მამუკა გამყრელიძე – “შუაშისტების დრო მოვიდა, მათი პოზიცია 2020-ის არჩევნების ბედს გადაწყვეტს”

მამუკა გამყრელიძე - “შუაშისტების დრო მოვიდა, მათი პოზიცია 2020-ის არჩევნების ბედს გადაწყვეტს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, უმძიმესი ფონია ქვეყანაში. თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდის პროცესებთან დაკავშირებით როგორია?
– გეთანხმებით. ცუდი პროცესები ვითარდება. როდესაც მშვიდობიანი აქცია დაშალეს, მაშინ ვთქვი, რომ ესენი შევიდნენ ტერმინალურ ფაზაში და აუცილებლად შემდეგი ნაბიჯები იქნება პერსონალური დევნა, დაგვერევიან სათითაოდ ყველას და დაგვიწყებენ დევნას.
ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს მოხდა. ხელისუფლება ამ გზას გააგრძელებს. ეს არის კლასიკური გზა, დიქტატურის. ასეთ დროს იწყება ხოლმე დაშლა,შიგნით გუნდში. ვისაც ჰქონდა შანსი, რომ “დათესილიყო”, ისინი გაიქცნენ უკვე და დაუპირისპირდნენ. ხოლო ისინი, ვინც ისეთი დასვრილები არიან, რომ არსად წასვლის შანსი არა აქვთ, დაიტოვა ივანიშვილმა. ის ამ გუნდს მაქსიმალურად გამოაშრობს, დააპატარავებს და ამ გუნდით დაერევა ხალხს.
– დასავლეთის ზეწოლა ვერ იმოქმედებს?
– არავინ მითხრას, რომ დასავლეთი შეაშინებს! ან ფულს წაართმევენ და ასე შემდეგ. მაგისთვის ხელისუფლებაში დარჩენა ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. უდიდესი საფრთხე აქვს რუსეთიდანაც და საქართველოდანაც.
– ანუ არანაირ შეღავათებს არ ელოდებით, არანაირი დათმობა არ იქნება?
– არ იქნება არანაირი დათმობა.
– ურთულეს ფაზაში გადავედით. ყველა ღიად საუბრობს იმაზე, რომ კრიმინალი თარეშობს ქუჩებში.
– დიახ, ასეა. დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა. ნამდვილად თარეშობს კრიმინალი.
– მეოთხე რაუნდი გაიმართა შეხვედრის. რა შედეგებს ელით ამ ყველაფრიდან?
– “ოცნება” ცდილობს, მცირე კოსმეტიკური ცვლილებებით გავიდეს ფონს. ოპოზიციის მხირდან უკვე ბევრი დათმობა იყო. სწორედ მათ შემოგვთავაზეს თავდაპირველად პროპორციულზე გადასვლა. შემდეგ გვითხრეს, აღარ გადავალთო, რის შემდეგაც შევთავაზეთ გერმანული მოდელი, რაც გამოსავალი იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც.
ჩვენ ამას ცალკე განვიხილავთო, გვითხრეს. დავთანხმდით. ნახეს, რომ მრავალმანდატიანი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მერე კიდევ აიღეს ტაიმაუტი. უკვე უკანდახევის მეტი გზა აღარ აქვთ. ჩუგოშვილი რომ ჰყავთ, ახლად გამოჩეკილი “ოპოზიციონერი”, ვითომ ახლა რომ აეხილა თვალი 7 წლის მერე, იმანაც კი თქვა, რომ უკანდასახევი ნაბიჯები “ოცნებას” აღარ დარჩა.
– ჩიხშია “ოცნება”?
– დიახ, ასეა. ან უნდა დაგვეთანხმონ ან პირდაპირ უარი გვითხრან.
– რატომ, ხომ მოვიდნენ ახალი წინადადებებით?
– ახლა მათ დაიწყეს კოსმეტიკური ვარიანტების მოძებნა. ზრდიან პროპორციული დეპუტატების რაოდენობას, 100/50-ზეო და ასე შემდეგ.
პირდაპირ თქვა ხელისუფლებამ ამ შეკრებაზე, რომ რასაც თქვენ გვთავაზობთ, ამით ჩვენ დავმარცხდებითო. პროპორციული არჩევნების რანაირი სახეობაც არ უნდა იყოს, ჩვენ დავმარცხდებით და ეს არ გვაწყობსო. ეს თქვეს ელჩებთან ერთად და მათ თვალები გაუფართოვდათ, ეს რომ მოისმინეს.
– ეს შეხვედრა იყო მეოთხე რაუნდი. ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდება შეხვედრა.
– ასეც ნუ ვიტყვით. შედეგი არის. მარტო ის არის შედეგი, რომ მათ აღიარეს, რომ ამ არჩევნებს ეპოტინებიან. დასავლეთისათვის ყველაფერი ნათელი ხდება, ესენი სად მიდიან. ამას კი ჩვენთვის ძალიან დიდი მორალური უპირატესობა მოაქვს.
უკვე რაღაც პუნქტებზე, იგივე მრავალმანდატიან ოლქებზე თქვეს, რომ ეს არ არის ანტიკონსტიტუციური. ესეც შედეგია.
ან ყველაფერზე უარი უნდა თქვა, აუყირავო მაგიდა და ისევ ქუჩაში გავიდეთ, ან კიდევ დავტყუოთ რაც შეიძლება მეტი და და მოვუგოთ არჩევნებში.
– ალბათ მეორე ვარიანტი უფრო კონსტრუქციულია.
– პირადად ჩემთვის მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია, მაგრამ სოციალურ ქსელს რომ გადახედავ, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის მომხრეები ძალიან რადიკალურები არიან. არ გამიკვირდება, რომ ნაციონალებს, შესაძლოა, შიშიც ჰქონდეთ საკუთარი ამომრჩევლის და არ წავიდნენ დათმობებზე.
იქნება დიდი ოპოზიციური შეხვედრა და ყველაფერი იქ შეჯერდება. ხელისუფლების ყველა წინადადებას ერთად ამ დიდ შეხვედრაზე განვიხილავთ.
– რას ელოდებით ხელისუფლებისგან?
– ხელისუფლებას სადღაც იანვრის ბოლომდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც აპრილის ბოლოს დაინიშნება.
– ამ ვარიანტსაც განიხილავთ?
– კი, ამ ვარიანტსაც აქტიურად განვიხილავთ. ახლა უკვე ისეთი მომენტია, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას აწყობს და არა – ოპოზიციას.
შიგნიდან ისეთი გაურკვეველი პროცესები მიდის პარლამენტში, ვითომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაჟორიტარები და დანარჩენები, მოკლედ, აქედან გამომდინარე რაღაცას მოიფიქრებენ და ვადამდელს დანიშნავენ, რითაც უფრო შეამოკლებენ თავის რთულ პერიოდს.
აი, მერე უკვე დახარჯავენ ყველაფერს, თუ რამე გააჩნიათ, ფულსაც, ადმინისტრაციულ რესურსსაც, კრიმინალსაც ჩართავენ. დარწმუნებული ვარ, იქნება საშინელი ზეწოლა.
დასავლეთი ამ არჩევნებს ძალიან ცუდად მიიღებს, მაგრამ უკვე ესენი ისეთ ფაზაში არიან, რომ საერთოდ აღარ აინტერესებთ აღარაფერი! გადარჩენაზეა ლაპარაკი, ამიტომ პირადად მე ძალიან მეშინია იმ პროცესების, რომლებიც მომავალ წელს გველოდება.
– რას იტყვით ოპოზიციაზე? საუბარია, რომ შიგნითაც გიჭირთ შეთანხმება, რომ არ არის ერთსულოვნება. რა გეგმები აქვს ოპოზიციას?
– მე არ დავეთანხმები ამ შეფასებებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ერთსულოვნება და მშვიდი გარემოა საუბრების. 30 პარტიაა ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებული, ეს არც ისე მარტივი რამეა. ძალიან მშვიდად ხდება ყველა საკითხის განხილვა, ნაბიჯების გაცვლა.
– ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ აგრესიულმა ქუჩის აქციებმა, სირბილმა, დაბოქლომებამ ოპოზიციას ამომრჩეველი დააკარგვინა. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ შეფასებებს?
– ეს დაბოქლომება არ იყო რადიკალური და აგრესიული. ეს იყო სიმბოლური. ჯოხს ორი ბოლო აქვს, ერთი მხარე, შუაშისტების, ისინი უფრო მშვიდები არიან და ისინი მოითხოვენ რაღაცა ურთიერთდათმობებს, კონსულტაციებს, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომელიც ითხოვს დუღილს, აფეთქებებს და უბედურებას.
რა უნდა ქნან ოპოზიციის ლიდერებმა? არ უნდათ რომ დაკარგონ არც ასეთი ამომრჩეველი და არც ისეთი. მე ვიტყოდი, რომ დღეს მაინც ამ შუაშისტების დრო მოვიდა.
– რატომ მოვიდა მათი დრო?
– 20-30%-ია ამ ხალხის, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული ჯერ, თუ ვის მისცემს ხმას, იმიტომ, რომ ეს პოლარიზება მათ ძალიან არ მოსწონთ, არც აქეთ და არც იქით. მათი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე. სრულიად შეცვლის სურათს. თუ საით გადაიხრება ეს ნაწილი, ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი! ამიტომ არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც ერთი ამომრჩევლის.
ამიტომ არის ოპოზიციის სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აბსოლუტურად ყველას გემოვნება დააკმაყოფილოს და გაითვალისწინოს ამ ერთობამ. ეს მრავალფეროვნება და დიდი გაერთიანება მოქმედების დიდ ბიძგს აძლევს ოპოზიციას.
აქეთა მხარეს, ვგულისხმობ ხელისუფლებას, იქნება ძალიან ძლიერი რადიკალიზაცია და დაპირისპირება და უმძიმესი პერიოდი, რადგან “ოცნება” არაფრის ფასად უკან არ დაიხევს.
ეს კი ყველაზე მეტად მაშინებს.