კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს თავს მხოლოდ 1 ადამიანი დაესხა და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. ცოტნე ძალიან ძლიერი იყო, ბევრს ვარჯიშობდა, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მოერეოდა, გამორიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.
როგორც ჯაბაური განმარტავს, ის გამოძიებას ენდობა, თუმცა, აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა, შეიცვლება, ვინაიდან ცოტნე გამსახურდიას დაზიანებებს ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა.
„ჯერჯერობით გამოძიებას ჩვენთვის საფუძველი არ მოუცია, რომ არ ვენდოთ, ყოველ შემთხვევაში, აქამდე. გამოძიებისთვის უნდობლობა არ გამომიცხადებია, პირიქით, ოპერატიულობისთვის მადლობაც გადავუხადე, მაგრამ ვერსიას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ მხოლოდ 1 ადამიანი დაესხა ცოტნეს თავს და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა, რომ მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე მიდიოდა და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კარებთან დახვდნენ და თავს დაესხნენ“, – განაცხადა ჯაბაურმა.
მისივე განმარტებით, საქმეში სახალხო დამცველი უკვე ჩაერთო და პროკურატურის მხრიდანაც საკმარისი აქტიურობაა.
„სახალხო დამცველი ჩაერთო უკვე, ჩემთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და ცოტნეს ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმაც დამიდასტურა, რომ ჩართულობა არის, ასევე პროკურატურიდან საკმარისი აქტიურობაცაა და ისიც განმარტეს, რომ ეს იყო პირველი ვერსია, თითქოს, ცოტნეს ერთი კაცი თავს დაესხა და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. მათ განმარტეს, რომ ეს არის პირველადი ვესსია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება კი არა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ცოტნეს მრავლობითი, სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს სხვადასხვა არეში. როგორ, ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი ჰქონდა? ცოტნე ძალიან ძლიერი იყო, ვარჯიშობდა ბევრს, ჯანმრთელი იყო, მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მოერეოდა, გამორიცხულია.
ეს ხუთივე პირი ლაჩარები არიან, რომლებიც ერთ აბსოლუტურად მშვიდობიან ადამიანს, რომელიც საკუთარი სახლის ჭიშკრიდან გადიოდა, უცებ თავს დაესხნენ, ვერაგულად და არ ეყოთ არც ადამიანობა, არც ნამუსი, არც კაცობა, რომ არ ეკადრებინათ, 5 ადამიანი 1 ადამიანს თავს დასხმოდა“, – განაცხადა ჯაბაურმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
იპნ