ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ივანიშვილი ოპოზიციური ლიდერების დაჭერები დააანონსა. გიგა ბოკერიას გაუცოცხლეს ძველი საქმე. ის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ასევე თქვენი პროცესიც არ გამართულა. რამდენჯერ უნდა დაიჭირონ და გამოუშვან ეს ლიდერები?
– ტოტალური რეპრესიები მიმდინარეობს. ყველა ოპოზიციონერი ლიდერის მოშორების სურვილი აქვს ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას და ამას ყველა ხედავს.
წარმოუდგენელია, რომ ადამიანები ასე ყოველ კვირაში ერთხელ დაიჭირო და გამოუშვა. 8 წლის წინანდელი საქმეები ამოუქექეს გიგა ბოკერიას და ბათუ ქუთელიას. ხომ ვნახეთ, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით რაც მოხდა. ხანდაზმულობის გასვლამდე ორი დღე იყო დარენილი და ისეთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. პატიმრობაში მყოფი ადამიანი თავიდან დაიჭირეს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის საქმიანობას სწავლობენ, სადმე გადაცდომა ხომ არ აქვთ, ფეხი ხომ არ გადაუბრუნდათ სადმე და ასე შემდეგ.
– თქვენი სასამართლო პროცესი 24 დეკემბერს ჩაინიშნა, რა მოლოდინი გაქვთ?
– არანაირი მოლოდინი არა მაქვს. მოსამართლის გადაწყვეტილება იქნება მსგავსი, რა გადაწყვეტილებებიც აქამდე გამოჰქონდა.
– ოპოზიცია ამბობს, რომ 14 დეკემბერს “ოცნებამ” ხალხი ძალით მიიყვანა აქციაზე. “ოცნება” ამას უარყოფს.
– აბა, რას იტყვიან?! მე თავად ვნახე იქ კონკრეტული ადამიანი, რომლის სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, პედაგოგია ეს ადამიანი, ნაძალადევის რაიონში ასწავლის. ის იყო ძალიან შეურაცხყოფილი, როდესაც მას 3 ლარი მისცეს იმისთვის, რომ იგი მისულიყო აქციაზე. 2 ლარი გზის ფულად და 1 ლარი, რომ 1 ბოთლი წყალი ეყიდა. აი, ამ დონეზე არიან დასულები, ადამიანებს ასე იგდებენ მასხრად.
რაიონიდან ჩამოყვანილებს ზოგს 50, ზოგს 70 და ზოგსაც 100 ლარი მისცეს. ჯამში 7 მილიონი დაუჯდათ ეს აქცია.
– ოპოზიციურ ერთობაში რა ხდება. კიდევ ერთი რაუნდი იყო უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის. რაზე ჩამოყალიბდით და თუ გაქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა? საუბარია, რომ შიგნითაც ქაოტური სიტუაცია გაქვთ. ასეა?
– ოპოზიციაში არანაირი ქაოტური სიტუცია არ არის. კვირას კიდევ ერთი რაუნდი შედგა შეხვდრის და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა.
პარასკევს გაიმართება კიდევ ერთი რაუნდი. ვფიქრობთ რომ სწორედ პარასკევს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წამოსვლა. საარჩევნო სისტემაში ცვლილებები უნდა შევიდეს და უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. თუ არ შეიცვლება და იგი ჯიქურ გააგრძელებს მსვლელობას იგივე კურსით, იგი მიიღებს იმ არჩევნებს, რომელსაც არ ელოდება.
ყველას ვერ დაიჭერენ, ეს ქვეყანა არ არის ჩალით დახურული. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერ დასავლელი პარტნიორები, რომლებიც სათქმელს აუცილებლად იტყვიან და ივანიშვილს მიუჩენენ თავის ადგილს. ასე რომ, ივანიშვილო, არაფერი გამოგივა, ვერც ამ საქმეების აღძვრებით შეგვაშინებ.
არ არის პრობლემა, 15 დღე იქნება თუ 10 დღე, გამოგვკეტონ იზოლატორში. გამოხვალ და გაათმაგებული ძალით შეუტევ ამ ხელისუფლებას.
არ გავახარებთ ივანიშვილს და არ წავალთ ამ ქვეყნიდან. არც იოცნებოს.
ეს ქვეყანა ჩვენია.