ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
„ოთხი გარდაცვლილი იყო მანქანაში, ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი, სავარაუდოდ ათი წლის ბავშვი.
დაახლოებით სამ წლამდე ბავშვი, რომელიც მანქანიდან იყო გამოტყორცნილი, გადაყვანილია კლინიკაში გამვლელის მიერ. კლინიკაში იმყოფება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი, რომელმაც დამუხრუჭებისას, სავარაუდოდ, თავი მიარტყა მინას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


