ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– სულ კეთდება შეფასებები, რომ ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების ბოკერიას გუნდისთვის გადასაბარებლად.
– კი კეთდება მსგავსი განცხადებები, ამის სიგნალიც არის. დასავლეთის განწყობაც ასეთია, მაგრამ დასავლეთს რომ არ უგდებენ ყურს?! ყველა ეუბნებოდა “ქართულ ოცნებას”, პროპორციულზე გადადიო, მაგრამ გადადის?! არ გადადის! ეტყობა, გარანტიებსაც ითხოვენ და ვერ იღებენ ამ გარანტიებს დასავლეთისგან. ამიტომაც რჩება “ქართულ ოცნებას” მეორე გზა.
– რომელი გზა?
– ეს არის დიქტატურის გზა! თან გააჩნია, როგორი დიქტატურა იქნება – რბილი თუ ხისტი, დემოკრატიასთან ახლოს მყოფი თუ პრორუსული დიქტატურა. ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა დაახლოებით იგივე სცენარით ვითარდება ყველაფერი, როგორითაც ერთ დროს თურქეთში ვითარდებოდა.
– რამდენად გაუვა ეს სცენარი ბიძინა ივანიშვილს?
– სწორედ მანდეთკენ მიმყავს საუბარი. საუბარი იმაზეა, რომ ერდოღანს ჰქონდა ამის ეკონომიური შესაძლებლობა. იქ მთელი ქვეყანა ან ჯარია, ან საწარმოდაა ქცეული. ჩვენთან ასეთი მოცემულობა არ არის. ამიტომ თქვენს კითხვაზე, გაუვა თუ არა, გიპასუხებთ, რომ ვერ გაუვა.
– მაშინ საით მიჰყავთ პროცესები?
– ეს რომ დემოკრატიული პროცესი არ არის, ცხადზე ცხადია. მე პირადად ველოდები სცენარის ასეთ განვითარებას: ჩვენ მივიღებთ რაღაც მაპროვოცირებელს, შესაძლოა ეს იყოს ისევ კადრები, როგორც 2012-ში მოხდა, ან რომელიღაც ფიგურის მკვლელობას მივიღებთ, ისეთი ადამიანისას, რომლის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა და მივიღებთ ხავერდოვანი რევოლუციის სურათს.
ხომ ვხედავთ, რაც ხდება?! ხალხი არ გამოდის პატრიარქის დასაცავად, არ გამოდის სიწმინდეების დასაცავად, ხალხი არ გამოდის დემოკრატიის დასაცავად. ეტყობა, ხალხს ეს თემები არ აინტერესებს. ხალხი არ გამოდის სოციალური უფლებების დასაცავად. რაღაცა სხვის ძიებაშია.
– და რა იქნება ეს სხვა?
– არ ვიცი. ჩვენი მოსახლეობა ძალიან გულგრილი გახდა. არაფერი აღარ აინტერესებს. რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რაც აავსებს მოთმინების ფიალას. ზუსტად ასეთი მოცემულობა იყო 2010 წელს, მე მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა და ჩვენ ვაჟღერებდით იმ ინფორმაციებს, რომლებიც მაშინ ციხიდან გამოდიოდა წამებაზე, მკვლელობზე. მაშინ კალმახელიძე იყო მინისტრი, ვმართავდით საპროტესტო აქციებს, მაგრამ ხალხი არ გამოდიოდა, მაგრამ ხომ ვნახეთ, რაც მოხდა? უეცრად ეს აგორებული თემატიკა, რომ ხალხს აწამებენ და აუპატიურებენ ციხეში, ამაზე ფაქტები არ იდებოდა და ეს ფაქტი უეცრად გამოვარდა და დასრულდა ნაციონალური მოძრაობა.
– ანუ რაღაც ასეთი უნდა მოხდეს?
– დაახლოებით ასეთი სცენარი იქნება. თუ იქნება დასავლეთის და რუსეთის შეთანხმებული სურვილი, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, რომ სპეცსამსახურები ასეთ ჩანაწერებს გამოყრიან.
– რა ჩანაწერები შეიძლება არსებობდეს?
– თუნდაც ეკლესიის ამბებზე. ხომ დაიწყო აქტიური საუბარი, რომ ეკლესიაში არის მამათმავლობა, ხოლო ხელისუფლება ამ ყველაფერს ფარული ჩანაწერებით აფიქსირებს. აი, რაღაცა ასეთი გამოვარდება, თუ როგორ უკვეთავს რომელიღაც მაღალჩინოსანი მსგავსი კადრების გადაღებას და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში.
მერწმუნეთ, ბევრისთვის ეს უფრო გამაღიზიანებელი იქნება, ვიდრე ის, რომ არჩევნები იქნება მაჟორიტარული თუ პროპორციული წესით ჩატარებული.
დიდ ნაწილს ეს სულ არ აინტერესებს. ხალხს უნდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც მართლა ალტერნატივა იქნება წარსულისაც და აწმყოსიც. “ოცნებას” თუ არ აქვს რეიტინგი არც ოპოზიციას აქვს. რომელს აქვს მმართველ გუნდზე მაღალი რეიტინგი?!
– პოლიტიკური პარტიების ერთობა თუ შედგა ივანიშვილის დასამარცხებლად?
– კარგით რა! ვის წარმოუდგენია ახლა პრორუსულად მოაზროვნე ბურჯანაძის და პროდასავლელი ბოკერიას ერთობა?! ეს წარმოუდგენია ვინმეს, ამაზე ფიქრობს ვინმე?! ამათი ერთად ყოფნა ხომ გამორიცხულია! თქვენ რა გგონიათ, ირმა ინაშვილი რატომ არ დადგა იმ აქციაზე?!
– რატომ?
– პირდაპირ გეუბნებით, განა იმიტომ, რომ ბოკერიასთან არ უნდოდა დგომა. ნაცების და ბოკერიების თანაპარტიელები თავის გუნდში ჰყავს ინაშვილს. აქ საუბარია ნინო ბურჯანაძეზე. ნინო ბურჯანაძეა მისი უმთავრესი კონკურენტი. რუსეთში, თავის მამამარჩენალებში არიან ისინი კონკურენტები. აი, ეს არის ყველაზე რთული დასანახი.
– რას უნდა ველოდოთ ამ სიტუციაში?
– მე არ მაქვს იმის არჩევანი, თუ ვის ვენდო, ვის გვერდზე დავდგე. ყველა გავიცანი და ვიცი, რამდენია მათი ფასი! მე ვიძახი ფინანსურ ფასს და არა პოლიტიკურს. მათი ამომავალი წერტილი არის ფინანსები.
რას უნდა ველოდოთ ასეთ მოცემულობაში? არც არაფერს. ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში მოიქცა კარგად, როდესაც პირდაპირ უთხრა, თქვენ არ ხართ ჩემი ჩამომგდებებიო.
არ მიჰყვება ხალხი ვაშაძეს, არა! არც ბოკერიას და არც ბურჯანაძეს. გინდა ერთობა უწოდე და გინდა არითმეტიკა. ბიძინა ივანიშვილი ამით კარგად სარგებლობს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რევოლუციური გზა. ან უნდა გამოჩნდეს სერიოზული ფინანსური რესურსის მქონე ადამიანი, დაახლოებით ივანიშვილის მსგავსი.
– გამოჩნდება? დაუშვებს ამას ივანიშვილი?
– ეტყობა, ჯერ საჭიროებას ვერ ხედავენ, თორემ დასავლეთს უფრო დიდი ფულის მქონე ადამიანები დაუმარცხებია, ვიდრე ივანიშვილია. ეს ოპოზიცია არის ფულზე გაყიდული მონები.
მე დარწმუნებული ვარ, მათ ერთ კვირაში დაიბარებენ, ამ ვითომ ლიდერებს, ჩაუკუჭავენჰ მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, ძუძუებში მილიონებს და ჩაიგდებენ ენას არჩევნებამდე ეს ე.წ. პოლიტიკოსები.
პოლიტიკოსები კი არაჰ ხალხის ხმებით მოვაჭრეები არიან. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ძალას, რომელიც ატარებდეს მოსახლეობის და სახელმწიფოს ინტერესებს.
– ხაზარაძე?
– არც მამუკა ხაზარაძე. ყველას რომ გვეგონა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი და მასთან დაპირისპირებული, ნურას უკაცრავად. ძალიან მაგრად არის ჩახუტებული ბიძინა ივანიშვილთან დღემდე!
მამუკა ხაზარაძე დაპირისპირებულია გახარიასთან, თორემ ბიძინა ივანიშვილთან მას რეალურად პრობლემები არ აქვს.
აი, ამას დააკვირდეს მოსახლეობა და მკითხველი აუცილებლად.