რამაზ საყვარელიძე – “დღეს ნაცმოძრაობა ძალიან წამგებიან ნაბიჯებს დგამს”

რამაზ საყვარელიძე - “დღეს ნაცმოძრაობა ძალიან წამგებიან ნაბიჯებს დგამს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ფსიქოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, “ოცნება” სერიოზულ ჩიხშია შესული, დასავლეთიდანაც მწვავე შეფასებები მოდის. რას იტყვით?
– წინასაარჩევნო პერიოდია და მეტოქეები უფრო დაუნდობლები ხდებიან ერთმანეთის მიმართ, შეცდომებსაც თითოეული მხარე უფრო მეტს უშვებს და ამ ტიპის კრიტიკა გასაკვირი არ არის.
არჩევნები ბრძოლაა. გააჩნია, როგორი მეტოქე გყავს. იგებს ის, ვინც ძლიერია. ამდენად, “ქართული ოცნების” გამარჯვება-დამარცხება მეტოქეზეც არის დამოკიდებული.
– რამდენად ძლიერი მეტოქე ჰყავს დღეს “ოცნებას”?
– არა მგონია საიმისოდ ძლიერი იყოს, რომ გამარჯვება მოიპოვოს. ძირითადი მეტოქე ნაციონალური მოძრაობაა და ის არ ცდილობს თავისი ამომრჩევლის გულის მოგებას. ისიც იცის, რომ მისი ამომრჩეველი საკმარისი რაოდენობის არ არის გამარჯვების მოპოვებისთვის და არ ცდილობს მოიპოვოს ახალი გულშემატივარი.
ის სტილი, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მათ აქცია-პერფორმანსებს ვგულისხმობ, სერიოზული პოლიტიკური პროცესის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
– თუმცა მათ შეძლეს, პროცესები ქუჩაში გადაეტანათ, “ოცნება” მათ დღის წესრიგზე გადმოეწყო. ასეთი სიტუაცია და ქუჩაში გასული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის რთული სამართავი არ არის?
– რათ უნდა მაგას დიდი შეძლება, 100 კაცით ქუჩაში თუ გახვალ, პროცესი ქუჩაში იქნება გადატანილი.
– მოლაპარაკების მაგიდასთან ნაკლებად სხდებიან, იგივე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
– ეს უკვე ორივე მხარემ თავის თავს დააბრალოს. ამიტომ არ აქვთ შედეგი. დღეს ნაცმოძრაობა ძალიან წამგებიან ნაბიჯებს დგამს და ეს მას აზარალებს თუნდაც საკუთარი ამომჩრევლის თვალში. ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო დონის შენიშვნებს…
– ამ მხრივ სერიოზული საყვედურები ისმის. ბოლო კი იყო ამერიკელი სენატორების მწვავე წერილი.
– ეს სენატორების წერილია და არა – ოფიციალური ამერიკის პოზიცია.
– და ეს მნიშვნელოვანი არ არის? თქვენ სერიოზულად არ აღიქვით?
– დრამატულად არ აღვიქვი. თორემ ხანდახან პატარა ბავშვის ნათქვამიც სერიოზულად უნდა აღიქვა, გააჩნია, შიგ რა არის ჩადებული.
დღეს ამერიკა და მთლიანად დასავლეთი დაინტერესებული არიან იმაში, რომ საქართველო გახდეს დასავლური პოლიტიკის პლაცდარმი შავი ზღვის სანაპიროზე. ანაკლიის პორტი არის ამის სიმბოლო. ამ ფონზე, საქართველოში დესტაბილიზაცია დასავლეთს არ აწყობს, ეს აწყობს მხოლოდ რუსეთს.
– ამით საით მიანიშნებთ, რომ ოპოზიცია თამაშობს რუსეთის თამაშს?
– მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ისე აკეთებს, რომ ვერ ხვდება. თუკი დასავლეთი უარს იტყვის დღევანდელ ხელისუფლებაზე, საქართველოზე იტყვის უარს აქედან გამომდინარე, თუკი მოსახლეობა უარს იტყვის ხელისუფლებაზე, მომავალ არჩევნებში ამომრჩევლის ხმები გაიფანტება უამრავ პარტიაში და შეუძლებელი გახდება მთავრობის ფორმირება. ვინ იქნება ამით კმაყოფილი?! დასავლეთი თუ რესეთი? რა თქმა უნდა, რუსეთი. თუმცა ოპოზიციის ეგზალტირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ისინი ამას ვერ აცნობიერებენ.
შეიკრიბნენ რამდენიმე დღის წინ, ითათბირეს, ითათბირეს, გამოვიდნენ და მოგვახსენეს, “ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნება უნდაო. რისთვის დაკარგეს რამდენიმე საათი, ეს დასკვნა რომ დაედოთ? ეს ისედაც ყველამ ვიცით. რომელ ხელისუფლებას ეთმობა სავარძელი?!
ამიტომ ამ ინტელექტუალური პასაჟებით არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ხვდებოდნენ, რა მასშტაბის პროცესები აქვთ თვითონ წამოწყებული და რა მასშტაბის შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს.
– რა უნდა გადაუგდოს ხელისუფლებამ ოპოზიციას, რომ დაიყოლიოს და ქუჩის აქციები შეაწყვეტინოს?
– ერთი გადაგდება არის დიალოგი. მეორე გადაგდება უკვე გვიანია, რადგან ეს ერთხელ უკვე გადაუგდო და ეს იყო პროპორციული სისტემა.
– გადაუგდო, მაგრამ უკან წაიღო, მოატყუა. ახლა რამდენად წამოეგება იგივე ანკესზე ოპოზიცია?
– დიახ, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ხელისუფლებამ ეს საკვები უკან წაიღო და ამაზე გამწარდა ყველა. ოპოზიციაც და უცხოეთიც.
– ასევე პოზიციის ნაწილიც.
– დიახ, პოზიციის დიდი ნაწილიც. რაში სჭირდებოდათ ეს ნაბიჯი, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
– რაში და დათვალეს, რომ ამ სისტემით არჩევნებს ვერ იგებდნენ. ასე არ არის?
– დათვლა საკმაოდ კონკრეტული რამეა. თუკი ის ვერ იგებდა არჩევნებს, გასარკვევია, რა იგულისხმება არჩევნების მოგებაში. თუკი იგულისხმება კოალიციური მთავრობა, ისეთი, სადაც წამყვანი როლი და პოზიციები მაინც “ოცნებას” ექნებოდა, მაშინ ეს მაინც მოგებაა. ამიტომაა გაურკვეველი ჩემთვის, რა ნაბიჯი გადადგა “ოცნებამ”.
ახლა იგივე კერძის უკან დაბრუნება, პროპორციულს ვგულისხმობ, ნაციონალებს და დანარჩენ ოპოზიციას მისცემს იმის ძახილის საშუალებას, ჩვენ გავიმარჯვეთო და გამარჯვების გვირგვინი ბევრ ხმას მოუტანს ოპოზიციას.
– არც არის მზაობა, რომ “ოცნებამ” ეს მსუყე ლუკმა უკან დააბრუნოს.
– ამიტომ არა მგონია, პროპორციულზე გადასვლა ამ ფორმით, რასაც ოპოზიცია სთავაზობს, შესაძლებელი იყოს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ შეიმუშაონ რაიმე ისეთი ფორმა, რაც ოპოზიციის დაწყნარების საშუალებად იქცევა.