ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ფეისბუქის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული გვერდების გაუქმების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს.
– ფეისბუქგვერდების გაუქმებამ “ოცნება” დიდ საგონებელში ჩააგდო. ასე რატომ შეუტიეს დასავლეთიდან?
– ის ტროლების ქარხანა, რომელზეც აქამდეც ვსაუბრობდით, ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და ამართლებდა მათ ქმედებებს.
– “ოცნება” აცხადებს, რომ არაფერ შუაშია და თითს ოპოზიციისკენ იშვერს.
– იყო ასეთი გვერდი – “ბიძინა ივანიშვილი მედია”, სადაც იდებოდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილის აქტივობები, მისი მოქმედებები და ასე შემდეგ. ეს გვერდიც გამქრალია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გვერდიც ქმედით კავშირში იყო იმ გვერდებთან, რომლებიც გააუქმა ფეისბუქმა.
– რატომ დაიწყო ასეთი აქტიური შეტევა?
– დასავლეთმა დაინახა ამ ფეიქგვერდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის “ქართულ ოცნებსთან” ერთად ანტიდასავლური განწყობისაა და პირდაპირ თქვეს ამ ადამიანებმა, რომ “ქართული ოცნება” აწარმოებდა პრორუსულ ნარატივს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა, რაც გამოიხატა ფეისბუქის მიერ დადებულ დასკვნაში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გვერდები, რომლებიც ხელისუფლებას ამართლებდნენ და რომლებიც ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თვლიდნენ სწორად, ამავდროულად დაკავებულები იყვნენ პრორუსული განწყობების შექმნაში და პროდასავლური სისტემის ჩამოშლაში.
ამერიკულ წრეებში უკვე პირდაპირ მიდის იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებაც შეიძლება მოახდინონ ამ ადამიანებმა.
– თქვენ უარყოფით განწყობებზე საუბრობთ, თუმცა ამერიკის ახალი ელჩი აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი ახლო ურთიერთობები აქამდე არ ყოფილა.
– ეს დიპლომატიური განცხადებებია, ჯერ არ ჩამოსულა ამ ქვეყანაში და პირდაპირ შენიშვნებით ხომ არ დაიწყებს საუბარს. მისი დაჩქარებული წესით დანიშვნა სხვა რამის ნიშანია.
– რისი ნიშანია?
– ამერიკამ დაინახა, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ყველაზე მნიშვნელოვანი, დემოკრატია ამ ქვეყანაში. არ სურს, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, არ სურს, რომ საზოგადოების და მოქალაქეების ნება იყოს გამოხატული და ისინი არიან მიმართული იმისკენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ეს არის იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ამ ბოლო დროს დასავლეთის მხრიდან ხდება. თუნდაც ფეისბუქგვერდების გაუქმება.
– ამ გვერდების შექმნაში და შემდეგ მის მუშაობაში მილიონობით ლარი იხარჯებოდა.
– რა თქმა უნდა, იხარჯებოდა. 300 ათას დოლარზე მეტია მხოლოდ რეკლამებში დახარჯული, რაც მილიონ ლარზე მეტია და ეს მხოლოდ იმ გვერდების დასპონსორებაში, რომლებიც გააუქმა ფეისბუქმა, თორემ უამრავი გვერდი ჯერ კიდევ გასაუქმებელია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ამ გვერდების უკან რამდენი ადამიანი დგას, რამდენი ბოტი, რამდენი ტროლი. მთელი სისტემა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს აგებული და მილიონობით ლარს ხარჯავდა წლიდან წლამდე, რომ საზოგადოებაში შეექმნა არასწორი განცდა. იმის მაგივრად, რომ ეს ფული საზოგადოებაზე, ხალხზე დაეხარჯა, ქვეყნის კეთილდღეობაზე დაეხარჯა, უკეთესი მომავლის შექმნაზე დაეხარჯა, ეს ადამიანი ხარჯავდა იმაში, რომ უიმედობა ყოფილიყო ქვეყანაში. ბოლოს საერთოდ გამოვიდა და გვითხრა, პასპორტებს გაგიკეთებთ და წადით ამ ქვეყნიდანო.
– ამერიკის და დასავლეთის ასეთი გააქტიურება რას მიანიშნებს, საით მიდის პროცესები?
– პროცესები მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დასრულებული! ჩვენმა პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ თუ ის ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას ამ ქვეყანაში, თუ ის საზოგადოებს წაართმევს არჩევანის უფლებას, თუ ის არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, მაშინ მისი ქონება იქნება დაყადაღებული!
– სერიოზული პანიკაა დღეს “ოცნებაში”, ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილს გასაქცევად გაუხდეს საქმე, ეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტ შეცდომას ხომ არ დააშვებინებს?
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ამ ადამიანებმა როდესაც შიდა კვლევები ჩაატარეს, ჯერ კიდევ მაშინ დაინახეს ძალიან კარგად, რომ მათ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ საზოგადოებაში და ამ კვლევების შემდეგ ყოველდღიურად უშვებენ ისინი შეცდომას.
ახლა გამოდიან და იძახიან, რომ ოპოზიციის იყო ის ექაუნთები, რომლებიც ფეისბუქმა გააუქმა. როგორ წარმოგიდგენიათ, ოპოზიცია მილიონობით ლარს ხარჯავდა იმაში, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოეხდინა?! ეს ხომ მარაზმია!
ასეთ შეცდომებს ყოველდღე უშვებენ. აგერ კობახიძე გააგზავნა ივანიშვილმა ამერიკაში საქმის დასალაგებლად და ისეთები ილაპარაკა იქ, რომ ყველაფერი ყირამალა დააყენა. მას შემდეგ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა დაიწყეს ჩვენს ხელისუფლებაზე.
– დროებით ტაიმაუტი გაქვთ აღებული, როდიდან განაახლებთ საპროტესტო აქციებს?
– ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ხმაურიანი პროტესტი ბოლო დროს განვითარებული პროცესების გამო, ვგულისხმობ ლუკა სირაძის გარდაცვალებას. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო. ამის გამო ვცდილობდით, თავი შეგვეკავებინა, თუმცა ისევ ვიწყებთ აქტიურ პროცესს, მათ შორის ქუჩაში.
ყოველდღიურ რეჟიმში გავაპროტესტებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი წაგვართვა და არ ვაპირებთ, რომ მთელი ქვეყანა მას დავუთმოთ. ჩვენ მას დავაბრუნებინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. მას უბრალოდ გაქცევა მოუწევს ამ ქვეყნიდან.
მე მივმართავ “ქართული ოცნების” წევრებს, ივანიშვილი გაიქცევა, კალაძეც გაიქცევა და კიდევ რამდენიმე, მაგრამ თქვენ რას აპირებთ, თქვენ ხომ ამ ქვეყანაში უნდა დარჩეთ?! ნუ ჩაყვებით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში.
მათ მოეთხოვებათ პასუხი. როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო იქნება, ყველა მათგანი წარსდგება ამ სასამართლოს წინაშე და ბიძინა ვერ უშველის.
ამიტომ სანამ დროა, გონს მოეგონ.