ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კახა, “ლელო საქართველოსთვის” სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმისა თუ პოლიტიკური ორიენტაციის პარტიებს აერთიანებს. ეს ეკლექტურობა ხელს ხომ არ შეგიშლით?
– პირიქით, ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. იმ რეალობაში, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა, უმწვავესი რეალობის ფონზე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები განმასხვავებელ ნიშნებს კი არა, გამაერთიანებელ იდეებს ეძებენ. ჩვენ, სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანებს, გვაერთიანებს ის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს. სამართალდამცავი სისტემა აპოლიტიკური უნდა იყოს. პროკურატურა ნეიტრალური უნდა იყოს.
ეს არც ერთი ჩვენგანისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ისეთი სიმძიმის სახელმწიფოებრივი პრობლემები აწუხებს ქვეყნას, რომ მემარცხენე, მემარჯვენე თუ ცენტრისტი ერთ აზრზე ვართ. და საერთოდ, მემარცხენე, მემარჯვენეობა ცოტა დრომოჭმული მგონია.
ახლა სახელმწიფოა ასაშენებელი, ამისთვის ძლიერი საძირკველი და ჭერი გვჭირდება. მერე, ამ სახლში შეიძლება სხვადასხვა ოთახები იყოს, სადაც სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ერთად იცხოვრებენ.
– არჩევნებში რამდენად შეძლებთ, კონკურენცია გაუწიოთ “ქართულ ოცნებას”?
– “ქართული ოცნება” უკეთეს შემთხვევაში ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს. უარეს შემთხვევაში კი საკუთარ პარტიულ ინტერესს აყენებს ყველაფერზე მაღლა.
პრაქტიკულად ყველა სფეროში ღრმა კრიზისია. სასამართლო უსამართლოა. პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ზეპარტიული ინსტიტუცია. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილია. მზარდი სიღარიბე, მზარდი ბავშვთა შიმშილიანობა, მზარდი უმუშევრობა, არ არსებობს სფერო, სადაც ღრმა კრიზისში არ ვიყოთ. ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებას პირდება. ეს მოცემულობა გვაქვს “ქართული ოცნების” ორი ვადის მმართველობის ფონზე.
– ორპარტიული დაპირისპირება ყველა არჩევნებზე “ქართული ოცნების” მთავარი იარაღია. რამდენად შეძლებს თქვენი პარტია, ამას დაუპირისპირდეს? ალტერნატივად წარმოჩენას შეძლებთ?
– სწორედ ამ ორპოლუსიანობას განვიხილავთ ჩვენ შესაძლებლობად. სოციოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ამომრჩევლის 60% გადაუწყვეტელია. ჩვენ სწორედ ამ ამომრჩევლისთვის ვიქნებით ძლიერი ალტერნატივა.
ორპოლუსიან დაპირისპირებას აუცილებლად შევცვლით. “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს კვებავენ. “ქართული ოცნება” თითქოს ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ყველაზე ცუდი იყო, შეუცვლელად გადმოიბარა “ქართულმა ოცნებამ”.
მთელი ქვეყნის ნაციონალურ მოძრაობად მოხსენიება წარმოუდგენელი უსინდისობაა. ჩემს საადვოკატო საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ და იცით, პროცესებზე რა ხდება?! – ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიან სასამართლოში და ცდილობენ, ხელი დააფარონ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სასამართლო დარბაზში იურიდიულად ამართლებს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულს.
ვინ არის დღეს “ქართული ოცნება”?! პირველი – ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებული ადამიანები. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც აფინანსებდნენ ნაციონალურ მოძრაობას: ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. მესამე კატეგორია, რომელსაც არასდროს არაფერი საწინააღმდეგო არ დასცდენია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მათ ხმალი მხოლოდ მას შემდეგ იშიშვლეს, რაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა.
– ამ კატეგორიას ვის მიაკუთვნებდით?
– ირაკლი კობახიძეს და პრემიერ გახარიას, რომელმაც მხოლოდ 2019 წელს უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, დაგამთავრებთო, მაგრამ 2012 წლამდე მისი ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ იგუგლება. მიშა ცხრა ზღვას და ცხრა მთას იქით რომ არის, ახლა იშიშვლეს ამ ძალიან გაბედულმა პოლიტიკოსებმა ხმალი. შეგიძლით გადახედოთ და შემეკამათოთ, თუ ვცდები, “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა, რომლებიც ბედავდნენ წინა ხელისუფლების დროს ხმის ამოღებას.
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. ასევე საუბარია დემოკრატიის გაძლიერებაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ გზავნილს?
– სამართლიანი სასამართლოს შექმნას ძალიან ბევრი საკითხი ებმის. ამიტომ, უმთავრესი ამოცანა არის სამართლიანი სასამართლოს შექმნა და ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა.
– სამართლიანი სასამართლოს შექმნა როგორ წარმოგიდგენიათ, უზენაეს სასამართლოში ცოტა ხნის წინ დამტკიცებული მოსამართლეების მონაწილეობით თუ მათი გაშვებით?
– მათი გაშვებით! ამას ვამბობ ხაზგასმით. გამორიცხულია, ამ სისტემამ სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოს. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსამართლე, რომელიც 8-9 წლის განმავლობაში უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა, უცებ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?! ამიტომ ისინი სისტემას უნდა ჩამოცილდნენ.
– უვადოდ არიან არჩეულები.
– ამიტომ არის მნიშვნელოვანი კონსენსუსი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო სექტორში. საქართველოში არსებობენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი იურისტები, რომლებიც დააკომპლექტებენ სასამართლო ხელისუფლებას.
“ქართულმა ოცნებამ” უზენაეს სასამართლოში კლანი იმიტომ კი არ დანიშნა უვადოდ, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი არ სჭირდება.
ხელისუფლებას სჭირდება მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს. სწორედ ასეთები გაამწესა ახლა უვადოდ. ეს იქნება მტკივნეული პროცესი, თუმცა აუცილებელი.
ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერანაირი ტალღები ამას ვერ უშველის.