ამირან სალუქვაძე: – “100/50-ის შეთავაზება “ოცნების” მხრიდან დათმობაა”

ამირან სალუქვაძე: - “100/50-ის შეთავაზება “ოცნების” მხრიდან დათმობაა”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტში პროპორციული მანდატების რაოდენობის 100-მდე გაზრდა, ხოლო მაჟორტარული მანდატების რაოდენობის 50-მდე შემცირება შესთავაზა. არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან დათმობა? “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პასუხობს.
– ბატონო ამირან, ხელისუფლებამ ოპოზიციას ახალი ვარიანტი შესთავაზა, რომელიც წარსულშიც ფიგურირებდა.
– დიახ, 2003 წელს რეფერენდუმით დეპუტატების რიცხვი 223-დან 150-მდე შემცირდა. შემდეგ განხილვები იყო. უნდა ყოფილიყო 100 პროპორციული, 50 კი – მაჟორიტარული მანდატი. 2008 წელს წინა ხელისუფლებამ შეიტანა ცვლილება და მიიღო დღეს არსებული მოდელი.
– ახალი შეთავაზება პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას, მაჟორიტარულის კი 50-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ოღონდ, თან ახლავს დათქმა, რომ 2024 წლისთვისაც ამ მოდელით ჩატარდეს არჩევნები. როგორ აფასებთ ამ შეთავაზებას, რომელსაც ოპოზიცია არ იღებს?
– ამ მოდელით მაჟორიტარული სისტემის მომხრეების აზრიც არის გათვალისწინებული, რომ ადამიანებს კონკრეტული რეგიონიდან პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეთ და პარტიული სიითაც მეტ-ნაკლებად პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, მანდატების რაოდენობის გაზრდაც არის შესაძლებელი.
– შეთავაზებული მოდელი რატომ არის უკეთესი?
– აქამდე არსებული მოდელის პირობებში, თუ რომელიმე პარტია იგებს მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილს, როგორც წინა არჩევნების დროს მოხდა, მაშინ მას პროპორციული სიით მხოლოდ მცირე პროცენტიც ყოფნის იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს.
შეთავაზებული მოდელის შემთხვევაში, როდესაც მაჟორიტართა რიცხვი 1/3-მდეა დაყვანილი, მაჟორიტარების რაოდენობა ისეთ სერიოზულ გავლენას საერთო სურათზე, მანდატების რაოდენობის მხრივ, ვეღარ ახდენს.
– ანუ ეს რას ნიშნავს?
– ანუ “ოცნებამ” ყველა ოლქიც რომ მოიგოს, მას კიდევ დასჭირდება პროპორციული სიებით მიღებული 26 ხმა, რაც მარტივი არ იქნება. ჯერ ერთი, დღევანდელ რეალობაში 50 ოლქის მოგება იქნება რთული. მეორეც – პროპორციულ ნაწილშიც არ იქნება მარტივი მაღალი პროცენტის ჩვენება. 1/3-მდე დაყვანით მაჟორიტართა ხმები ისეთ გავლენას უკვე ვეღარ ახდენს, როგორც დღეს არსებულოი მოდელის პირობებშია.
– “ოცნების” მხრიდან ეს დათმობაა?
– დათმობაა, რა თქმა უნდა, ამ მოდელზე ბევრი გადადის. იტალიამ 2017 წელს შეცვალა და პროპორციულიდან ასეთ მოდელზე გადავიდა.
იგივე ხდება ისრაელში. წელს მესამედ დაინიშნა არჩევნები. მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც არის.
– ოპოზიცია საერთოდ არ იღებს ხელისუფლების ამ შეთავაზებას. ახალი წლიდან იწყებს ახალ ეროვნულ წინააღმდეგობას. თუ შეთავაზებული ვარიანტი ხელისუფლების დათმობაა, ოპოზიცია რატომ არ ღებულობს?
– რატომ ელოდებიან ახალ წელს. ახალ წლამდე დაიწყონ წინააღმდეგობის მოძრაობა. ახალი წელი რა არის? ჯერ დაისვენებენ, ახალ წელს შეხვდებიან და შემდეგ წამოიწყებენ? დათმობაა, როცა მაჟორიტართა რიცხვი ნახევრიდან 1/3-მდე ჩამოდის.
ოპოზიციას შეუძლია შეთანხმდეს და მაჟორიტარული ოლქები გაინაწილოს. ერთ ოლქში ერთი კანდიდატი წამოაყენონ, მეორე ოლქში მეორე კანდიდატი და ერთსა და იმავე კანდიდატს დაუჭირონ მხარი. რატომ არის პრობლემა.
– უსუფაშვილსაც, რომელიც გერმანული მოდელის ინიციატორი იყო, არ მოეწონა შეთავაზებული მოდელი. ამბობს, ბრძოლას გავაგრძელებთო. რატომ? 
– კონსტიტუციის მოდელებში არ მინდა შეჭრა, ამაზე ისაუბრონ კონსტიტუციონალისტებმა და დარგის სპეციალისტებმა. მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს შიში იმისა, რომ ქვეყანა არ იყოს მუდმივ სამთავრობო კრიზისებში. მე მხოლოდ ეს მადარდებს, მეტი – არაფერი. როგორი მოდელიც სურთ, ის მიიღონ.
უბრალოდ, ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ მოდელს სთავაზობს, რომ თუ პარტიამ მოიგო მაჟორიტარების უმეტესობა და პარტიული სიით პირველ ადგილზე გავიდა, ის მაინც ვერ  ჩამოაყალიბებს მთავრობას და ვერ მოვა ხელისუფლებაში. ასეთ ვარიანტზე, თვითონაც რომ იყვნენ ხელისუფლებაში, არ დათანხმდებოდნენ.
ჯიუტად მიდის ჭიდაობა ისეთ საკითხებზეა, რაზეც ვერ შეთანხმდებიან. სჯობს რაღაც დათმობაზე წავიდნენ. უბრალო მათემატიკა მოიშველიონ და გამოთვალონ, რომ 1/3-მდე მაჟორიტარების შემცირება სერიოზული დათმობაა. თუ არ უნდათ ამ დათმობაზე დათანხმება და  მაინცდამაინც მუდმივი დაძაბულობა სურთ, ეს სხვა თემაა.
– კომენტარებში მოვისმინე, ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს და ხავსს ეჭიდებაო.
– თუ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს, მაშინ, საერთოდ, რაღაზეა ლაპარაკი? მოუგონ იმ სისტემით, რაც დღეს არის. ადრინდელთან შედარებით ხელისუფლების რეიტინგი დაწეულია. მოიგონ იმ სისტემით, რომლითაც 2012 წელს არჩევნებში “ოცნებასთან” წააგეს.
უმჯობესია, რაღაც შეიცვალოს და იყოს არა “ოცნებასა” და მის ოპონენტებზე მორგებული, არამედ ავირჩიოთ ნორმალური მოდელი, სადაც მაჟორიტარულიც იქნება და პროპორციულიც, მაქსიმუმ სამპარტიულად იყოს შესაძლებელი კოალიციის ჩამოყალიბება. არ იყოს დაქუცმაცებული პარტიები, რომლებიც პორტფელების ყიდვა-გაყიდვით იქნებიან დაკავებული.
პროპორციულის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გამოსავალს პროპორციულ მოდელშიც ვერ ვხედავ. პარტიები არ გვყავს ნორმალური, იდეოლოგიაზე დაფუძნებული.
– რესპონდენტებს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქვეყანაში პარტიები, საერთოდ. არ გვყავს.
– პარტიები სახელად არის, მაგრამ მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩაატარო, ვერავინ გეტყვის, რა იდეოლოგიაზე არიან დაფუძნებული, რა ღირებულებები აქვთ. ჩვენთან ამის ტრადიცია არ არის. როცა არჩევნები ტარდება და პარტიები რაღაც შედეგს იღებენ, წინასაარჩევნო დაპირებებით კი არ იწყებენ კოალიციის ჩამოყალიბებას, როგორც ეს ისრაელში, გერმანიასა და სხვაგან ხდება, არამედ პოსტების განაწილებას იწყებენ, ვიღაცას პროკურორი უნდა ჰყავდეს, ვიღაცას შს მინისტრი და ა.შ.
– ხელისუფლების დათმობების ზღვარი სადამდეა? ხომ არ შეიძლება ხელისუფლებამ იმ 50 ოლქში მრავალმანდატიანი სისტემა დაუშვას, რაც იყო ოპოზიციის ბოლო კატეგორიული მოთხოვნა?    
– არა, ეგ აბსურდი იქნება და ხელისუფლება მაგაზე არ წავა. წინასწარ ვიცი, რომ მაგ შეთავაზებაზე ხელისუფლება არ დათანხმდება და არც განვიხილავ.
– უცხოელი დიპლომატები ამბობენ, რომ შეხვედრები და კონსულტაციები გაგრძელდება. თუ ხელისუფლება მეტად აღარ დათმობს, ოპოზიციაც უკან არ იხევს, მაშინ როგორ განვითარდება მოვლენები? შეხვედრებს აზრი ხომ არ ეკარგება?
– კონსულტაციებს აზრი არ ეკარგება. ხელისუფლებამ ეს ერთი მოდელი შესთავაზა. ვფიქრობ, რომ მაჟორიტართა რიცხვის 1/3-მდე დაყვანა დათმობაა. ამ მოდელში კიდევ რაღაც ცვლილების შეტანის რესურსს ვერ ვხედავ. შესაძლებელია, ოდნავ კიდევ შემცირდეს მაჟორიტართა რაოდენობა – იყოს არა 50, არამედ 45 ან 40. ამაზე შეიძლება იმსჯელონ, ზოგადად, რამდენად მორგებული იქნება საქართველოზე. რასაც ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას, იმაზე ხელისუფლების პასუხი მოვისმინეთ.
თუ კონსულტაციები გაგრძელდება, მაშინ სხვა მოდელზე იმუშავებენ. სადისკუსიო მაგიდასთან იმსჯელონ და არა – ქუჩაში.
– მრავალმანდატიან ოლქებზე დათანხმების შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვების შანსი ჰქონდა თუ არა?
– იქ, უბრალოდ, ისეთი მოდელი შესთავაზეს, “ოცნებას” რომ გაემარჯვა, მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ არ მიიღო ის მოდელი.