„კალაძეს ქუჩაში გინებას არავინ დაუწყებს, კობახიძეს კი თმას ღერა-ღერა დააგლეჯენ“

„კალაძეს ქუჩაში გინებას არავინ დაუწყებს, კობახიძეს კი თმას ღერა-ღერა დააგლეჯენ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნიაღვარი ბიძინა ივანიშვილზე და რამდენიმე მაჟორიტარზე წამოვიდა, შემდეგ კი ამას “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერიც დაემატა. ამ სიაში არ ჩანს კალაძე, რომელსაც შესაძლოა აწყობდეს კიდეც არსებული ვითარება „ოცნების“ კარზე გავლენების შენარჩუნების თვალსაზრისით.

რა როლი აქვს ამ პროცესში კახა კალაძეს? ხომ არ გადაიყოლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას კალაძე? და რა რესურსი აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის წამოსაწყებად? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს.

_ როდესაც პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ვგულისხმობთ. ამ პროცესში კახა კალაძის როლს სად ხედავთ?

_ კალაძე ძალიან ირგებდა მთელი ამ წლების განმავლობაში რუხი კარდინალის როლს, მაგრამ კულისებს მიღმა რა პროცესები მიდიოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ თუ ერთპიროვნული მმართველობის კლასიკური ანატომიის მოდელში განვიხილავთ ამას, გამორიცხული იყო, რომ ამ 8 წლის მანძილზე კალაძეს მოქიშპეები არ გამოსჩენოდნენ. უბრალოდ შური, რომ რატომ აქვს მას ამხელა როლი და არა სხვას.

კალაძე ახერხებდა, რომ თან მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა და თან კარგი ბიჭის რეიტინგიც შეენარჩუნებინა და პოპულარობა არ დაეკარგა.

_ ასეთი ვერსია არსებობს, რომ კალაძემ თავისი გუნდი გაყო ორ ნაწილად, რომელთან ნახევარმაც პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგებაში მონაწილეობა მიიღო, მეორე ნახევარმა პირიქით მხარი დაუჭირა იმისთვის, რომ მასზე ეჭვი არ გაჩენილიყო.

_ ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენთან ყველაფერი მნიშვნელოვანია. ზოგმა დაუჭირა, ზოგმა არ დაუჭირა. მე მგონია, რომ ეს იყო შეთანხმებული. თუ ეს მართლაც ხელისუფლების თამაში იყო, რასაკვირველია, გაიყოფოდა ხალხი და უკვე კალაძის ფრონტი გაირღვა.

გვახსოვს მისი ფრაზა, რომ დღეს მე ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ოპოზიციაში ვარ. მერე მიხვდა, რომ ცოტა დაუკრეფავში გადავიდა და დააზუსტა, რომ ჩემ გუნდთან, ”ქართულ ოცნებასთან” ერთადო.

აქ ხომ პირველი კალაძე იყო, რომელსაც წამოსცდა, რომ ”ქართული ოცნება” შეიძლება ოპოზიციაში აღმოჩნდეს. მთელი 9 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის ვერცერთ ლიდერს ვერ წამოაცდევინებდით, რომ ჩვენ შეიძლება ოპოზიციაში ვიყოთო. ასეა დღესაც _  ”ქართული ოცნების” ლიდერებს ვერ წამოაცდევინებთ, რომ შეიძლება არჩევნები წააგონ. ხალხში უნდა იყოს ისეთი რწმენა, რომ „ოცნება“ მოიგებს ყველა არჩევნებს. ამ დროს კალაძე ამბობს, რომ ხვალ შეიძლება მე წავიდე ოპოზიციაშიო.

ეს არ იყო რაღაც როყიო წამოცდენა, ალბათ ამის უკან რაღაც წყენა არის. მიეჩვია კალაძე ამას. მახსოვს, როდესაც ივანიშვილი პირველ მთავრობას ადგენდა და დადგა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის საკითხი, იქ ივანიშვილს წინააღმდეგობა შეხვდა. სხვათა შორის, თავის უახლოეს მრჩევლებში, მაგრამ მაშინ ივანიშვილმა ყველას ხელი აუქნია და თქვა, ეს კაცი ყველაზე მეტად დამეხმარა არჩევნებშიო.

კალაძე იყო მისი ნომერ პირველი ფავორიტი, მაგრამ ახერხებდა იმას, რომ ამ ფავორიტობით საზოგადოებას არ აღიზიანებდა. მაგრამ, კულისებს მიღმა, უახლოეს გარემოცვაში, ეს ყველაფერი ბევრს აღიზიანებდა.

_ თუმცა, ისიც გვახსოვს, რომ ივანიშვილი ყველა არჩევნებში მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით, თვითმმართველობის არჩევნების გარდა, როდესაც კალაძე გახდა მერი.

_ კი. მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი. 2020 წლის არჩევნები არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ოცნება“ თავდაჯერებული ვეღარ მიდის არჩევნებში. ეს მომენტი უნდა დამდგარიყო და დადგა ეს მომენტიც.

_ იმ სურათს ვერ ხედავთ, რომ, შესაძლოა, კალაძემ გადაიყოლოს თავად ბიძინა ივანიშვილი?

_ გამორიცხული არ არის. ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში დღეს კალაძე არის ყველაზე ახალგაზრდა. თანაც კალაძეს აქვს სერიოზული პირადი ბიზნესი, ამიტომ მას საფიქრალი მეტი აქვს.

8 წელი იყო კალაძე ივანიშვილის მთავარი ფავორიტი, ეს ძალიან ბევრია. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი პრეცედენტები არ არის. ეკატერინე მეორის ფავორიტებიც კი არავინ ყოფილა 9 და 10 წელი. ამიტომ, ოდესღაც მოდის დრო, როდესაც ფავორიტს შეავიწროვებენ და უბიძგებენ მეორე როლზე გადასვლას.

ახლა კალაძე ფავორიტობას მიჩვეულია, ამიტომ არის გამოთქმა, მიჩვეულს ნუ გადააჩვევო და პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ ასეთ ფაქტებს. ისტორიაში ბევრი შემთხვევებია, როდესაც ფავორიტი არათუ მშვიდობით წასულა, არამედ თავისი ყოფილი მფარველის პირადი კრიტიკოსიც გამხდარა.

ეს კლასიკური სტანდარტია.

_ იგივე სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია ერთ დროს იყვნენ შევარდნაძის ფავორიტები, მაგრამ ვნახეთ, მერე როგორი ოპოზიცია გახდნენ მისი, რომ რევოლუციაც კი მოუწყვეს.

_ რასაკვირველია. სწორედ ამას ვგულისხმობდი, მაგრამ ჯერჯერობით დასკვნების საშუალება მე არ მაქვს. მე მხოლოდ ვხედავ კონტურებს, ძალიან ბუნდოვან მონახაზებს.

_ დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში 4-5 დეპუტატს გაიყვანდა კალაძე, მაგრამ მაჟორიტარების შენარჩუნებისას გამგეობების მხარდაჭერა დასჭირდებათ, სამტრედიის ხმები იქნება მნიშვნელოვანი და 20-22-ს მოაგროვებს და ეს ისე გააკეთა, რომ დისტანცირება მოეხდინაო. თქვენ ხედავთ ამ ლოგიკას?

_ კი, მაგრამ საქმე იცით რაშია? ახალი ხალხი მოდის. კალაძეს დაჯავშნილი არ აქვს ეს რეზერვები შვეიცარიის ბანკში, რომ როცა უნდა გამოიტანს და დაარიგებს. კალაძის გუშინდელ კანდიდატს შეიძლება დღეს გამოუჩნდეს კალაძეზე ძლიერი მფარველი. ეს ის არ არის, რომ კალაძეს აქვს მუდამ 15-20 ადგილი.

_ თუმცა დაწყებული რომ აქვს თავისი გუნდის შექმნა, ეს ხომ ჩანს?

_ რასაკვირველია, ამას ვხედავთ. ვხედავთ იმასაც, როგორ იცვლება სიტუაცია, კობახიძე გუშინ პირველი კაცი იყო, დღეს ცდილობს, რომ გავლენით იყოს. არა თანამდებობითაც, არამედ მხოლოდ გავლენით, რაც უკვე მყიფე კონსტრუქციაა.

ჩვენნაირ სისტემაში, მკვეთრად ბიუროკრატიულ სისტემაში თუ პიროვნულ თვისებებს თანამდებობაც არ გიმაგრებს, მაშინ გინდა ბისმარკი იყავი, არაფერს არ ნიშნავს.

ამიტომ კობახიძის შემოდგომა დადგა, ვინაიდან ეს არჩევნები სერიოზულად შეარყევს მის პოზიციებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ნომერ პირველი ექსტრემისტი. ქართულ პოლიტიკას ორი ექსტრემისტი ჰყავს _ ღარიბაშვილი და კობახიძე. ადრე თუ გვიან ივანიშვილი მიხვდება, რომ ექსტრემისტები მას მხოლოდ ახალ უსიამოვნებებს უქადიან და რეიტინგის შემდგომ დაქვეითებას ჰპირდებიან, სხვა ვერაფერს.

_ კალაძეს შეუძლია, წამოიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში და თუ აქვს მას ამის რესურსი?

_ კალაძეს, თანამდებობის გარდა, სხვა რესურსიც აქვს, თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. მას ეს სულ ჯერ არ დაუხარჯავს. ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მსოფლიო დონეზე. ის თაობა, ვისაც ახსოვს კალაძის ვარსკვლავის საათი „მილანში“,მისდამი ძალიან ლოიალურად არის განწყობილი. გარდა მაგისა, კალაძე ღია, მყვირალა კორუფციულ სკანდალში არ გახვეულა, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ოპოზიცია, ძირითადად ნაციონალური მოძრაობამ რაღაც პრეტენზიებს უყენებს. მხოლოდ წვრილმანებია, მილანში რატომ შეუკვეთა ეს, განათებაზე ამდენი რატომ დახარჯა და ა. შ. მაგრამ, კალაძეს გაუმართლა, რომ კაბინეტში ჩაკეტილი მერის შემდეგ არის ღია. ხალხი მას ქუჩაში ხედავს. ნარმანიას ქუჩაში ვერავინ ხედავდა. ნარმანია თქვენ გახსოვთ ქუჩაში?

_ ნაკლებად.

_ მე საერთოდ არ მახსოვს. ქუჩაში გასვლის ეშინოდა, კალაძეს არ ეშინია და ესეც მისი ერთ-ერთი აქტივია. ასე რომმ თუ კალაძე ფიქრობს, რომ შემდეგ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, მას ეს რესურსი გააჩნია, რასაკვირველიამ თუ მის მატერიალიზაციას პროფესიონალურ დონეზე მოახერხებს.

პრობლემა ეს არის, მოახერხებს თუ არა ამას.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ 50/50-ზე. მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაშიმ კალაძის მიმართ არ არის აგრესია საზოგადოების მხრიდან. არ არის ისეთი აგრესია, როგორიც არის კობახიძის მიმართ, ღარიბაშვილის მიმართ და სხვა ლიდერების მიმართ. რა გინდათ ჩამოვთვალო, თქვენ უკეთესად იცით.

კალაძეს შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და გაიაროს. მას გინებას არავინ დაუწყებს, კვერცხებს არავინ ესვრის. აბა ერთი კობახიძემ გაიაროს თბილისის ქუჩაში.

_ რა მოხდება?

_ იმ თმას სულ ღერა-ღერა დააგლეჯენ.