ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა.
„ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? – არა“,- განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ „ეხო მასკვის“ ეთერში.
„თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, – დასძინა პრეზიდენტმა.
იქამდე, ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის არასდროს დათმობს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს. რადიო „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ თუ მოსკოვი შეეცდება დაარღვიოს ბელარუსის სუვერენიტეტი, საერთაშორისო თანამეგობრობა მას სათანადო პასუხს გასცემს.
„თუ რუსეთი ეცდება ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას, იცით ამაზე რა რეაქციაც ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს ყველაფერი ომში ჩაგვითრევს. დასავლეთი და ნატო ამას არ დაუშვებენ, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც საფრთხე იქნება და გარკვეულწილად, მართლებიც იქნებიან“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
კრემლში ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას მკვახედ უპასუხეს.
„მოლაპარაკებები, რომლებიც ერთი თვის წინ სოჭში და მოლაპარაკებები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ჩვენი აზრით, საპირისპიროს მიანიშნებს”, -განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ქვეყნებმა „ტიტანური შრომა გასწიეს“, რომ შეთანხმებულიყვნენ პაკეტზე, რომელიც ორი ქვეყნის ინტეგრაციასა და გაძლიერებას უზრუნველყოფდა.
„ნათელია, რომ კონტაქტი გაგრძელდება. ინტეგრაციის დონე ისე მაღალია ქვეყნებს შორის და ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ მთლიან სურათს ეს ვერ გააფუჭებს“,-განაცხადა პესკოვმა.

