ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, გრანდიოზული აქცია გამართა შაბათს “ქართულმა ოცნებამ”. ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა სიტყვით, რა მესიჯები ამოიკითხეთ მის სიტყვაში?
– მე “ქართული ოცნების” მიერ გაცემული მესიჯების, დაპირებების დაახლოებით სამი წელია, აღარ მჯერა. ჩვენ გვახსოვს შარშან, ზუსტად ამ დროს, სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად მოდიოდა, რა დაპირებები მოვისმინეთ, მაგრამ რა შესრულდა ამ დაპირებებისგან?! 2016 და 2017 წლებში, როდესაც ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები იყო, ჩვენ გვეგონა, რომ როგორც მინიმუმ კოაბიტაციას დაასრულებდნენ და დღეს კოაბიტაცია არის ყვავილობის ფაზაში.
– უნდა გამოვასწოროთ ნაციონალები და დავასაქმოთო. სიძულვილს სიყვარულით უნდა ვუპასუხოთო, თქვა ივანიშვილმა.
– კარგით რა. არ ვიცი, ხალხი ამას როგორ აღიქვამს, მაგრამ “ქართული ოცნების” მარიხუანა ჩემზე აღარ მოქმედებს. ხალხს ვეღარ აბოლებს ეს პლანი, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს მოსახლეობას.
– რას იტყვით აქციაზე მისულებზე?
– 2012 წელს ადარებენ ხალხის რაოდენობას. 2012 წლის შემდეგ ამდენი ხალხი აღარ ყოფილაო. ერთ-ერთმა ისიც გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ახლა მეტი ხალხი ყოფილა, ვიდრე 2012 წელს.
ერთ პატარა პარალელს გავალებ. 2012 წელს იქ მისული ადამიანები იყვნენ იდეის გამო მისულები და 5%-მდე არც იყო ალბათ ანგარებით მისული. ძირითადად იქ იყვნენ ადამიანები იმ იდეით, რომ ნაცები დამთავრდებოდნენ.
2012 წლიდან დღემდე გავიდა 7 წელიწადზე მეტი, თითქმის 8 წელი და 8 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს იქ შეკრებილი ადამიანების 95% არის ანგარებით მისული. ხოლო დანარჩენ 5%-ს სურვილი აქვს, რომ სჯეროდეთ იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას “ქართული ოცნება” დაამარცხებს.
– რატომ ამბობთ, რომ 95% ანგარებით იყო მისული?
– ყველა, ვინც იქ მივიდა, იყო ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენელი, სიპების და აიპების. იქ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უფროსობამ უთხრა, რომ თუ გინდათ საახალწლოდ მიიღოთ პრემიები, კეთილი ინებეთ და მობრძანდით. სამი საათი გაიჭირვეთ და დადექით აქციაზეო – აი, კონკრეტულად ამ სიტყვებით. მე ბევრი გადავამოწმე, ვიცი, სადაც მუშაობენ. გვარებს აღარ დავასახელებ.
– მოწინააღმდეგეც ბევრი გამოგიჩნდებათ, რომ ასე არ ყოფილა.
– ვინც მე ამის გამო შემეკამათება, მე იმის ტვინში ჩამახედა. ზუსტად ისეა, რასაც ვამბობ. ჩემი თვალით რომ არ მენახოს და ჩემი ყურით არ გამეგონოს, არც ვიტყოდი.
თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 500 მეტრში ვცხოვრობ. აქ ისეთი ხალხი იყო ჩამოლი, რომლებიც მეკითხებოდნენ, წმინდა გიორგის ძეგლი საითაა, ძმაო? ისეთი ადამიანები იყვნენ მოსულები, რომლებიც პარლამენტისკენ იშვერდნენ ხელს და მეკითხებოდნენ, ეს პარლამენტია თუ კანცელარიააო?
და ასეთ ადამიანებს რა ევროპა აინტერესებთ, ნუ გამაგიჟეთ! რა ევროპა და რა პროპორციული არჩევნები, სულ არ აინტერესებს მაგ ხალხს ეგ საკითხები.
– აბა რა აინტერესებს, რატომ მივიდნენ?
– ამ ხალხს აინტერესებს ჯანმრთელად ყოფნა და მაძღრად ყოფნა.
– მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა?
– ზუსტადაც რომ საკუთარი კეთილდღეობა! იმიტომაც დგანან დღეს იქ, რომ ვიღაცას 100 ლარი მისცეს, ვიღაცას 250 და ვიღაცას უფრო მეტი! ამ ხალხს სულ არ აინტერესებს, მიშა იქნება, გრიშა იქნება თუ ივანიშვილი იქნება! ამ ხალხს აინტერესებს ერთი – იყვნენ მაძღრები!
აღარავის სჯერა “ოცნების” დანაპირების. 2016 წლის შემდეგ “ქართული ოცნება” არის გაბანძებული! ტყუილია, რომ დღეს “ქართული ოცნების” მიზანი იყოს ნაცმოძრაობის განდევნა პოლიტიკური ველიდან. ამას ვეღარ დაგვაჯერებენ – რომ არა ნაციონალური მოძრაობა, “ქართული ოცნება” ამდენი ხანი ვერც იარსებებდა.
– ის, რასაც ოპოზიცია აკეთებდა გასულ დღეებში თბილისის ქუჩებში, აწყობდა ხელისუფლებას?
– რა თქმა უნდა, აწყობდა. იქ მიშას ჩართვები, იქ ბოკერიას ხელოვნური შეკამათებები პოლიციელებთან. ვინ დამაჯერებს იმას, რომ ბოკერიას იმდენი ტვინი არ აქვს, კამერების თანდასწრებით არ ილაპარაკოს ის, რომ მე რომ მოვალ, შენ ნახე, თუ არ დაგიჭიროო, პოლიციელს ეუბნება.
ასეთ გამოცდილ და გაქნილ პოლიტიკოსს ეს შეეშლებოდა?! არ შეეშლებოდა, ეს ტყუილია! ეს ყველაფერი შეკვეთილი, დაკვეთილი და იმის მომასწავებელია, რომ ნაცმოძრაობის და მისი განაყოფების მოშლას და გაუქმებას “ოცნება” არ აპირებს და ამ ხალხს აბოლებს.
– ანუ ოპოზიციაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს? მათაც ფული აიღეს და ეს ყველაფერი სპექტაკლია?
– რა თქმა უნდა! ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?! ბოკერიამ შეიძლება პირდაპირ ფული არ აიღო, მაგრამ ბოკერიას დამფინანსებელი ბიზნესმენი რომ წახალისდა, დღგ-ები ჩამოეწერა, ვალები ჩამოეწერა, ყველა გადასახადი, რაც კი ჰქონდა სახელმწიფოსთვის, ჩამოეწერა, ესენი ასე აწვდიან ოპოზიციას ფულს.
პირდაპირ მილიონებს კი არ ურიცხავენ ანგარიშებზე. არა, ბატონო! იქ საქმეები კეთდება. ვიღაცას კოეფიციენტი გაუზარდეს, იქ ვიღაცას სახელმწიფოს ვალს ჩამოაწერენ. მერე იმ ოპოზიციის ბიზნესმენს 100 მილიონს რომ ჩამოაწერენ, 5 მილიონს ბოკერიას აძლევს და გახარებულია ისიც და ესეც.
აი, ეს რის ამათი ბინძური მხარე! ამ სანახაობის მთელი უბედურება სწორედ ამაშია, რომ დღეს ჩვენ ვიღებთ მართულ ოპოზიციასაც.
– იმაზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით გააკეთა “ოცნებამ”, რას ფიქრობთ?
– ჯერ კიდევ 2015 წელი იყო, რომ მივმართე ნინო გვენეტაძეს, მიქაუტაძე რატომ გყავთ აქ-მეთქი.
გიორგი მიქაუტაძე იყო მოსამართლე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმა ასობით ათასი ლარით არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვის გამო. დღეს ბატონი გიორგი მიქაუტაძე არის პირველი კაცი ივანიშვილის კარის მოსამართლეებში. წარმოგიდგენიათ, ეს რა ხდება?! იმის რესურსიც კი არ ჰქონდათ, რომ ახალი სახეები წამოეწიათ წინ ამ 7 წლის განმავლობაში და ისინი დაენიშნათ უზენაესში მოსამართლეებად.
სააკაშვილს დამლაგებელი ჰყავდა ერთი და როცა მოვიდა ხელისუფლებაში, მოკიდა ამ დამლაგებელს ხელი, ჯერ მოსამართლედ ამუშავა, მერე უზენაესში გადაიყვანა და ბოლოს საკონსტიტუციოში გაუშვა.
– ვიზე საუბრობთ?
– არ დავასახელებ მის გვარს. “ოცნების” დროს იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ადამიანი იყო დამლაგებელი! ამით იცით, რისი თქმა მინდა? სააკაშვილს იმის რესურსი ჰქონდა და იმის შნო ჰქონდა, რომ კადრი შეექმნა არაფრისგან. ესენი კი ვინ არიან! ერთი ამათი კადრების სამჭედლო მანახა, რა!
– რას ველოდებით ამ სიტუაციაში, რა იქნება? რა გვითხრა ივანიშვილმა, კიდევ დიდხანს ვიქნებიო?
– იმაზე, რაც ივანიშვილმა აქციაზე თქვა, კომენტარს არ გავაკეთებ. მე არ მჯერა არც მისი ხმამაღალი მესიჯების. არ არის გამორიცხული, რომ ეს მესიჯები ემსახურებოდეს კიდევ ერთ ტრიუკს.
მე ვაფასებ იმას, რასაც ვხედავ და რაც ამ პროცესის პარალელურად ხდება.
– და რა ხდება ამ პროცესის პარალელურად?
– თავიდან ვფიქრობდი, რომ “ოცნება” ბოკერიას გაძლიერებას ცდილობდა და მისი საშუალებით უნდოდა ნაცები ჩაჩოჩება, თუმცა ხალხს იმდენად დიდი სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ახალი გეგმა შეიმუშავა. არ დავასახელებ წყაროებს, თუმცა მაქვს სულ სხვა და ახალი ინფორმაციები.
– კერძოდ, რა ინფორმაციები?
– მე მაქვს ძალიან სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ახალი წლის მერე ორ ნაწილად გაიყოფა.
ერთ მხარეს უხელმძღვანელებს კახი კალაძე, ხოლო მეორე მხარეს არ ვიცი, “ოცნება” ვის აირჩევს, გახარიას თუ ღარიბაშვილს, ან რა მნიშვნელობა აქვს. ვიცი რომ “ოცნება” გაიყოფა ორ ნაწილად.
ასევე ასპარეზზე გამოჩნდება გიორგი კვირიკაშვილიც. გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ მოკალათდებიან ის პარლამენტარები, რომლებსაც ე.წ. ამბოხებულ პარლამენტარებს ეძახიან და შემდგომ ეს ადამიანები შეუერთდებიან ხაზარაძის ლელოს.
შეიქმნება ერთი დიდი მძლავრი პარტია – ლელო, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი ექნება. არჩევნებზე 10%-ზე მეტსაც აიღებენ. ასევე კახი კალაძის პარტია ვარაუდობენ, რომ 20%-ს აიღებს, ხოლო 30%-ს “ქართული ოცნება” აიღებს. აი, ასეთი გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს.
– გაერთიანებულ ოპოზიციას რა ბედი ეწევა?
– გაერთიანებული ოპოზიცია, სავარაუდოდ, ამ სახელით აღარ იქნება და არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობს და მათი პროცენტული ნიშნული არ აცდება 10-10%-ს. ხოლო კალაძის და ხაზარაძის პარტიები “ოცნებასთან” შექმნიან კოალიციას.
აი, ეს გათვლები აქვს ივანიშვილს და ამისთვის ემზადება. რეალურად ნაცარს აყრიან თვალში საზოგადოებას. ივანიშვილმა თავისი გუნდი გაშალა, კი არ დაშალა და ასე გაშლილი გუნდებით 2020 წელს შეიკრიბებიან პარლამენტში ეს ვითომ ამბოხებული პარლამენტარები.
ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. ბევრი პირდაპირ საუბარში არც მალავს, რომ ბიძინას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
– ანუ რიგგარეშე აღარ იქნება?
– თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა, მაგრამ შეიცვალა ივანიშვილის გეგმები. ის ამ პარტიებს აძლევს დროს იმისთვის, რომ მოძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ და 2020 წლის ოქტომბერში შევიდნენ პარლამენტში და იქ შექმნან კოალიცია.
სწორედ ამ ინფორმაციებმა გამოჟონა ბოლო დღეებია, “ქართული ოცნებიდან”. “ქართული ოცნება” რიგგარეშეს არ ჩანიშნავს, გაშლის საკუთარ პარტიას და არა დაშლის და ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე შემოიყვანს გიორგი კვირიკაშვილს.
ოთარ ჩრდილელი რომ წავიდა პარლამენტიდან, ის არის კახი კალაძის უახლოესი მეგობარი, სწორედ მისი წყალობით იყო ორი მოწვევიას პარლამენტის წევრი. წარმოუდგენია ვინმეს, რომ ის კალაძესთან შეუთანხმებლად წავიდოდა პარლამენტიდან?!
ასე არ ხდება, გენაცვალეთ!