პაატა ზაქარეიშვილი – “მომეწონა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა”

პაატა ზაქარეიშვილი - “მომეწონა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს
– ბატონო პაატა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი და სასიხარულო იყო. თქვენ, როგორც კონფლიქტოლოგი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– მე პირდაპირ ვიცოდი ცხინვალიდან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს არ გაათავისუფლებდნენ ორ თვეზე უფრო ადრე, რომ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და შემდეგ შეიწყალებდა ბიბილოვი. მე ეს ვთქვი მაშინვე, როგორც კი დააპატიმრეს.
– რომ ხაზი გასმოდა მათ კეთილ ნებას?
– დიახ, რა თქმა უნდა. ორმაგი ნება. ერთი, რომ გაუმარჯოს მსოფლიოს ჰუმანურ სასამართლოს – სამხრეთ ოსეთის სასამართლოს და მეორე მესიჯი ყოფილიყო – გაუმარჯოს ყველაზე ჰუმანურ პრეზიდენტს დედამიწის ზურგზე, ბიბილოვს.
– რა ინფორმაცია გაქვთ თავად ვაჟა გაფრინდაშვილის კავშირებზე? ის ხშირად დადიოდა ცხინვალშიო. ამ შემთხვევამდე ჰქონდა ცხინვალთან კავშირი?
– მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.
– თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ ამ ყველაფრიდან?
– მე უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის კითხვას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს ადამიანი უკვე გარეთაა და ნელა-ნელა გამოჟონავს პასუხებიც.
ბატონმა ვაჟამ მადლობა გადაუხადა ცხინვალის მოსახლეობას, ეს ძალიან კარგი ნიშანია, ყოჩაღ ბატონ ვაჟას! ბევრ პოლიტიკოსს არ მოუვა თავში ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ? მადლობას მოსახლეობისადმი?
– დიახ. ასე რომც არ ყოფილიყო და ვაჟა გაფრინდაშვილმა ამას ხაზი გაუსვა, ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. აქედან ჩანს, რომ მას უკეთესად ესმის ოსური საზოგადოების და არსებული საზოგადოების, ვიდრე ჩვენს ვაი ხელისუფლებას და ვაი პოლიტიკოსებს!
– ახლა მთლიანად ჩაკეტილია საზღვრები. სამკურნალოდაც არ უშვებენ.
– დიახ, ასეა და ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. არა კოალიცია “ქართული ოცნების”, არამედ პარტია “ქართული ოცნების”, რომელიც 2016 წლიდან გახდა ძალიან ხისტი და დაუბრუნდა წინა ხელისუფლების ნარატივს. ჩვენ თითქოს მხოლოდ სასამართლოში ვხედავთ, როგორ დაბრუნდა ნაციონალური მოძრაობა და ასე არ არის, ის კონფლიქტებშიც დაბრუნდა! რომ ჩვენი მტერი არის მხოლოდ რუსეთი და აფხაზებს და ოსებს ჭკუას არავინ ეკითხება. გაფრინდაშვილის საქმემაც კარგად აჩვენა, რომ თავისი ხედვები ჰქონდა ბიბილოვს და პრინციპულად მისდევდა ამას. მას შეეძლო კიდევ რამდენიმე კვირა გაეწელა და მერე შეეწყალებინა, მაგრამ იქ გაიჟღერა პაატა ბურჭულაძის გვარმა, იქ გაიჟღერა ლეო ბოკერიას გვარმა…
– და ყველა ეს პიროვნება დარაზმა გაფრინდაშვილის მეუღლემ?
– დიახ, დარაზმა მხოლოდ მეუღლემ. დანამდვილებით ვიცი ეს ყველაფერი. ასე რომ ამ “დაბომბვებმა” აიძულა ბიბილოვი, რომ შედარებით სწრაფად შეეწყალებინა ვაჟა გაფრინდაშვილი, ვიდრე ის ამას აპირებდა.
ცხინვალიდან მქონდა ინფორმაცია, რომ მას ახალ წლამდე შეიწყალებდნენ და ეს ყველაფერი მართლაც ჩაჯდა იმ სცენარში, რაც იყო დაგეგმილი.