ადვოკატი არობელიძე – ”დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია და მას თავზე ადგა”

ადვოკატი არობელიძე - ”დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია და მას თავზე ადგა”ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღის განმავლობაში წაუყენებენ. “კურიერის” ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირებიდან რამდენიმეს დაკავება სარფში მოხდა,

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება პირს, რომლის მანქანითაც სავარაუდო დამნაშავეები სარფის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ასევე “კურიერის” ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დიდი ხნის ნაცნობობა არსებობდა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეზობელია და სწორედ მასთან აკავშირებდა ნაცნობობა.

ყუფარაძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ყუფარაძის ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ დაუმალავს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მისი დახმარებით მოხვდა დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში:

“ვერ შეატყობინებდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ ესენი არიან მეზობლები, ბავშვობის მეგობრები და როცა ეს ინციდენტი მოხდა, გარეთ გამოვიდა და ჩაერთო ჩხუბში გაშველების მიზნით, როგორც თვითონ ამბობს, შემდეგ ცოტნე გამოიყვანა ხელკავით და ამ დროს ჩაიკეცა, გახდა ცუდად, ვერ მოახერხა, რომ არ წაქცეულიყო, დააწვინა ასფალტზე, გამოიძახეს პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო. პოლიცია როცა მივიდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავზე ადგა და პატრონობდა,” – განაცხადა ვაჟა არობელიძემ.

მისი თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის, კონფლიქტი რის ნიადაგზე დაიწყო, რადგან როდესაც ის გარეთ გამოვიდა ჩხუბი უკვე დაწყებული იყო

მეორე დაკავებულის ადვოკატი რომან ნადირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივი ყველანაირად გამორიცხულია. ადვოკატი დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან დაკავებულებს ჯერჯერობით ბრალი არ აქვთ წაყენებული.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.