყნისთვის რამე კარგის გაკეთება თუ უნდოდათ, 8 წელია, ხელისუფლებაში არიან და გაეკეთებინათ! რას ელოდებოდნენ?!
ამიტომ, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რაც უფრო გააჭიანურებენ, უფრო და უფრო დანგრეულები იქნებიან.
– არ აპირებს ხელისუფლება დათმობას. როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ასე მძიმედ არ არის საქმე.
– გოგა ხაინდრავას და ლაშა ნაცვლიშვილს რომ უგდებს ყურს, ამიტომ ფიქრობს ასე. აბა, ერთი ბიძინა ივანიშვილი გამომყვეს თბილისის ქუჩებში. ჩემთან ერთად ჩავიდეს მეტროში, გავიყვან ნავთლუღის ბაზარში, მერე ოკრიბაზე ამოვიდეთ დიდუბეში. ფეხით გავიარ-გამოვიაროთ, არ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი მასზე?!
დარწმუნებული ვარ, მოისმენს ლამაზ-ლამაზ სიტყვებს მისი მისამართით. აცდა ეს კაცი რეალობას. რეალობას აცდენილი პოლიტიკოსის და მმართველის ადგილი ისტორიის სანაგვეზეა. რაც უფრო გაართულებს სიტუაციას, თვითონაც უფრო რთულად წავა.
– ხალხი არის გაბრაზებული, მაგრამ გასაპროტესტებლად არ გამოდის. რა არის ამის მიზეზი? იმდენად იმედგაცრუებულები არიან, რომ არავისი სჯერათ?
– დიახ, იმედგაცრუებულები არიან! მაგრამ ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში. უნდა ავუხსნათ ხალხს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სისტემას.
პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და მთავრობამ უნდა წაიყვანოს ეს ქვეყანა წინ. უნდა გაატაროს რეფორმები, მოიზიდოს ინვესტიციები, სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი. მთავრობამ უნდა წაიყვანოს ეს ქვეყანა წინ, ასეა ეს!
გლეხი ვერ იხსნის ამ ქვეყანას, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა გლეხებისადმი. ამისთვის არის საჭირო, რომ პარლამენტშიც და მთავრობაშიც ნორმალური ადამიანები იყვნენ.
ვერ იქნებიან ნორმალური ადამიანები, თუ ნორმალური საარჩევნო სისტემა არ გვექნება.