ამირან გიგუაშვილი – ”ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს”

ამირან გიგუაშვილი - ”ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს”შემთხვევის ადგილის დათვალიერებითაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი. ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე გამსახურდია. ერთი რამ ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა, – ამის შესახებ გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის.

მისი თქმით, თავდასხმის ფაქტთან მიმართებით შესაძლოა, ბევრი ვერსია იყოს, თუმცა ვიდრე მტკიცებულებები არ იქნება, ვერც სამართალდამცავი ორგანოები ვერ გააკეთებენ კონკრეტულ შეფასებებს. გიგუაშვილის თქმით, თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოებთან. ადვოკატი იმედოვნებს, რომ საქმეზე სიმართლე დადგინდება.

ამირან გიგუაშვილის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ცოტნე გამსახურდიას პრობლემა არავისთან ჰქონია. როგორც მან აღნიშნა, ახლა ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე გაჟღერდება გარკვეული შუალედური შედეგები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

მისივე თქმით, ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ საქმეზე სიმართლე გაირკვეს და ცოტნე გამსახურდია გადარჩეს. ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარზე ვისაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია გააჩნდეს, ან უკვე გამოიკითხა ან მიმდინარეობს გამოკითხვა. ამირან გიგუაშვილის თქმით, უახლოეს საათებში, მისი, როგორც ადვოკატის თანდასწრებით ასევე ჩატარდება ოჯახის წევრის, ამ შემთხვევაში, ვინც სახლში იმყოფებოდა მისი გამოკითხვა.

„გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც მე და ოჯახის წევრი ვესწრებოდით. მათ შორის, დათვალიერდა სახლის პერიმეტრი, ანუ სახლის ეზოში არსებული ვიდეო-ჩანაწერები. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გვაქვს კომუნიკაცია გამოძიების ხელმძღვანელ პირებთან. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეული შედეგები იქნება.

ვერსიებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით არა იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენი გარკვეული ვერსიები და ამაზე მსჯელობები არ იყო, არამედ ხელი რომ არ შეეშალოს გამოძიებას. ვფიქრობ, ეს ყველას ინტერესშია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის გამორიცხული, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა 10 წლის წინანდელ ამბავს უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, „რადგან ყველა ვერსიას შესაძლოა ჰქონდეს არსებობის უფლება”.

იპნ