
კოტიკო გოგინაშვილი
დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები. ბევრი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ, სამწუხაროდ, შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალისტმა ამსტერდამის აიაქსმა ვერ შეძლო მერვედფინალის საგზურის მოპოვება, თუმცა ჰოლანდიელთა გარდა სხვა ბევრი გუნდის თამაშით დატკბება საფეხბურთო გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში.
დორტმუნდი-პსჟ
ამ ორი გუნდის დაპირისპირებას საინტერესოს ხდის ერთი ადამიანის ფიგურა, მისი სახელია თომას ტუხელი. პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელი ორი წელი იყო დორტმუნდის დამრიგებელი. ტუხელი იურგენ კლოპის შემდეგ გახდა ბორუსიას მთავარი მწვრთნელი. ბევრი ექსპერტი სხვადასხვანაირად აფასებს ტუხელის მუშაობას დორტმუნდის ბორუსიაში. ბევრი თვლის, რომ თომას ტუხელის გუნდი ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს აჩვენებდა, რაც ეწინააღმდეგებოდა კლოპის სათამაშო ფილოსოფიას, რაღაც ნაწილი ფიქრობს , რომ ტუხელის სათამაშო ტაქტიკა სწორი და გამართლებული იყო.
პარიზელებს ჭირდებათ ევროპის საუკეთესო გუნდის სახელის სტატუსი, რისთვისაც მათ მოიყვანეს ტუხელი. პირველი წელი კატასტროფული ფიასკოთი დამთავრდა საფრანგეთის ჩემპიონებისთვის. თომას ტუხელის გუნდმა ოლდ ტრაფორდზე დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 და ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ფრანგები ითამაშებდნენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მაგრამ პარიზში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს წითელმა ეშმაკებმა პარიზელებს. მარკუს რეშფორდის ბოლო წუთზე გატანილი პენალტით ინგლისელებმა მოიგეს პარკ დე პრენსზე ანგარიშით 3-1 და ისინი გავიდნენ შემდეგ წრეში.
პსჟ-ს მერვედფინალის კომპლექსი აქვს. ამაზე მეტყველებს სამარცხვინო გამოვარდნაც ბარსელონასთან 2017 წელს. საინტერესოა, დორტმუნდთან რა იქნება. გერმანელებს დიდი ხანია თავი არ გამოუჩენიათ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, ბორუსიამ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მოიგო 1997 წელს, როდესაც დორტმუნდელებმა ფინალში დაამარცხეს ტურინის იუვენტუსი 3-1, ხოლო ფინალში ბოლოს გერმანულმა გუნდმა ითამაშა 2013 წელს, უემბლიზე. მაშინ დორტმუნდი მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
პირველი შეხვედრა გაიმართება სიგნალ იდუნა პარკზე. დორტმუნდი ახლა არ იმყოფება მთლად კარგ ფორმაში, პირველი წრე ლუსიენ ფავრის შეგირდებმა დაამთავრეს მე-4 ადგილზე. ფავრის გუნდი სეზონს ყოველთვის კარგად იწყებს, მაგრამ მეორე წრისკენ დორტმუნდს რეგრესი ეწყება.
ბევრი ექსპერტი თვლის, რომ დადგა ფრანგების დრო – არ შეიძლება სულ მერვედფინალებიდან გამოვარდნა, ბოლოს და ბოლოს, ამ გუნდში ძალიან დიდი ფული იდება იმისთვის, რომ პსჟ-მ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. აქ ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება ტუხელის ფიგურას.
ჩემი აზრით, მეოთხედფინალში პსჟ გავა.
რეალი-მანჩესტერ სიტი
მადრიდელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (13). სიტის – არც ერთხელ. ქალაქელების და პირადად პეპ გვარდიოლას მთავარი მიზანია ამ ტურნირის მოგება. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2011 წელს მოიგო. იმ დროს პეპი ჯერ კიდევ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იყო. ეს არის გვარდიოლას მეოთხე სეზონი მანჩესტერ სიტიში, მან ინგლისში ყველაფერი მოიგო, მაგრამ ახლა სიტის გულშემატკივრები ითხოვენ ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსს.
აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ ფაქტს – გვარდიოლა რეალის წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებაზე ბევრ საფეხბურთო გულშემატკივარს ახსენდება 2009 წლის შეხვედრა, რომელიც ბარსელონამ სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს საჩოგბურთო ანგარიშით 6-2 მოუგო. პეპი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს რეალის საშინაო არენაზე. ბარსელონას მწვრთნელის რანგში გვარდიოლას არ წაუგია სანტიაგო ბერნაბეუზე.
2014 წელს გვარდიოლას ბაიერნი მადრიდში 0-1 დამარცხდა.
საინტერესოა, ეს სტატისტიკა აისახება თუ არა ზიდანის და გვარდიოლას დაპირისპირებაში. ამ მწვრთნელების გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშიათ, ამიტომაც რეალის და სიტის თამაშს მოუთმენლად ელოდება საფეხბურთო გულშემატკივარი.
ჩემი აზრით, მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტი გავა.
ატლეტიკო-ლივერპული
ეს იქნება დაბრუნება ვანდა მეტროპოლიტანოზე, ატლეტიკოს საშინაო არენაზე, სადაც ჯორდან ჰენდერსონმა აწია ჩემპიონთა ლიგის თასი და სადაც ლივერპულმა მეექვსედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.
ამ შეხვედრაში ჩვენ ვიხილავთ ორი განსხვავებული საფეხბურთო იდეოლოგიის გუნდების დაპირისპირებას. დაცვითი ატლეტიკო და შემტევი ლივერპული. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა აჩვენა, რომ ლივერპულს უჭირს ძლიერი დაცვის გარღვევა. ამაზე მეტყველებს მარცხი ნეაპოლში 0-2 და ფრე ენფილდზე ნაპოლისთან 1-1. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი უფრო იმედიანს ხდის მადრიდელთა გულშემატკივარს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლივერპული ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორია.
ატლეტიკო ძალიან დაზარალდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. გუნდი დატოვა რამდენიმე ძლიერმა ფეხბურთელმა. ანტუან გრიზმანი გადავიდა ბარსელონაში, ფელიპე ლუისი წავიდა ბრაზილიურ ფლამენგოში და დიეგო გოდინი გახდა ინტერის ფეხბურთელი.
ჩემი აზრით, შემდეგ ეტაპზე ლივერპული ითამაშებს.
ატალანტა-ვალენსია
ეს შეხვედრა, გუნდების სახელებიდან გამომდინარე, არც ისე საინტერესოა, მაგრამ ეს არის ყველაზე თანაბარი წყვილი. მიმდინარე ტურნირის მთავარი გმირი არის ჯანპიერო გასპერინის ატალანტა. ეს საფეხბურთო კლუბი არის შრომის და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი. ჯგუფური ეტაპის პირველი სამი თამაში იტალიელებმა წააგეს. ბევრი სხვა გუნდი მორალურად გატყდებოდა ასეთი წარუმატებლობის შემდეგ, მაგრამ ატალანტა არ დანებდა და ბერგამოელებმა მოიპოვეს მერვედფინალის საგზური. ბოლო ტურში იტალიელებმა გასვლაზე დაამარცხეს შახტარი 3-0 და ამის წყალობით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
ვალენსია ურთულეს ჯგუფში მოხვდა. ესპანელების მეტოქეები იყვნენ ჩელსი, აიაქსი და ლილი. ბოლო ტურში ღამურებს აუცილებლად უნდა მოეგოთ ამსტერდამ არენაზე და მათ დაამარცხეს აიაქსი 1-0. ვალენსიამ სეზონის დასაწყისში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა მარსელინიო გარსია ტორალი და მის მაგივრად მოიყვანა ალბერტ სელადესი. სელადესს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაალაგა გუნდში სიტუაცია და საკმაოდ უსიამოვნო ჯგუფიდან გაიყვანა ვალენსია
ჩემი აზრით, შემდეგ ეტაპზე ვალენსია გავა.
ლიონი-იუვენტუსი
ფრანგულ ლიონს არ უდგას მთლად კარგი დრო. საფრანგეთის ჩემპიონატში ოლიმპიკი იმყოფება მე-12 ადგილზე. სეზონის ძალიან ცუდი დასაწყისის გამო ლიონი შეიძლება მომავალ წელს დარჩეს ევროთასების გარეშე. ბრუნო ჟენეზიოს ეპოქის დასრულების შემდეგ , ჟან მიშელ ოლასმა მის შემცვლელად მოიყვანა ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი სილვინიო. სილვინიომ იმედები ვერ გაამართლა და ახლა ლიონი უნდა გადაარჩინოს რუდი გარსიამ. გაუთავებელი იტალიის ჩემპიონობისგან მობეზრებულ ტურინის იუვენტუსის გულშემატკივარს სურს ნახოს, თუ როგორ წევს ჯანლუიჯი ბუფონი იუვეს მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასს. მაურისიო სარის დანიშვნამ გამოიწვია მწვავე რეაქცია ტურინის დიდ ნაწილში. კრიშტიანუ რონალდუზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, მისი იმედი აქვთ იუვეს გულშემატკივრებს.
ჩემი აზრით, შემდეგ წრეში იუვენტუსი ითამაშებს.
ტოტენჰემი-ლაიფციგი
ლონდონელებს საკმაოდ უსიამოვნო დრო უდგათ, ინგლისის ჩემპიონატში ტოტენჰემი ჩამორჩა ოთხეულს, პირველი წრის შუაში დენიელ ლევიმ გაათავისუფლა სამწვრთნელო პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო, რის გამოც დიდი კრიტიკა მიიღო გულშემატკივრებისგან. ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ მამლები მათზე კლასით უფრო სუსტ გუნდებს დამაჯერებლად ამარცხებენ, მაგრამ დიდი ექვსეულის გუნდებთან ჟოზეს შეგირდებს ცუდი სტატისტიკა აქვთ. ლაიფციგი გახდა გერმანიის ზამთრის ჩემპიონი. ეს კლუბი ატალანტასავით შრომის და საქმისადმი სწორი მიდგომის ნათელი მაგალითია. ლაიფციგი 10 წლის წინ არ არსებობდა და ახლა ეს გუნდი იბრძვის გერმანიის ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან კარგად გამოიყურება.
ჩემი აზრით, მეოთხედფინალში ლაიფციგი ითამაშებს.
ნაპოლი-ბარსელონა
ნაპოლის 2017 წლის მერე არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. კარლო ანჩელოტიმ გაიყვანა ნაპოლი ჯგუფიდან და ამის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისმა პაპა კარლო გაუშვა და მის ნაცვლად მოიყვანა მილანის ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო.
ჯენარომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ნაპოლი უშანსოდ არ არის, თუმცა ბევრი ექსპერტის და ბუკმეიკერის აზრით , იტალიელებს ბარსას გამოგდების დიდი შანსი არ აქვთ.
ჩემი აზრით, შემდეგ ეტაპზე კატალონიელები გავლენ.
ჩელსი-ბაიერნი
რეკორდმაისტერებმა წლევანდელ გათამაშებაში ერთხელ უკვე ითამაშეს ლონდონში და დიდი სიამოვნებით ესტუმრებიან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. ბაიერნმა გაანადგურა უაით ჰარტ ლეინზე ტოტენჰემი 7-2.
ფრენკ ლამპარდის ჩელსისთვის სეზონი სტარტი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ არისტოკრატებმა მოუმატეს და ახლა ლონდონელები იკავებენ მე-4 ადგილს ინგლისის პრემიერლიგაში. ლამპარდი ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს – ტემი აბრაჰამი, რის ჯეიმსი, კალუმ ჰადსონ ოდოი, ფიკაიო ტომორი ფრენკის დამსახურებით გახდნენ ცნობილები.
ბაიერნმა აინტრახტთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გაუშვა სამწვრთნელო პოსტიდან ხორვატი ნიკო კოვაჩი. ახლა გერმანელთა მთავარი მწვრთნელია ჰანს დიტერ ფლიკი. ბაიერნი ბუნდესლიგაში ძალიან არასტაბილურად გამოიყურება. მე-17 ტურის შემდეგ მიუნხენელები არიან მე-3 ადგილზე. რეკორდმაისტერებმა შეიძლება ექვსი გოლი გაუტანონ ვერდერს, ოთხი დორტმუნდს, გაანადგურონ ბელგრადში ცრვენა ზვეზდა და ლონდონში ტოტენჰემი, მაგრამ ამავდროულად ისინი მარცხდებიან საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის ბაიერთან , ჰოფენჰაიმთან და ა. შ.
ჩემი აზრით, მეოთხედფინალში ბაიერნი გავა.
19 თებერვალს გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების პირველი შეხვედრები. ბევრი საინტერესო მატჩი გველოდება ჩვენ. ამიტომ მოიმარაგეთ ცივი ლუდი და დატკბით თქვენი საყვარელი გუნდის თამაშით.

