მირიან მირიანაშვილი – “უმრავლესობის დაშლა შეთანხმებულია ივანიშვილთან”

მირიან მირიანაშვილი - "უმრავლესობის დაშლა შეთანხმებულია ივანიშვილთან"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში? ამის შესახებ “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს მირიან მირიანაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროვოცირებას საქართველოში რუსეთი ახდენს.
მირიან მირიანაშვილი:
– აქციებისა და პარლამენტში განვითარებული პროცესების მიუხედავად, 90%-ით შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავლილი ამბავია. ამას მოგვიანებით განვმარტავ. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა ამ დონეზე აქტუალური გამხდარიყოს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ეს ექსკლუზიური ფენომენია. ვადამდელი არჩევნების თემა პერმანენტულად ტრიალებს ბოლო 2 წლის განმავლობაში.
– ნათქვამი გაქვთ, რომ ვადამდელი არჩევნების პროვოცირებას რუსეთი ახდენს.
– რასაკვირველია, ამას აკეთებს რუსეთი თავისი პოლიტტექნოლოგების ხელით. რუსებს, რომლებიც აქამდე აკონტროლებენ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, გაუჩნდათ შიში. მათი ფობია უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მათი წარმოდგენით, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაიწყება ამერიკელების პოლიტიკური კონტროლი. ამ არჩევნების გადავადება უფრო ძნელი იქნებოდა. ამიტომ, კრემლმა მოიფიქრა არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება. ამის მცდელობა შარშანაც იყო. მაშინ ეს სქემა რუსებს ჩაუვარდათ. ახლა ახალი სქემა დაქოქეს.
– ვადამდელ არჩევნებს ვერ გააკონტროლებს აშშ?
– ჩვენი რიგგარეშე არჩევნები, რუსების გათვლით, უნდა დამთხვეოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის საიმპიჩმენტო პროცედურების პიკურ მომენტებს. ეს მოხდება 2020 წლის ზამთრის ბალოს და გაზაფხულის დასაწყისში. ამ კომბინაციის კონსტრუქტორების აზრით, ამ პერიოდში აშშ-ს საქართველოსთვის არ ეცლებოდა და საქართველოში არჩევნები ჩაივლიდა რუსეთის ნების შესაბამისად. საქართველოში ასეთი პოლიტიკური რენოვაცია, ამ გეგმით, ნიშნავდა აშშ-ის “მოტეხვას” საქართველოდან.
– ახლა ეს ვეღარ მოხდება? აღნიშნეთ, რომ რიგგარეშე არჩევნების შანსი 90%-ით, არ არსებობს.
– ვადამდელი არჩევნების თემა, პრაქტიკულად, დახურულია.
– საზოგადოება ძნელად დაიჯერებს, რომ პარლამენტში გამართული პროვოკაციული კენჭისყრა, რომლის დროსაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩავარდა, ასევე, ამის შემდგომი მოვლენები, რუსი პოლიტტექნოლოგების კომბინაციებია.
– ამ ყველაფერს ახლდა გულწრფელი ადამიანების მოქმედებები. რუსეთის პოლიტტექნოლოგების სქემებით, რიგგარეშე არჩევნები ბუნებრივად უნდა მომწიფებულიყო. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, გათვლილი იყო ამერიკელებზე და მათ რეაქციაზე.
– აშშ-ს საელჩომ მიმდინარე მოვლენებზე მაშინვე გააკეთა პირველი განცხადება, მოგვიანებით გავრცელდა აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი პოზიცია. ამან იმოქმედა რუსეთის განზრახვაზე?
– რასაკვირველია, იმოქმედა. აშშ-ის საელჩოს მოწოდებამ კონსტიტუციური ჩარჩოების დაცვის შესახებ შემაკავებელი ეფექტი იქონია. ამერიკელებს საქართველო რუსეთის დრამატურგიისგან ადრეც გადაურჩენია.
– რუსებმა ძველი შეცდომები გაიმეორეს საქართველოში?
– ისინი დაპირებულმა გარანტიებმა შეაცდინა. რუსმა კუტარორებმა აქაური ქვეშევრდომების დახმარებით დრამატული მოქმედებები გაბედეს იმიტომ, რომ ერთმა გავლენიანმა ჯგუფმა მათ დაპირება მისცა.
ეს ლობისტური ჯგუფი რუსეთს დაჰპირდა, რომ იმაზე, რასაც რუსეთი საქართველოში მოიმოქმედებდა, აშშ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა. თუ დაიქოქებოდა რიგგარეშე არჩევნების საკითხი თავისი დრამატული მომენტებით, ამერიკა, ამ ლობისტების დაპირებით, ჩუმად იქნებოდა.
რუსებს და მათ მიმდევარ ქართველ პოლიტიკოსებს მოლოდინი გაუმტყუნდათ. რიგგარეშე არჩევნები ამ ეტაპზე აღარავის ახსოვდა. სულ ახლახანს რუსეთისვე დირიჟირებით ხდებოდა თავდასხმები კათოლიკოს-პატრიარქზე, რომლის პოზიციაც რუსებს არ მოსწონთ, ასევე, ქუჩებში მიმდინარეობდა გაწევ-გამოწევა ჰომოსექსუალური თემატიკის ფილმზე. ეს ყველაფერი რუსული პოლიტტექნოლოგების ნაყოფი იყო.
რუსებს ვადამდელი არჩევნები არ გამოუვიდათ. ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე – ამერიკელებმა ყველაფერი იციან რუსული პროცესებისა და ვირუსების შესახებ.
– ამერიკელები საქართველოს საკითხში უფრო კატეგორიულები გახდნენ?
– ცხადია. ობამას დროს საქართველოს მიმართ ნაკლები ინტერესი იყო. მაშინ აშშ ხშირად იჭერდა ნეიტრალიტეტს იმ პროცესების მიმართ, რომლებსაც რუსეთი წარმართავდა საქართველოში. ის ხანა, როცა ამერიკელები დასტურს აძლევდნენ რუსებს საქართველოში თანამდებობის პირების დამტკიცებისა და სხვა მოქმედების დროს, წარსულს ჩაბარდა.
– ქუჩის აქციები გრძელდება. პროპორციული სისტემის მოთხოვნით ბევრი პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი გამოდის. ისინი რუსი პოლიტტექნოლოგების მანიპულაციის მსხვერპლნი არიან?
– ჩვენი პოლიტიკური ელიტა შეზღუდულია რუსებისგან. საპროტესტო აქციებზე გამოსული ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ძალიან ახლოსაა რუსულ პოლიტიკურ სამზარეულოსათან. ეს პოლიტიკოსები არც მოტყუებულნი არიან და არც მსხვერპლნი. გეთანხმებით, რომ აქციებში გულწრფელი და პატრიოტი ადამიანებიც მონაწილეობენ. მათ ჰგონიათ, რომ სამშობლოს ემსახურებიან. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ისინი ნამდვილად შეცდომაში არიან შეყვანილი.
– პარლამენტის უმრავლესობის დაშლა როგორ შეიძლება შეფასდეს?
– უმრავლესობის დაშლა შეთანხმებულია ივანიშვილთან. რიგგარეშე არჩევნების გამართვა საქართველოში რუსეთს შარშანაც უნდოდა. ამის მოსამზადებლად იმ დროსაც განიხილებოდა ხელისუფლების ჩამოშლის სცენარი. ვადამდელი არჩევნები რომ დაიქოქოს, პარლამენტის უმრავლესობა უნდა დაიშალოს.
– იმედია, ბიუჯეტის ჩაგდება არ არის დაგეგმილი.
– ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან. გარე მოთამაშეები ამით არ არიან დაინტერესებულნი.
– საპროტესტო აქციები ჯერ არ შეწყდება?
– მძაფრი მოვლენების დროს მიტინგები მარტივად არ იშლება. ამას ვეძახით “მიტინგების კუდს”. ეს კუდი შეიძლება მიტინგზე ბევრად გრძელი აღმოჩნდეს. აქციებზე ყოველთვის ჩნდებიან დამოუკიდებელი მოთამაშეები, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ისინი სახლებში არ წავლენ. თუ რომელიმე მონაწილემ მოუწოდა შეკრებილებს, დაიშალეთო, მან შეიძლება მოღალატის სახელი დაიმსახუროს.
იქ დგანან პარტიები, რომლებიც თავს პროდასავლურებს უწოდებენ. მაინტერესებს, ისინი როგორ ხსნიან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? მათ უნდათ ვადამდელი არჩევნების გამართვა იმ დროს, როცა აშშ-ს პიკური მომენტები აქვს და საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება. ეს პარტიები ვერ მალავენ, რომ უნდათ არჩევნების ჩატარება აშშ-ის მონიტორინგის გარეშე. ამით ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ფსევდოდასავლურები არიან.
ამ ხალხმა მონაწილეობა მიიღო რეგიონიდან აშშ-ის “მოტეხვის” მცდელობაში. საბედნიეროდ, აშშ-მ მოახერხა რუსეთის შეკავება და, როგორც რუსეთმა, ისე მისმა აქაურმა დამქაშებმა მორიგი ფიასკო განიცადეს.
– ბიძინა ივანიშვილიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა?
– ბუნებრივია. ისიც ჩართული იყო აშშ-ის საწინააღმდეგო ავანტიურაში. თუ იგი განაგრძობს მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციებში ამერიკის წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებს კონტრნაბიჯებს ვაშინგტონის მხრიდან.
ბიძინა ივანიშვილს ისედაც არა აქვს აწყობილი ურთიერთობა ამერიკულ პოლიტელიტასთან. აშშ-სთან შესაძლო დაპირისპირებისათვის მას შინაგანი რესურსები არ ეყოფა. თუ ივანიშვილი ამ კონფლიქტზე წავა, მაშინ სხვა რეალობა ჩამოყალიბდება.
– რუსეთს არც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება აწყობს?
– პროპორციულის იდეაც რუსეთიდან მოდის. ვინც ინფორმირებულია რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, იმან კარგად იცის, რომ საარჩევნო საკითხებზე საქართველოსა და რუსეთში ერთმანეთის იდენტური პროცესები და დისკუსიები მიდის.
ახლა პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში რჩება ძველი სისტემა. წინა წლებში, რუსებს თავისთან რომელიმე საარჩევნო სისტემის დანერგვა რომ მოუნდებოდათ, ამას ჯერ საქართველოში გამოცდიდნენ ხოლმე.