კოტიკო გოგინაშვილი
ჩემს სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო კლუბზე, რომელიც საკუთარ თავს მარტოდ არასოდეს იგრძნობს – ამ გუნდის სახელია ლივერპული.
ჭაობიდან ამოყვანილი ლივერპული
2015 წლის ოქტომბერში დაიწყო ახალი ეპოქა მერსისაიდში. ბრენდან როჯერსის წასვლის შემდეგ გუნდი ჩაიბარა იურგენ კლოპმა.
გერმანელი სპეციალისტის დანიშვნა ზოგიერთმა ექსპერტმა პესიმისტურად მიიღო. ამის მთავარი მიზეზი იყო კლოპის საკმაოდ წარუმატებელი ბოლო სეზონი დორტმუნდის ბორუსიაში. იურგენის პირველი თვეები ინგლისში ძალიან რთული გამოდგა. ლივერპული ვერ აჩვენებდა სანახაობრივ ფეხბურთს და გუნდის შედეგები საკმაოდ არასტაბილური იყო.
შემდეგ კი ლივერპულმა მოუმატა და 2015/16 წლის სეზონი წითლებისთვის იმედისმომცემი გამოდგა. გერმანელმა ლივერპული ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა , თუმცა ორივე შეხვედრა მერსესაიდელებმა დათმეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს მაინც სჯეროდათ საკუთარი გუნდის და იმედოვნებდნენ, რომ მომავალ წლებში მათ საყვარელ გუნდს პროგრესი დაეტყობოდა.
გრძელი და რთული გზა
შრომა ადრე თუ გვიან გიფასდება. იურგენ კლოპს შრომა გვიან დაუფასდა. მუშაობის პირველ სამ წელიწადში კლოპის გუნდმა ერთი ტიტულიც ვერ მოიგო. ამ პერიოდში იყო რამდენიმე უსიამოვნო თამაში, რომლებსაც შეეძლოთ ლივერპული და პირადად იურგენ კლოპი გაეტეხათ, მორალურად. 2016 წელს უეფას ევროპის ლიგის ფინალში, ინგლისელები დამარცხდნენ სევილიასთან ანგარიშით 1-3. ორი წლის მერე მერსესაიდელებმა ამავე ანგარიშით წააგეს მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება 2018/19 წლის სეზონის საჩემპიონო რბოლას ინგლისის ჩემპიონატში. 97 ქულით წითლებმა ის სეზონი დაამთავრეს მე-2 ადგილზე და მანჩესტერ სიტის მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.
ტრიუმფი ევრო არენაზე
შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა მერსისაიდელთა გმირული საგის პერფორმანსი იყო. ლივერპული და ქამბექი საფეხბურთო ენაზე სინონიმებია. ამაზე უამრავი მატჩი მეტყველებს. კამპ ნოუზე 0-3 მარცხის შემდეგ ბევრი სპეციალისტი ერნესტო ვალვერდეს გუნდს ხედავდა ფინალში, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში ლივერპულმა გააკვირვა მთელი საფეხბურთო სამყარო. 4-0 ენფილდის ტაბლოზე, სრული შოკი, გადარეული სტადიონი და საგზური მადრიდში.
ეს იყო მერსისაიდელების საუკეთესო საშინაო შეხვედრა, ევროთასებზე. ფინალში ლივერპულმა დაამარცხა ლონდონის ტოტენჰემი ანგარიშით 2-0.
უეფას სუპერ თასზე იურგენ კლოპის შეგირდებმა სძლიეს მეორე ლონდონურ კლუბს, ჩელსის.
რამდენიმე დღის წინ წითლებმა თავიანთ ისტორიაში პირველად მოიგეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისელები დაუპირისპირდნენ ლიბერტადორესის თასის მფლობელს, ბრაზილიურ ფლამენგოს და რობერტო ფირმინოს ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით ლივერპულმა მესამე ტურნირი მოიგო იურგენ კლოპის ეპოქაში.
ფლამენგოსთან თამაშის შემდეგ ჯორდან ჰენდერსონმა ტრავმა მიიღო და სოციალურ ქსელებში გაიხუმრეს, ჰენდერსონმა თასების ამდენი აწევისგან მხარი დაიზიანაო.
ბევრი თვლის, რომ ეს ლივერპულის ტრიუმფების მხოლოდ დასაწყისია.
მოიხსნება თუ არა პრემიერლიგის წყევლა?
წლევანდელი სეზონი არის შარშანდელი ფანტასტიკური წაუგებელი სერიის გაგრძელება.
ლივერპული ინგლისის პრემიერლიგაში თამაშს არ აგებს 2019 წლის იანვრიდან (თითქმის ერთი წელი). 19 თამაშიდან მერსისაიდელებმა მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშეს ფრედ, ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედმა შეაჩერა ლივერპულის მოგებათა სერია.
ლივერპული გახდა პრაგმატული გუნდი. წითლებისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი და სასურველი ყოველ შეხვედრაში კონცერტის დადგმა, ანუ 4 ან 5 გოლის გატანა ყველა მატჩში. იურგენ კლოპისთვის მნიშვნელოვანია ძალების და ფიზიკური კონდიციების სწორი გადანაწილება მთელ სეზონზე. აქედან გამომდინარე, ლივერპულმა ბევრი შეხვედრა მოიგო დიდი გაჭირვებით.
ალბათ დადგა ლივერპულის დრო. დიდი ხანია, ამ გუნდის გულშემატკივრები ელოდებიან ნანატრ პრემიერლიგის თასს. წითლები ლესტერს, რომელიც მეორე ადგილზეა, 13 ქულით უსწრებს.
კლოპის წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა
მწვრთნელს წარმატებისთვის აუცილებლად სჭირდება სწორი ფეხბურთელების შერჩევა. იურგენს რამდენიმე გააზრებული ტრანსფერი რომ არ გაეკეთებინა, ლივერპული ახლა მხოლოდ ოთხეულისთვის იბრძოლებდა.
მერსისაიდელთა შემტევი ტრიოს (სალაჰი, მანე და ფირმინო) პირველი ორი ფეხბურთელი კლოპის მოყვანილია. სადიო მანე ლივერპულში საუთჰემპტონიდან მოვიდა, რომელიც ლივერპულის აკადემია გახდა, რადგან წმინდანების არაერთმა ფეხბურთელმა მოირგო ლივერპულის მაისური.
მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში გადმოსვლით მიიღო პრემიერლიგაში თავის გამოჩენის მეორე შანსი. ეგვიპტელმა პირველი სეზონი ჩაატარა არაჩვეულებრივად, 32 გატანილი გოლით სალაჰი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
ინგლისურ გუნდს ჰქონდა სერიოზული პრობლემები დაცვაში. დეიან ლოვრენისა და ჟოელ მატიპის დუეტი ვერ ამართლებდა მოლოდინს, დაცვის მარცხენა ფლანგზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ალბერტო მორენო. ამ პრობლემის გადასაჭრელად კლოპმა მოიყვანა ორი ფეხბურთელი – ვირჯილ ვან დეიკი და ენდი რობერტსონი. ჰოლანდიელმა მალევე დაანახა საფეხბურთო ინგლისს, რომ იგი მაღალი დონის მცველია, ვირჯილს აქვს ლიდერის თვისება, რაც ძალიან სჭირდება გუნდს წარმატების მისაღწევად.
ლივერპულის აქილევსის ქუსლი იყო მეკარის პოზიცია. მუშაობის პირველივე წელს კლოპმა დაინახა, რომ სიმონ მინიოლე საკმაოდ არასტაბილური მეკარეა, ამიტომ მან გერმანიიდან მოიყვანა, ლორის კარიუსი, რომელმაც ასევე ვერ გაამართლა. საჭირო იყოგამოცდილი და მაღალი დონის მეკარის მოყვანა. ამისთვის ინგლისელი სკაუტები გაემგზავრენ, რომში, მათი მთავარი სამიზნე იყო რომას მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენა. ეს ტრანსფერი წარმატებით განხორციელდა.
ბრაზილიელის მოსვლით დაცვისა და მეკარის პოზიციის პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდა. ბევრი საფეხბურთო ექსპერტი თვლის, რომ ლივერპულის წარმატებული ეპოქის დასაწყისის მთავარი ავტორები არიან ვან დეიკი და ალისონი.
პერსპექტივები
საინტერესოა, როგორი იქნება იურგენ კლოპის ბოლო დღე ენფილდზე. ლივერპულის საშინაო არენაზე გერმანელს სასწაულ პერფორმანს შესთავაზებენ გუნდის გულშემატკივრები. ძალიან აშკარად ჩანს, თუ ვინ იქნება კლოპის მემკვიდრე – ეს არის სტივენ ჯერარდი. ლივერპულის ლეგენდამ უკვე დაიწყო სამწვრთნელო კარიერა. წითლების ყოფილი მერვე ნომერი ახლა შოტლანდიაში მუშაობს. ჯერარდმა დააბრუნა რეინჯერსი ევროთასებზე და გლაზგოელები წელს შოტლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
ლივერპულის ფანებში ასეთი მოსაზრება გავრცელდა – წელს თუ პრემიერლიგას მოვიგებთ, მომავალ წელს რისი ამბიციები უნდა გვქონდეს? მთავარია, ლივერპულის გასახდელში არ გავრცელდეს ეს თეზისი და მერსისაიდელმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავებში არ შეუშვან მსგავსი არაადეკვატური აზრი.
ერთხელ ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევის შემდეგ ერთ ადგილზე ჩერდება, იდიოტია. ჩემი აზრით, ლივერპულის გულშემატკივრებს უნდა სურდეთ რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება, რათა დაიწყოს მათი საკუთარი გუნდის ეპოქა არამარტო ინგლისში, არამედ მსოფლიოში.
არ აქვს მნიშვნელობა, ლივერპული მომავალ წელს როგორ ითამაშებს ან რომელ ადგილზე გავა, გულშემატკივრები მას მარტო არ დატოვებენ.